Skip to content

ავტორიზაცია

პოპერების ქვეყანა, რომელსაც კარლ პოპერის იდეებით აბოლებენ

მარტი 8, 2010 ირაკლი კაკაბაძე

ბურჟუა ლიბერალების კრიტიკა მარცხნიდან

დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ამ წერილის დაწერას, მაგრამ აქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერაფრით მოვახერხე ამის გაკეთება.  აქ მინდა რომ ყოველგვარი პოლიტ-კორექტულობის გარეშე გულწრფელად ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და რისიც მწამს.  პოლიტ-კორექტულობა სიმართლის მეგობარი არასდროს ყოფილა და აქედან გამომდინარე გულწრფელად აზრის გამოხატვამ შეიძლება ბევრი ლიბერალიც დაუპირისპიროს ადამიანს და ბევრი კონსერვატორიც.  მაგრამ ამის გამო პირფერობასა და ფარისევლობას აზრი არ აქვს.

პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ მეტად გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ საქართველოში როგორც იქნა ყალიბდება მემარცხენე ტიპის პოლიტიკური აზროვნება.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელს თაობებს ჩემი ჩათვლით შეეყარა რეაქციონიზმის და მემარჯვენეობის დაავადება, რამაც გამოიწვია არაჯანმრთელი ნაციონალიზმის, მილიტარიზმის, სოციალური დარვინიზმის თუ რელიგიური ფუნდამენტალიზმის მოძლიერება ზოგადად ჰუმანისტური აზროვნების ხარჯზე.  როგორც ცნობილმა მსახიობმა მერაბ ნინიძემ ძალიან ენამოსწრებულად თქვა საქართველოს დასჭირდა 'ხელახლა დაბადებული ჰუმანისტები" (born again humanist) იმისათვის რომ მეტად მარტივი ჭეშმარიტებები ხელახლა შეეთვისებინა.  თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი რომ დღევანდელ საქართველოში ანტი-ჰუმანისტური და რეაქციული იდეები არ მძვინვარებს, თუმცა იმ ახალგაზრდების გამოჩენა, რომელიც ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სიბნელეს აზრიანად და არგუმენტირებულად უპირისპირდება ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა.  მიუხედავადა იმისა რომ პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი შუასაკუნეების ენაზე მეტყველებს ნამდვილად სასიხარულოა რომ სააზროვნო სივრცეში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ბნელ დოგმებთან დაპირისპირებისა არ ეშინიათ.

ყველა ჯანმრთელი საზოგადოებისათვის საჭიროა აზრთა სხვადასხვაობა და სადაც მემარჯვენე მოძრაობები არსებობს, მემარცხენეც აუცილებელია.  90-იანი წლების მიძინების პერიოდიდან 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში საქართველო პირდაპირ რეაქციონიზმის ტყეში გადაიჭრა, სადაც უკიდურესი მილიტანტური ნაციონალიზმი და ბნელი ფუნდამენტალიზმი სრულიად დომინირებდნენ ადამიანების შეგნებას.  ჩემი თაობის ძალიან ბევრ წარმომადგენელს, ჩემი ჩათვლით, აღმოაჩნდა უამრავი კონსერვატიული მოსაზრება, რომლებმაც საბჭოთა ბოლშევიზმის დამარცხების შემდეგ მთელი ძალით ამოხეთქა.  ჩვენ თითქოს საბჭოთა სისტემის მსხვერპლნი ვიყავით ჩვენი რეაქციის მხრივაც - ჩვენ საკუთარი რეაქციული იდეებით ხშირად ვემსგავსებოდით ნეო-ფაშისტურ საზოგადოებას, სადაც ნეოლიბერალი დიქტატორი პინოჩეტი და ავტორიტარი ფუხიმორი იყვნენ ყველაზე დიდი პოლიტიკური ავტორიტეტები.  საინტერესოა რომ ზოგიერთი ამერიკელი ნეოკონსერვატორის ავტორიტეტებს შორის თურმე ვლადიმერ ლენინიც შედიოდა, როგორც 'ძლიერი ხელის' კარგი სიმბოლო.

