"სტატუს ქვოს" მცველები
ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ აღარ თუ ვეღარ ვწერთ ყოველკვირეულ ბლოგს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე. უდროობა არგუმენტია, მაგრამ - არასერიოზული. მგონი, სხვა რამეშია საქმე.
პირველი თვე, BBC-ის სემინარებამდე, დიდწილად საორიენტაციო იყო და ნელ-ნელა ვაცნობიერებდით, რასთან გვქონდა საქმე. სად იყო მთავარი პრობლემა, რა თუ ვინ იყო სტატუს ქვოს მთავარი მცველი. ამ ხნის მანძილზე, საბჭოს ახალი და ძველი წევრები თითქოს კბილს ვუსინჯავდით ერთმანეთს, ღელავდა, შფოთავდა და ნერვიულობდა თავმჯდომარე, ვრეაგირებდით, ვღელავდით და ვშფოთავდით ჩვენც. ყველა კამათი კონფრონტაციით მთავრდებოდა, საბჭო კი ალთას რჩებოდა, ადმინისტრაცია - ბალთას.
6 კვირის თავზე, დიაგნოზი თითქოს დავსვით: ვიდრე ყველაზე მთავარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხარისხსა თუ ადექვატურობას მივადგებით, იქამდე ელემენტალური მექანიზმებია ასამუშავებელი, ის ბერკეტები, რომლის გარეშეც საბჭოს ვერანაირი გავლენა ვერ ექნება არხის მართვაზე, და იმ რეალურ პროდუქციაზე, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს. იქამდე ყველა კამათი დაახლოებით ასე მთავრდება: „ეს შენ არ მოგწონს, თორემ ისე, კარგია".
საუბრები საბჭოში და საბჭოს მიღმა დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, ოღონდ უშედეგოდ. შედეგების მისაღწევად კი, მთავარი საკითხების ირგვლივ, საბჭოს კონსოლიდირებაა საჭირო. ადმინისტრაციის ფინანსური ანგარიშგება საბჭოსთან, ეფექტური მართვის მექანიზმების დამკვიდრება (რის გარეშეც წარმოუდგენელია ეფექტური ხარჯვა და ხარჯვის კონტროლი), საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა არხების კონცეფციის განსაზღვრა და გამიჯვნა, შინაარსობრივი ხარისხის შეფასების სისტემის დამკვიდრება და პროგრამული პრიორიტეტების რეალურად შესრულების ვალდებულებები... ამ ბერკეტების გარეშე, საბჭო ვერ იმუშავებს. ამიტომ პირველი ნაბიჯებიც ამ ბერკეტების შექმნაა.
ყველაზე დიდ დისკომფორტს ის მიქმნის, რომ იმდენად დავკავდით სისტემური ამოცანებით, თითქმის ვერ ვადევნებთ თვალყურს საზ. მაუწყებელში ყოველდღიურად მიმდინარე მოვლენებსა თუ საკითხებს. მაგალითად, „ეუტელსატთან" დაკავშირებულ პრობლემებს, ან მეორე არხზე მიმდინარე პროცესებს „ენ-დი-აისთან" გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ, ან რადიოში კადრების შემცირების პროცესის დაწყებას. იმის გამო, რომ აუწყობელია კომუნიკაცია საბჭოსა და ადმინისტრაციას შორის, თუ კარდაკარ არ იარე, ან აპრიორი „რჩეულთა რიცხვში" არ ხარ, ან ცვლილებების მომლოდინე მაუწყებლის თანამშრომელმა არ შეგაწია სიტყვა კიბეებზე, ვერ გაიგებ, რელურად რა ხდება.
ამის გამო, ხშირად მიჩნდება ხოლმე იმის განცდა, რომ ვიდრე ჩვენ გრძელვადიანი ამოცანების სიას ვადგენთ, ქარავანი თავისთვის მიდის - „მოამბე" მხოლოდ ზედაპირულად იცვლება, ნდობის ხარისხის კოეფიციენტებიც უცვლელია და პირველი არხის რეიტინგებიც. ჯერ-ჯერობით ვერანაირ უნიკალურ თუ ხარისხიან პროდუქტს საზოგადოებრივი მაუწყებელი (გამონაკლისი მხოლოდ „წითელი ზონაა") მაყურებელს ვერ სთავაზობს და შესაბამისად, ლოალურ მაყურებელს, თუნდაც მცირერიცხოვანს, ვერ იჩენს.
