პრეზიდენტის ინიციატივა ნამდვილად დროული იყო. ამ ვალის გამო, ჩვენი ტელეკომპანია დიდხანს გაჩერებული იყო. სამაუწყებლო კომპანია "გურიას" ვალი ოთხმოცდაათიან წლებში დაუგროვდა. ამის მიზეზი ის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი გახდა, რომელიც ამ წლებში რეგიონებში იყო. სამოქალაქო ომისა და საყოველთაო განუკითხაობის პირობებში, რამდენჯერმე გაგვქურდეს კიდეც. გარდა ამისა, ტელეკომპანიებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესსტრუქტურას, იმდენი სახის და იმდენად მაღალი გადასახადები ეკისრებოდათ, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იმ მწირი შემოსავლებით მედიას თან ეარსება და თან გადასახადი ეხადა. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი 31 პროცენტი იყო, არსებობდა სოციალური გადასახადი, ასევე საგზაო გადასახადი და კიდევ უამრავი სახის გადასახადი, რომელთა მნიშვნელობა არც კი ვიცოდით. 2004 წლიდან საგადასახადო სისტემა გამარტივდა. ბევრი საერთოდ აღარ არსებობს, საშემოსავლო გადასახადი კი 20 პროცენტამდე შემცირდება.
ეს ვალები ახრჩობს რეგიონულ ტელევიზიას. 90-იან წლებში დაგროვილი ჩვენი ტელეკომპანიის დავალიანება, თავისი საურავებით 100 ათას ლარს აჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ამ ვალის რესტრუქტურიზაცია, ანუ 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის იანვრამდე ეს დავალიანება გაიყინა, და ჩვენ შეგვიძლია ყველა გადასახადი თავისუფლად ვიხადოთ, მაინც დიდი თანხაა იმისათვის, რომ რომელიმე რეგიონულმა პატარა ტელეკომპანიამ ოდესმე მოახერხოს მისი დაფარვა. გრანტები რომ არ გვქონდეს, მხოლოდ რეკლამებით ვერ ვიარსებებდით.
როგორც რამდენიმე წლის წინ ბიზნესი გათავისუფლდა ამნისტიით, ისევე უნდა გათავისუფლდეს მედია, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ვალები დაფარული არ არის.
ისედაც მწირი ფინანსური შემოსავლების პირობებში პრეზიდენტის ეს ინიციატივა რეგიონებში მედიის განვითარებას შეუწყობს ხელს. მედიის განვითარება კი დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. ცენტრალურ არხებზე ნაკლებად ჩანს, თუ რა აწუხებს რეგიონში მოსახლეობას. ისინი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აშუქებენ რეგიონებს - თუ რაიმე კურიოზი ან სტიქიური უბედურება მოხდა, ან ტრაგედია დატრიალდა, ან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდა. იმას, თუ რა აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, მხოლოდ ჩვენ ვაშუქებთ.
რაც შეეხება იმ ადამიანების დასჯას, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი ვალების ხელოვნურად დაგროვებაში, ეს შეიძლება კარგი იდეაა, მაგრამ, იმდენი დრო გავიდა, რომ მათთვის პასუხის მოთხოვნა ალბათ არარეალურია. ჩვენ რომ 92 წელს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას დაველოდოთ, მაშინ ტელევიზია გაჩერდება.
რადგან სახელმწიფოსადმი დავალიანებაზეა საუბარი, სახელმწიფო თავად გაარკვევს, ვის ჰქონდა ეს ვალები დაკისრებული სამართლიანად და ვის - უსამართლოდ. შესაბამისად, არა მგონია სახელმწიფომ თავი დაიზარალოს და ისეთ მედიას ჩამოაწეროს ვალები, რომელთაც მართლა ეკუთვნით ამის გადახდა.
რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, გაჩნდა აზრი, რომ ამ ინიციატივის შემდეგ რეგიონული ტელევიზიები "ვალში" აღმოჩნდებიან სახელმწიფოსთან, და წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია ამას გამოიყენებს. მე მგონი, ადამიანს თუკი ვალი აქვს, იმ ადამიანზე ზეწოლა უფრო ადვილია. ხელისუფლებას შეეძლო ეს ვალები დაეტოვებინა და ზეწოლის უფრო მეტი მექანიზმი ექნებოდა.
ჩემი აზრით, ეს არის იმ ტალღის ნაწილი, რომელსაც მივყავართ დემოკრატიის განვითარებისკენ და მედიის გათავისუფლებისკენ. მას შემდეგ, რაც ვალები ჩამოგვეწერება, უფრო თავისუფლად შევძლებთ ჩვენი ფუნქციების განხორციელებას და, ფინანსური პრობლემების გარეშე, რეგიონული მედია წელში გაიმართება.
კომენტარები
სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 14, 2010, 04:54:13
ანია თვაური (შეუმოწმებელი), მარტი 16, 2010, 11:42:05
ანიტა თვაური, მარტი 16, 2010, 11:46:17
ახალი კომენტარის გამოქვეყნება