მილიტარიზმი და ნაციონალიზმი ერთ-ერთი მთავარია ჭირია ჩვენი თაობის - სადაც უხეშ ძალას ვეთაყვანებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ გვქონდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლის საშუალება.  სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ უფრო და უფრო დიდი თანხები მიდის შეიარაღებაში.   სამაგიეროდ განათლების ბიუჯეტი მეტად მოკრძალებულია - მასწავლებლების ხელფასებზე საზოგადოება არ ფიქრობს.   ეს თითქოს ნორმალურიცაა - ჰამვიებზე, უზის ავტომატებზე და ყუმბარებზე მილიარდობით ლარის დახარჯვა ნორმალურია და განათლების სფეროს ასეთი მიტოვება არც არავის ადარდებს.   თუმცა ახალი მემარცხენე-ლიბერალური ფრთის გამოჩენის შემდეგ მაინც ჩნდება იმედი რომ ამ საკითხებს ვინმე მაინც დააყენებს დღის წესრიგში.

მაგრამ საინტერესოა, შეძლებს თუ არა ქართული საზოგადოება ბურჟუა ლიბერალიზმის სინდრომის გადალახვას.  ეს ბევრად უფრო რთული საქმეა, ვიდრე ზოგადად მილიტარიზმთან ან ფუნდამენტალიზმთან ბრძოლა.  საქართველო დღეს ხომ პოპერების საზოგადოებააა, რომელსაც კარლ პოპერის იდეებით აბოლებენ და სინამდვილეში ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირების მეტი არაფერი ხდება.  ჩვენ გამუდმებით ერთმანეთს ვჭამთ და ბურჟუა ლიბერალიზმის ტრადიციების თანახმად მთლიანად ვივიწყებთ ქართული საზოგადოების სუბალტერნს - მოსახლეობის იმ 80 პროცენტს, რომელიც პოლიტიკოსებისათვის მხოლოდ არჩევნების გაყალბებისათვის საჭირო სტატისტიკაა.  ეს ადამიანები მემარჯვენეებისაგანაც და მემარცხენეებისაგანაც მიტოვებულნი არიან და წვალებაში ელოდებიან სიკვდილს.  ამ დროს კი ჩვენი ბურჟუა ლიბერალები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ სექსუალური საკითხების განხილვაში - ანუ 'ვინ ვის შეუყო და სად შეუყო' ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ დისკურსისათვის, ვიდრე ის რომ ყოველ დღე ათასობით ადამიანი სიღატაკეში ავად ხდება ან სულაც კვდება იმისა გამო რომ მას ელემენტარულად ჭამის ფული არ აქვს ან კი წამლების ყიდვის.  ანტონიო გრამშის ტერმინოლგიით რომ ვილაპარაკოთ "ბიურგერულმა კულტურულმა ჰეგემონიამ' მაქსიმალურ შედეგს მიაღწია - დღევანდელი პოლიტიკური დისკურსისათვის სუბალტერნზე საუბარი საერთოდ აღარ არის 'მოდაში'.  პირიქით, დღევანდელი ბურჟუა ლიბერალები (მემარცხენეც და მემარჯვენეც) ძალიან დიდ დროს უთმობენ იმის ანალიზს, რამდენად უნდა იმსახურონ ჯარში ჰომოსექსუალებმა - იმის თქმას კი ვერავინ ბედავს რომ ჯარი საერთოდ მკვლელობის ინსტიტუტია და მასში სამსახური არც ჰეტეროსექსუალისთვის და არც ჰომოსექსუალისთვის კარგი არ არის.

ცხადია, ნებისმიერი ტიპის რასიზმი, სექსიზმი, ჰომოფობია თუ ქსენოფობია ყველა საზოგადოებას საგრძნობლად სწევს უკან.  ცივილერ საზოგადოებაში ყველას თანასწორი უფლება უნდა ჰქონდეს.  ასევე თანასწორი უფლება უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სნეულებით დაავადებულ ადამიანებს.  მე ერთ-ერთი მათგანი გახლავართ - უკვე 23 წელია მძიმე ფორმის შაქრიანი დიაბეტი ჩემი მუდმივი თანამგზავრია.  ამის გამო თავს არასრულფასოვნად ნამდვილად არ ვგრძნობ - განსხვავებულად კი.   ჟაკ დერიდას 'დიფერანსი' ყველა განსხვავებულ ადამიანს ეხება და სრულფასოვან საზოგადოებაში ყველა ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაებას.  ემანუელ ლევინასის 'სხვა' და მისი მიმღებლობა ნებსიმიერი საზოგადოების მომწიფებულობის გამოსაცდელი ბარიერია.  ღამდენად შეგვიძლია მივიღოთ ეს სხვა (ტჰე Oტჰერ) და რამდენად შეგვიძლია მას თანასწორი უფლებები მივანიჭოთ:  ეს უეჭველად მნიშვნელოვანი კითხვებია.  ყველა ადამიანს აქვს "განსხვავებულობის" უფლება - 'Dიფფერანცე' ყველა ჩვენთაგანის თავისებურების აღმნიშვნელი კატეგორიაა, რომლის გარეშეც ცხოვრება ნამდვილად არ იქნებოდა საინტერესო.

