საქართველოს ახალი ელჩი გერმანიაში ქართველებს და, განსაკუთრებით, ხელისუფლების წევრებს გერმანიასთან ახლებური ურთიერთობების გააზრებაში უნდა დაეხმაროს.
ეს არის ჩემი მოსაზრებები გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩის, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის მიმართ.
მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვეტყოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ჩვეული თამამი ნაბიჯი გადადგა და ქალბატონი ჰაბსბურგი ბერლინში საქართველოს წარმომადგენლად დანიშნა. ამით დააფასა მისი ხანგრძლივი კავშირები საქართველოსთან და გერმანიის შესანიშნავი ცოდნა. მე არ ვარ გერმანიის ან საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, და დარწმუნებული ვარ, ქალბატონმა ჰაბსბურგმა ამ საკითხებზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე მე ოდესმე ვისწავლი. ამიტომ, ისე ვერ გავკადნიერდები, რომ რჩევა მივცე, მაგრამ დახმარებას კი ვთხოვ.
ვიმედოვნებ, რომ იგი დაეხმარება ქართველებს და, განსაკუთრებით, ხელისუფლების წევრებს გერმანიასთან ურთიერთობების გააზრებაში.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს ლაპარაკი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისზე, „დაშოშმინების პოლიტიკაზე", პოლონეთის დაპყრობასა ან 1938 წლის მიუნხენის კონფერენციაზე. ამ თემებს ზოგიერთი ქართველი ისე ატრიალებს ჰაერში, რომ გერმანელები ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს; უფრო უარესიც, გერმანელები იმდენად თავაზიანები არიან, რომ შეურაცხყოფას ხმამაღლა არ გამოხატავენ, ჩუმად ბრაზდებიან და მათთვის მიუღებელი სიტყვების გაგონების შემდეგ აღარაფერი ესმით.
გერმანიის მიერ მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ გავლილი გზა - ომის წაგების საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოყენება - მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. გერმანიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ომის წაგება, თუ სწორად იქნება გამოყენებული, ერისთვის, საბოლოოდ, დადებითი კარმის მომტანია. საქართველოს ომების წაგების დიდი ისტორია აქვს, მაგრამ საკუთარი თავის გაანალიზებისა და მასზე სწავლის გამოცდილება - ნაკლები. ამიტომ, საქართველოს არც ისეთი ძლიერი პოზიცია აქვს, რომ გერმანია განსაჯოს.
ხანდახან, ქართველები იმდენად გაერთობიან ხოლმე გვიანი 1930-იანი წლების ცენტრალურ ევროპასა და თანამედროვე კავკასიას შორის პარალელების გავლებით, რომ ჰგონიათ, გერმანიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება და ეს რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მხარდაჭერით უნდა გამოიხატოს. სინამდვილეში, ეს მოსაზრება მცდარია. ჰაბსბურგების მმართველობა დაახლოებით 90 წლის წინ დასრულდა დიდი ომით, რომელიც თავიდან პატარა ევროპულ ქვეყანაში მცირე შეტაკებებით დაიწყო. მათ არც ეს დავიწყებიათ.
ზოგიერთი თბილისური დისკუსიის დროს შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ბერლინის ნახევარი მოსახლეობა კრემლისგან ფინანსდება. უდავოდ უამრავი ფული მიედინება გაზპრომიდან და რუსეთიდან გერმანიაში, ღიად თუ ფარულად, ისევე, როგორც ვაშინგტონიდან - თბილისში. მიუხედავად ამისა, ზოგიერთები თბილისში ოდნავ ჩქარობენ, როდესაც ყველას, ვინც სიტუაციის გააზრების მათ ვერსიას არ ეთანხმება, რუსეთის აგენტებად მოიხსენიებენ. ეს არ უწყობს ხელს ურთიერთგაგებას.
საქართველომ უკეთ უნდა გაიგოს ის, თუ როგორ აღიქვამს გერმანია საკუთარ როლს მსოფლიოში. მას აქვს ამერიკისგან განსხვავებული ისტორია და გეოგრაფია, იგი თავის როლსაც შესაბამისად ხედავს. მაგალითად, მთელი მსოფლიო ელოდება, თუ როგორ გადაარჩენს გერმანია საბერძნეთის ეკონომიკას, რომ არაფერი ვთქვათ ესპანეთის, იტალიის და პორტუგალიის ეკონომიკებზე. რა კავშირშია ეს გერმანიის მიერ საკუთარი როლის აღქმასთან? როგორ იქცნენ გერმანელები ევროპის პრობლემების მომგვარებლებლად? არის თუ არა ეს ის, რადაც მათ უნდათ, რომ იქცნენ?
აყვავებული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო გერმანიის ინტერესებში შედის, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ მაგალითი, იმის ნაცვლად, რომ მათ საგნების ჩვენეული აღქმის გაზიარება ვაიძულოთ. ეს მოსაზრება უკეთ უნდა გავაანალიზოთ. საქართველოს ახალ ელჩს შეუძლია, რომ სწორედ ამაში დაგვეხმაროს. იმედი ვიქონიოთ, რომ იგი ისეთივე მონდომებით დაელაპარაკება საქართველოს, როგორც გერმანიას.
კომენტარები
გაგა (შეუმოწმებელი), მარტი 8, 2010, 19:20:51
თორნიკე (შეუმოწმებელი), მარტი 8, 2010, 20:04:17
სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 8, 2010, 20:18:03
სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 8, 2010, 20:19:05
რიბერი (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 03:27:47
გურამი (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 06:04:41
სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 07:41:51
vaso (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 09:45:16
რიბერი (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 13:03:59
gega (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 16:11:15
ახალი კომენტარის გამოქვეყნება