ლევანს სიარული უჭირს, წყალში კი თევზივით არის. ბექა ცალ ხელს საერთოდ ვერ ამოძრავებს, მაგრამ უკვე ტივტივას გარეშე ცურავს.
წყალი და უწონადობის მდგომარეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს იოლად მოძრაობის საშუალებას აძლევს. ცურვა მათთვის საუკეთესო ვარჯიშია.
"სკა" საკმაოდ დიდი აუზია. ცოტა ბნელა და რამდენიმე ადგილას ჭერიდან წყალი წვეთავს. აუზის გარშემო რკინები დაჟანგულია. შედარებით ძველი და ნაკლებად პრესტიჟული აუზია, თუმცა კლიენტები საკმაოდ ბევრი ჰყავთ და ჯერჯერობით ინვალიდობის მქონე ბავშვების შემყურე აქედან არავინ "გაქცეულა".
უკვე 10 წელია, რაც "სკაზე" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დაჰყავთ. აუზმა 3 ხელმძღვანელი გამოიცვალა, თუმცა ამ ბავშვებისთვის პრობლემა არც ერთს არ შეუქმნია. "თავიდან, მართალია, ხალხი წყლიდან არ ამოდიოდა, მაგრამ ეცოდებოდათ ბავშვები და მჭირდებოდა ახსნა, ვინ არიან და რატომ არიან აქ", - ამბობს ბელა, ცურვის ინსტრუქტორი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს პირველივე დღიდან ავარჯიშებს.
"ლიბერალმა" და "პირველმა ნაბიჯმა" (ფონდი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ზრუნავს) ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. საინტერესო იყო, რა პასუხს გაგვცემდნენ პრესტიჟული და შედარებით ნაკლებად პრესტიჟული აუზების მეპატრონეები, კითხვაზე - შეუშვებენ თუ არა ივნალიდობის მქონე პატარებს თავიანთ აუზზე. გაირკვა, რომ ან საერთოდ არ შეუშვებენ, ან ძალიან ადრე დილით, როცა მათ ვერავინ დაინახავს.
"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის დრო არ არის!" - დამფრთხალმა უპასუხა "პირველი ნაბიჯის" სოციალურ მუშაკს დიღმის აუზის დირექტორის მოადგილემ.
რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ამ აუზზე მშობლებმა თავინთი ბავშვების გვერდით წყალში ინვალიდობის მქონე პატარებიც დაინახეს, შვილები აუზიდან სასწრაფოდ ამოიყვანეს.
ამ უსიამოვნო ამბის მოყოლის შემდეგ დიღმის აუზის დირექტორის მოადგილე საბოლოოდ დათანხმდა ბავშვების მიღებას, ოღონდ ერთი პირობით: "დილის საათებში შესაძლებელი იქნება - გადავკეტავთ იმ დროს აუზს, არავის არ ავუშვებთ".
აუზი არენდით აქვს აღებული და კლიენტების დაკარგვის ეშიანია.
ვაკის იდეალურად სუფთა აუზის ფოიეში ნესტის სუნი არ დგას. ვიტრაჟს მიღმა დიდი, მიმზიდველი, ლივლივა წყალი მოჩანს. ყვითელ, წითელ და ლურჯსამკლაურიანი გოგოები და ბიჭები წყალში ჭყუმპალაობენ. ვიტრაჟიდან ძვირფასი ტრენაჟორებიც მოჩანს. ეს ყველაზე პრესტიჟულ აუზად ითვლება თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ძვირი ღირს, საკმაოდ ბევრი კლიენტი ჰყავს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიღებაზე აქ კატეგორიული უარი თქვეს.
"ვერ მივიღებთ. ჯერ ერთი, აქ მოსულ ყველა ადამიანს ცნობა უნდა ჰქონდეს, რომ არის პრაქტიკულად ჯანმრთელი. მათ კი ეს ცნობა ვერ ექნებათ. შესაბამისად, გამორიცხულია; თანაც, აქ თავისუფალი შესვლაა და ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, რომ რამე არ მოხდება". სოციალურმა მუშაკმა ბავშვებზე პასუხისმგებელი პირების დასწრებაც შესთავაზა. "სხვა ინსტრუქტორებს როგორ შემოვუშვებ, თუ ისინი ჩემთან არ მუშაობენ?!" - უპასუხა გაოგნებული სახით მენეჯერმა.