მაგრამ, ამავე დროს რაც პოსტ-მოდერნულმა 'იდენტობის პოლიტიკამ" მოიტანა, ეს არის კლასობრივი საკითხის თითქმის მთლიანი მარგინალიზაცია იდენტობის საკითხის სასარგებლოდ.   მემარცხენე პოლიტიკა ხელში ჩაიგდეს ხშირ შემთხვევაში თავისი არსით მემარჯვენე 'ინტერესთა ჯგუფებმა', რომლებიც კაპიტალისტური კორპორაციების მსგავსად ცდილობენ 'საკუთარი წილი' მოიპოვონ რესურსებისათვის უთანასწორო ბრძოლაში.  Aამ 'ინტერესთა ჯგუფებს' შორის ტრადიციული მოდერნული პროფკავშირების როლი სულაც არ არის წამყვანი, ისევე როგორც ჯონ რიდის და ჰემინგუეის დროს იყო.   კლასობრივი საკითხი ყველაზე მარგინალურად იქცა - დღეს სჯობია გრძელფრჩხილიანთა, ან ტრანსსექსუალთა უფლებებზე ილაპარაკო და ეს საკითხები გაცილებით დიდ ყურადღებას დაიმსახურებს მეინსტრიმული პრესისაგან, ვიდრე 'გლახის ნაამბობი' ან თუნდაც მარქსისა და ენგელსის 'კომუნისტური პარტიის მანიფესტო'.  აღარ არის მოდაში ღარიბების ინტერესების დაცვა - დღეს ხომ საბაზრო ფუნდამენტალიზმის დროა.  ამიტომაც ჩემთვის მაგალითად ნამდვილად დიდი გაბედულებაა ის, რაც ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ გააკეთა შარშან, როდესაც მან ტროცკიზმისა და მარქსიზმის სრულიად მარგინალური თემები წამოჭრა.   მას ხომ თავისუფლად შეეძლო ბურჟუა ლიბერალების წრეში ბევრად უფრო პოპულარული 'გეი-ლესბიან-ტრანსჯენდერ-ბაისექსუალურ' თემებზე მოეთბო ხელი, მაგრამ მან მოუხერხებელი სიმართლის თქმა ამჯობინა.  მიუხედავად იმისა რომ მე პირადად ტროცკის პრუდონს ვამჯობინებ, მიმაჩნია რომ ასეთი გამოსვლები ინტელექტუალური გაბედულების იშვიათი გამობრწყინებებია ქართულ რეალობაში.

ეს პრობლემა მემარცხენე მოძრაობას არა მარტო საქართველოში აქვს.  საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მთელს მსოფლიოში მემარცხენე ნიჰილიზმის პერიოდი დადგა, სადაც ბევრ პოლიტიკოსს სიტყვა 'სოციალიზმის' ეშინია და ბევრი ეგრეთწოდებული მემარცხენე ბიზნესს მეგობრობას უმტკიცებს ტონი ბლეირისა და შროდერის მსგავსად.  ახლაც, ობამას ჯანმრთელობის რეფორმაზე განხორციელებული მემარჯვენე შტურმი, რომელიც მთლიანად კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ იმართება ამ დისკურსის ნაწილია.  როგორც კი კაპიტალიზმის მთავარი პრინციპი - 'ბრძოლა არსებობისათვის' კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მაშინვე მოხდა უზარმაზარი თანხების 'ინვესტირება' 'ანტი-სოციალისტურ' კამპანიაში და შედეგმაც არ დააყოვნა.  სამწუხაროდ, ბიურგერული აზროვნების კულტურული ჰეგემონია მყარად აგრძელებს ბატონობას და ანტონიო გრამშის ეს კონცეფცია დღეს არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე მისი დაწერის ჟამს - შეიძლება მეტადაც.   ჩვენს მედია-საუკუნეში, სადაც სიმულაკრები ბატონობენ რეალურ იმიჯებზე - მეინსტრიმულ მედიას რატომღაც სრულებით 'ავიწყდება' მილიარდობით ღატაკი და სამაგიეროდ რამოდენიმე ასეული პოპ-ვარსკვლავის პირად ცხოვრებას განიხილავს მუდმივად.  დღევანდელ დღეს 'არა-პოლიტ-კორექტულია' ოლიგარქებთან რეალური დაპირისპირება, რადგანაც ოლიგარქებიც ხომ ერთ-ერთი უმცირესობის ჯგუფია.  ბურჟუა ლიბერალურ დისკურსში კი თუ უმცირესობათა უფლებებს ვიცავთ, მაშინ პრივილეგირებული კლასის ინტერესებიც უნდა დავიცვათ.

