Skip to content

ავტორიზაცია

ერთი ნაბიჯი ხელმისაწვდომი ჯანდაცვისკენ


სიახლეები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების სადაზღვევო პაკეტში იმის მანიშნებელია, რომ ჯანდაცვის სექტორში სისტემური ცვლილებები იწყება.
 თემო ბარძიმაშვილი

სამი თვის წინ სოციალურმა მუშაკმა კარინე ხითარიანის სიღარიბე 48 ათასი ქულით შეაფასა. ეს ქულა იმას ნიშნავს, რომ მარტოხელა ქალბატონს, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობს და სახლიდან ნივთების გაყიდვით ირჩენს თავს, ამიერიდან წამლების შეძენაში სახელმწიფო დაეხმარება. კარინეს ყოველთვიურად მხოლოდ ოცი ლარის "დიაბეტონი" სჭირდება. ახლა ამ ოცი ლარიდან ათს, მის ნაცვლად, სახელმწიფო გადაიხდის. ხითარიანის ჯიბეს ეს შეღავათი ხუთი თვის განმავლობაში დაეტყობა, რადგან მედიკამენტების 50-პროცენტიანი თანადაფინანსების სქემაში სახელმწიფო ყოველ დაზღვეულზე ერთი წლის განმავლობაში 50-ლარიან ლიმიტს აწესებს.

"ეს კარგია, მაგრამ მე ვერაფერს მიშველის. "დიაბეტონი" მუდმივად უნდა მივიღო. ხუთი თვის შემდეგ, როცა თანადაფინანსება შეწყდება, რა უნდა ვქნა?" - ამბობს კარინე ხითარიანი.

ეს თანხა რომ მწირია, ჯანდაცვის სამინისტროშიც იციან, მაგრამ სახელმწიფოს ამ დროისთვის მხოლოდ ამდენის შეთავაზება შეუძლია. კონკრეტული მონაცემები არ არსებობს, უმწეოთა პროგრამაში ჩარიცხული 55 ათასი ოჯახიდან ვის რა ფასიანი წამლები რა ხანგრძლივობით სჭირდება, ამიტომ სხვაგვარი სქემის მოფიქრება შეუძლებელი იყო.

საერთაშორისო ფონდის "კურაციოს" ხელმძღვანელი გიორგი გოცაძე ფიქრობს, რომ მსგავსი მონაცემების მოპოვებას ხელს შეუწყობს სარეცეპტო სქემის შემოღება. ამ სქემის დამკვიდრებას კი სოციალურად დაუცველი ადამიანების ახალი სადაზღვევო პირობებიც ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წამლების 50 პროცენტს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურებენ, თუკი მედიკამენტი პაციენტს ექიმმა გამოუწერა.

თუმცა, როცა საქმე ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტზე მიდგება, ახალი პრობლემა ჩნდება. იმის გამო, რომ ექიმები ხშირ შემთხვევაში ფარმაცევტულ კომპანიებთან არიან გარიგებულნი, პაციენტებს წამლებს ფარმაცევტული კომპანიების ინტერესის გათვალისწინებით უწერენ და ძალაუნებურად მონაწილეობენ ფარმაცევტულ ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებაში. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივით აპირებს ამ გარიგებებთან დაპირისპირებას. სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი სოფო ლებანიძე კი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებას ხელს უკვე ისიც შეუწყობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ გენერიკული სახელწოდებების მედიკამენტებს დაუფინანსებს მოსახლეობას და არა წამლებს - კონკრეტული ბრენდის მიხედვით.

ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, ეს წინაპირობა პოზიტიური სიახლეა, თუმცა ამ სექტორში მდგომარეობის ბოლომდე გაჯანსაღებისთვის - მაინც არასაკმარისი. "ის, რომ დანიშნულება მოხდება გენერიკული სახელწოდებებით და ეს გამორიცხავს ექიმთა კომერციალიზაციას, გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ წამლების გენერიკებისა და არა ბრენდების მიხედვით დანიშვნა ექიმებისთვის დღესაც სავალდებულო ნორმაა, მაგრამ მაინც არ სრულდება; პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, რამდენადაც გენერიკული დანიშნულებით მისული პაციენტი უკვე აფთიაქის გავლენის ქვეშ ექცევა, სადაც საკუთარი წამლების გასაღებაა პრიორიტეტული", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი თინა ტურძილაძე.

ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უმწეოთა პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი რომ გახდეს და ფარმაცევტულ ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენცია მოისპოს, დამატებითი მექანიზმების ამოქმედებაა საჭირო. პირველ რიგში კი, უნდა დარეგულირდეს მედიკამენტებზე მონოპოლისტური ფასები. გაბერილ ფასნადებს დროთა განმავლობაში ნაწილობრივ მაინც შეამცირებს საქპატენტისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული მედიკამენტების შემოტანის ექსკლუზიური უფლება გაუქმდა და ბაზარზე მალე გაჩნდება ერთი და იგივე დასახელების წამლის რამდენიმე შემომტანი.

ეს რამდენიმე სიახლე მკაცრ მონიტორინგს, დამატებით ბერკეტებსა და თანმიმდევრულობას საჭიროებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა მხოლოდ ქაღალდზე დეკლარირებულ პრიორიტეტად კი არ დარჩეს, არამედ რეალურად გახდეს ხარისხიანიც და ხელმისაწვდომიც, თუნდაც - კარინე ხითარიანისთვის.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.