ამ დროს, რაზე ბჭობს საბჭო? მაგალითად წინა სხდომაზე, მივუბრუნდით „დათქმით" დამტკიცებული ბიუჯეტის გადახედვას და 3 საათის განმავლობაში იმაზე ვიდავეთ, სწორად იყო თუ არა წარმოდგენილი ინფორმაცია მეიჯარეების შესახებ. პრინციპული საკითხი იყო, ფინანსური დირექტორის კომპეტენციას და ზოგადად, ადმინისტრაციის კომპეტენციას აყენებდა ეჭვქვეშ, მაგრამ 3 საათი უნდა გვებჭო იმაზე, საჭირო იყო თუ არა ერთი გრაფის დამატება ცხრილში? როგორც კი გამკაცრდა ჩვენი ფორმულირება, რომ ინფორმაციას ან ისე წარმოადგენდნენ, როგორც საჭირო იყო ან არადა დადგებოდა დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, პანიკა ატყდა და გია ჭანტურიაც მალევე გამოჩნდა. ჩვენდა საბედნიეროდ, ჭანტურიას ახლდა მისი მოადგილე ადმინისტრაციის საკითხებში, მაია ბიჭიკაშვილი, რომელმაც ზუსტად 1 წუტში გაიგო, რას ვითხოვდით, და აყალ-მაყალიც დაშოშმინდა. თუმცა, ლიკა ჩახუნაშვილმა ისეთი მძიმე შთაბეჭდილებები მიიღო ამ ყველაფრისაგან, შაკიკის შემოტევა დაემართა. მართლა. (თუ მაღალი ფროფესიული კულტურის მქონე დაწესებულებაში გაქვს ნამუშევარი, საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა სერიოზული გამოწვევაა).
აქვე ერთი რამ მინდა ვთქვა, და არა მხოლოდ მათი გულის მოსაგებად - მოხიბლული ვართ ბაკურ სულაკაურის პრინციპულობითა და ბრძოლისუნარიანობით, ასევე ბატონ დავით კანდელაკის გონიერებით. მიუხედავად იმისა, რომ ბაკური საზოგადოებრივი არხის არსებობის აუცილებლობას საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს („იქ სადაც ადამიანები სადარბაზოს არ ალაგებენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იარსებებს") , ეს არ აკნინებს მის მოტივირებულობას და მასთან ერთად მუშაობა ერთი სიამოვნებაა. იმედია, ნელ-ნელა გაიზრდება ჩვენი თანამოაზრეებისა და მეგობრების რიცხვი საბჭოში. ამის პოტენციალი, ვფიქრობთ, არსებობს.
მთავარი დილემა ისაა, რომ ხელშესახები ცვლილებების განხორციელებას კონკრეტული მიზნები, საბჭოს მოქმედების სწორი სტრატეგია და დრო სჭირდება. მაგრამ თუ მექანიზმები დამკვიდრდა, პერსონალიები მეორეხარისხოვანი გახდება, გარკვეულწილად მაინც. და ეს უკვე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. „პირველ ახზე" როდის მოგინდებთ გადართვა? უახლესი თვეების განმავლობაში, ალბათ, ისევ არა.
პ.ს. გამოცხადებულია კონკურსი 2 ვაკანტურ ადგილზე საბჭოში. ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ წევრებს იმაზე მეტი ამბიცია ამოძრავებდეთ, ვიდრე კენჭისყრის დროს თამჯდომარისკენ გახედვა და ხელის აწევაა. ამიტომ, ამბიციურო და პროგრესის მოსურნე ადამიანებო, იაქტიურეთ, თუ შეიძლება.
პ.ს.ს. ერთი ამბავი. BBC-ის სემინარების პარალელურად, 2 კვირის განმავლობაში რობერტ პარსონსი „მოამბის" მუშაობას აკვირდებოდა, რის მერეც დაწერა ანგარიში, ჩემი ღრმა რწმენით, არარეალისტურად პოზიტიური, მაგრამ ამისათვის არ ვყვები ამ ამბავს. მოკლედ, ამ მონიტორინგის პერიოდში, როგორც რეგიონული მედიის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოგვიყვა, „მოამბის" ჟურნალისტი სოფლიდან-სოფელში შეურაცხადის სახით დარბოდა სიუჟეტების მოსამზადებლად. მისი ასეთი აქტიურობით გაკვირვებულებმა ჰკითხეს, რაშია საქმე, ხომ მშვიდობააო. BBC გვიზის, BBC-იო, უპასუხია!
იმედია, BBC-ი მალე დაბრუნდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. :)
კომენტარები
mata (შეუმოწმებელი), მარტი 8, 2010, 03:35:34
გია მარიამიძე (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 16:11:20
ახალი კომენტარის გამოქვეყნება