მე პირადად დიაბეტით დაავადებულთა 'უმცირესობას' ვეკუთვნი და ვფიქრობ რომ ყველა სხვა დაავადებასთან ერთად ამ უმცირესობის წარმომადგენლებსაც უნდა მიეცეთ საზოგადოებაში სრულყოფილად ცხოვრების საშუალება.  ეს ეხება სხვა უმცირესობებსაც:  ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ონტოლოგიურსა და სხვა უმცირესობებს.  მათი დისკრიმინაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს - არც ნეგატიური და არც პოზიტიური.  მაგრამ არის ერთი უმცირესობა, რომელთანაც მე პრობლემა მაქვს - ეს არის სიხარბით დაავადებული პრივილეგირებული კლასის უმცირესობა.  ამ ადამიანების განკურნებას საზოგადოებამ განსაკუთრებით დიდი რესურსი უნდა დაუთმოს და თუ სახელმწიფოს რაიმე ფუნქცია მაინც გააჩნია, მისი ვალია რომ რადიკალური უთანასწორობა ადამიანებს შორის მაქსიმალურად შეამციროს.

ამავე დროს მე ვფიქრობ რომ ახალი მემარცხენე მოძრაობა არ უნდა იყოს აუცილებლად ათეისტურ ფესვებზე მდგარი.  მე პირადად დიდ პატივს ვცემ ბევრ ათეისტს, მაგრამ მიმაჩნია რომ თუ პროგრესულ მოძრაობას რაიმე ღირებული აქვს გაკეთებული, ეს მორწმუნე მემარცხენეთა არანაკლები დამსახურებაა, ვიდრე ათეისტებისა.  მეოცე საუკუნის გამოჩენილ მემარცხენე ლიდერებს შორის მორწმუნე ლიდერებმა მაჰათმა განდიმ, მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორმა, ნელსონ მანდელამ, ოსკარ რომერომ, დალაი ლამამ ვფიქრობ გაცილებით მეტს მიაღწიეს ვიდრე ლენინმა, სტალინმა, მაო ძედუნმა და ფიდელ კასტრომ.  ცხადია, ათეიზმი ისეთივე მრწამსია, როგორც ნებისმიერი სხვა აღმსარებლობა და მისი მიმდევრებისათვის მუდამ ღია უნდა იყოს ნებისმიერი მოძრაობის კარი - მაგრამ არც მორწმუნეთათვის უნდა დაიკეტოს ეს კარი.  თავისუფლების თეოლოგიას კიდევ ბევრი ახალი სიტყვის თქმა შეუძლია მომავალში.

დღეს რუსეთი, საქართველო და პრაქტიკულად მთელი საბჭოთა კავშირი რეაქციული ოლიგარქიული აზროვნების ცენტრებია მთელს მსოფლიოში.  მაშინ როდესაც მთელი განვითარებული სამყარო სოციალური განვითარებისაკენ ნაბიჯებს დგამს პოსტ-საბჭოთა ქვეყნები უფრო და უფრო ღრმად შედიან სოციალური დარვინიზმის და ოლიგარქიული წყობის მორევში, სადაც მხოლოდ 'უძლიერესი' გადარჩება.  სოციალური დაცვის გარეშე, ხშირად ეს 'უძლიერესი' აშკარა ყაჩაღია ან მკვლელი, მაგრამ მისი სიმდიდრისა და ძალაუფლების გათვალისწინებით მასთან დაპირისპირება 'არა-პოლიტკორექტულია' - ეს ადამიანები ხომ 'უმცირესობას' წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა რომ ბურჟუა-ლიბერალურ დისკურსში დღეს არანაირად არ არის მოდაში ამ 'უმცირესობაზე' თავდასხმა, რადგანაც ისინი 'სამუშაო ადგილებს აჩენენ" თურმე, მე მინდა საჯაროდ სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს ტროცკისტ მეგობარ გიორგი მაისურაძეს და განვაცხადო რომ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება სიხარბისა და ძალაუფლების დაავადებისგან უნდა განთავისუფლდეს, რასაც სხვა სიტყვებით 'წარმატებას' უწოდებენ.   ადამიანების მონობისა და სიღატაკის მდგომარეობაში ჩამგდებ კლასს მადლობა ნამდვილად არ ეკუთვნის, სწორედ მათ სჭირდებათ პირველ რიგში მკურნალობა.  ასეთი მკურნალობის კურსებმა საკმაო წარმატებით ჩაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და იმედია ჩვენც ამ სამყაროს შევუერთდებით.