პოლიკლინიკებში ჯანმრთელობის ცნობას კეთილსინდისიერადაც რომ იძლეოდნენ, მენეჯერმა, ეტყობა, არ იცის, ან არ უნდა, რომ იცოდეს - შესაძლებლობების შეზღუდვა არც ქლამიდიაა და არც სოკოვანი დაავადება, რომელიც სხვა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ეს სოციალური დაბრკოლებების არსებობაა, რომელიც ამ ადამიანებს ყველა ფეხის ნაბიჯზე ექმნებათ, მათ შორის, ვაკის აუზის შესასვლელის კიბეებზეც, სადაც პანდუსი არ არის და ეტლით ასვლა შეუძლებელია.
დაბრკოლებები "ლაგუნა ვერეს" შენობაშიცაა. შესასვლელთან ბარიერები არ არის, მაგრამ აუზამდე მისასვლელად კიბეებია გასავლელი. ეტლით მოსიარულე ადამიანებისთვის საშხაპეებში შესვლაც და გარეთ, აუზამდე გასვლაც რთულია.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ხსენებაზე ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელები გაასავსავა და უარით გვისტუმრებდა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება დირექტორს მიანდო. დირექტორი კი ნაკლებად კატეგორიული იყო, თუმცა მასაც, ისევე როგორც აუზის სხვა მფლობელებს, ურჩევნია, ისეთი დრო შეარჩიოს, როცა აუზი ცარიელია.
"ლაგუნა ვერეს" დირექტორი იხსენებს, როგორი ჩოჩქოლი ატყდა ერთხელ, როცა აუზზე კაცი შევიდა, რომელსაც ცალი ფეხი არ ჰქონდა. "ჩემი კლიენტები აქ დასასვენებლად მოდიან და ასეთი ბავშვები რომ შემოვიყვანოთ, დაიზაფრებიან. ჩვენი საზოგადოება ჯერ ამისთვის მზად არ არის".
ვაკის აუზზე არანაკლებ პრეტიჟულ და მიმზიდველ "ნეპტუნში" დირექტორი არ დაგვხვდა. ადმინისტრაციამ კი აუზზე გასასვლელი კიბე დაგვანახა, რის გამოც, იქ ეტლში მსხდომი ადამიანების შესვლა შეუძლებლად მიიჩნია.
"დაუშვებელია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება ... შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობრივი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ... მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს", - წერია შეზღუდული შესაძლებლოების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონში.
კანონის დარღვევის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა უწყებამ უნდა შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და პასუხისმგებელი პირი დაახლოებით 800 ლარით დააჯარიმოს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი 10 წელზე მეტია, ძალაშია, ჯარიმას არც ერთი კერძო და სახელმწიფო პირი არ იხდის. მარტივი მიზეზის გამო, ჯანდაცვის სამინისტროში ასეთი განყოფილება არ არსებობს.
2006 წლიდან მოყოლებული ომბუდსმენის ყველა ანგარიშში არის რეკომენდაციები, რომ განისაზღვროს ის ორგანო, რომელსაც ექნება ჯარიმის ოქმის შედგენის კომპეტენცია, თუმცა, დღემდე არაფერი შეცვლილა.
ჯანდაცვის სამინისტროში ისეთი განყოფილება რომც გაიხსნას, რომელიც "კანონის დამრღვევებს" დააჯარიმებს, ზოგიერთი ისევ კანონის დარღვევას და ჯარიმის გადახდას ამჯობინებს. ბიზნესმენისთვის 800 ლარის გადახდა უფრო იოლია, ვიდრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ამჟამად სახელმწიფო აფინანსებს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზის რეკონსტრუქციას. აქ წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მოემზადება. სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჭანიშვილი აცხადებს: "არ ვიცი, არის თუ არა ამ აუზზე გათვალისწინებული პანდუსების დამონტაჟება, ამაზე საუბარი არ ყოფილა". ეს პასუხი გვაფიქრებინებს, რომ პანდუსები პროექტში არ უნდა იყოს.
ვიდრე შენობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, აუზები კი ადაპტირებული, "პირველი ნაბიჯის" ბავშვები ისევ ნესტიან "სკაზე" იცურავებენ.
"ლიბერალმა" და "პირველმა ნაბიჯმა" 6 საცურაო კომპლექსს მიაკითხეს. მათგან ინვალიდობის მქონე ბავშვების მიღებაზე დაუფიქრებლად მხოლოდ ერთადერთი აუზის ხელმძღვანელობა დაგვთანხმდა. პატარა და ძველი აუზი ყაზბეგის გამზირზე მზადაა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღოს.
კომენტარები
Nata (შეუმოწმებელი), მარტი 7, 2010, 11:31:09
xatia (შეუმოწმებელი), მარტი 8, 2010, 20:09:14
ახალი კომენტარის გამოქვეყნება