არსებობს უმცირესობები, რომელთა კონდიციაც ვერ შეიცვლება - მათს შორისაა სექსუალური, სქესობრივი უმცირესობები, აგრეთვე ქრონიკული დაავადების კონდიციაში მყოფნი.   მაგრამ, მე ღრმად მწამს რომ სიხარბისა და ძალაუფლების წყურვილის წამალი არსებობს - ეს დაავადებები დიაბეტისა და კიბოს მსგავსად უკურნებელნი არ არიან.

კომენტარები

სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 16:18:33

mgoni, wvalebad ar girda.

სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 16:38:09

namdvilad ar ghirda cvalebad...

სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 9, 2010, 20:42:42

samcuxarod sixarbis, carmatebis da zalauflebis camals chventan ar ezeben. jer mag stadiamde misvlas vcdilobt. kargia, rom dacere.

Guram Nikolashvili, მარტი 11, 2010, 16:38:39

sainteresoa tsvalebad ratom aghiqvamt :)))

Sophia (შეუმოწმებელი), მარტი 11, 2010, 19:47:48

ირაკლი, ნამდვილად საინტერესო სტატიაა და საინტერესო ხედვა. გამიკვირდა, რომ გამოხმაურებები ასე ცოტაა... მე 'ფეისბუკიდან' შევიტყვე - ერთმა პირმა განათავსა, თორემ სტატიას ვერ გავეცნობოდი...

kako (შეუმოწმებელი), მარტი 12, 2010, 17:02:43

davdzliot saymawvilo seni da sehvutiot liberalizms :)))))))

PACHECO (შეუმოწმებელი), მარტი 12, 2010, 18:49:36

Statia saintereso temazea dacerili. Tumca dzalian sustia. Rogorc qoveltvis. Mushaoba ezareba qvelas. Zedapiruli laparaki ki uqvars titkmis qvelas. pacheco

სხვა (შეუმოწმებელი), მარტი 14, 2010, 19:13:08

ძალიან ბევრი წერია ცოტას (თუმცა, მნიშვნელოვანი რაღაცის) სათქმელად - სულ მცირე, ამ აზრით არ ღირდა წვალებად, ანუ, წამკიხველისთვის. რაკი მაინც გავისარჯე, ვიტყვი: 1) მემარცხენე აზროვნების ტროცკის და ლენინის სახელთან დაკავშირება ვის უხარია? ბევრ მემარცხენეს, მათ შორის, მე - არასგზით არა. ერთი, იმტომ, რომ ყველაზე გონებაგახსნილი მემარჯვენეების შემთხვევაშიც კი, მთავარი დაბრკოლება, რომელსაც მათთან კამათისას ვაწყდები, არის მათ თავებში არსებული უმყარესი ასოციაცია მემარცხენე გრძნობებსა თუ აზრებსა და საბჭოეთის ფენომენს შორის. თუ მიპასუხებთ, რომ ეს ძალიან ლოკალური მოსაზრებაა და სინამდვილეში პრობლემას „საბჭოეთის ფენომენის“ სტერეოტიპული, არადიფერენცირებული და არაისტორიული ხედვა ქმნის, კამათს არ დაგიწყებთ. სანაცვლოდ, გეტყვით, რომ, ერთი მხრივ, საბჭოეთის გარკვეული ტენდენციების თუ ისტორიული პერიოდების რეაბილიტაცია და, მეორე მხრივ, მემარცხენეობის იდეის დაცვა ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტებია და არც ერთ მათგანს არ წაადგება მეორესთან გაიგივება - არც წარმოსახვით ნეიტრალურ კონტექსტში და არც, მით უმეტეს, კონკრეტულ ისტორიულად დატვირთულ კონტექსტში. თუ პირველ შემთხვევაში ეს წამოწყება ერთ-ერთ მთავარ ინტელექტუალურ სათნოებას - იდეების სინათლეს და გარკვეულობას - უქმნის საფრთხეს, მეორეში პირდაპირ თვითგამანადგურებელია. მეორეც, იმიტომ, რომ მემარცხენე მგრძნობელობა არ არის იგივე, რაც რომელიმე კონკრეტული ავტორის ან ჯგუფის რაგინდ მნიშვნელოვანი დოქტრინა. მის განვითარებაში სხვადასხვა სახის და ზომის წვლილი სხვადასხვა დოქტრინას თუ სოციალურ მოძრაობას აქვს შეტანილი და ის კიდევ იცვლება და ვითარდება. ამიტომ არა მხოლოდ უფრო კომფორტული, არამედ უფრო ადეკვატურიც არის, რომ საკუთარი მემარცხენეობის დეკლარაცია არ გვავალდებულებდეს, ხელი მოვაწეროთ თუნდაც მარქსის ყველა (ან თუნდაც ბევრ) იდეას, რომ არაფერი ვთქვათ ტროცკისა და ლენინის ახირებებზე. მოკლედ, ფორმულას „მემარცხენე ergo ტროცკისტი“ გამართლება არ აქვს, ხოლო თუ ვინმეს თავისი ტროცკისტობიდან მემარცხენეობა გამოჰყავს, მისი საქმეა - ეს სხვა მემარცხენეებს არაფერს გვავალდებულებს. 2) უცნაური და არასწორია იდენტობის პოლიტიკის მემარცხენეობის იდეასთან დაპირისპირებულად წარმოდგენა (თუ სწორად გავიგე ავტორის პათოსი). იდენტობის პოლიტიკა ნაირსახეობა თუ პროდუქტია იმისა, რასაც უფრო ზოგადად კულტურული მემარცხენეობა (cultural left) შეიძლება ვუწოდოთ (უფრო სწორად, უკვე უწოდა ასე ზოგიერთმა, მაგალითად, რიჩარდ რორტიმ) და რომლისგანაც განასხვავებენ სოციალურ მემარცხენეობას. მემარცხენეობის ფარგლებში დომინაციის სხვადასხვა ღერძს (კლასი, სქესი, რასა და სხვა) შორის ფუნდამენტურობის სტატუსისათვის კონკურენცია უკვე კარგად ცნობილი ამბავია, რომელიც ბევრ საინტერესო კითხვას აღძრავს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მემარცხენეობის საზრუნავი ექსკლუზიურად კლასობრივი უთანასწორობაა. 3) ის მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ავტორმა გვითხრა, მართალია, ცოტა უხეხრულად, ის არის, რომ კლასობრივი უთანასწორობის უსამართლობა მიიჩქმალა შემდეგი სამი ფაქტორის - სხვა სახის უსამართლობათა წინ წამოწევა, გარკვეული პოლიტიკური მოვლენების შედეგად სოციალისტური იდეების დისკრედიტაცია, „ბურჟუაზიულ-ლიბერალისტური“ დემაგოგია - ერთობლივი მოქმედების გამო; და რომ საჭიროა ჩვენს საზოგადოებაში სოციალური უსამართლობის მიმართ მგრძნობელობის გაღვივება. ამის თქმა და ვინმესთვის გაგებინების ცდა კარგი საქმეა. ამ აზრით წერილი, ალბათ, მაინც ღირდა წვალებად.

იოვანე (შეუმოწმებელი), მარტი 17, 2010, 09:10:28

როგორ ხდება მემარცხენედ და მემარჯვენედ დაყოფა? რა არის ძირითადი დამახასიათებელი ამ მემარცხენე აზროვნებისათვის? თუ ეს საკუთრების საკითხია (მიწაზე უფლებას ვგულისხომბ) ანუ მაგალითად გაიყიდოს თუ არა მიწა.. მემარჯვენესათვის პასუხი არის-კი; მემარცხენესთვის მიწა სახელმწიფო საკუთრებაა. თუ ეს ასეა მაშინ ბიბლიაც მემერცხენეა. მოციქულთა თემებიც საერთო საკუტრებით ცხოვრობდნენ.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.