Skip to content

ავტორიზაცია

ჰამარბერგი ერგნეთში მარტო დაბრუნდა


როცა ჰამარბერგი ცხინვალშია, ერგნეთთან ხალხმრავლობაა.
Hamberger
თებერვლის ბოლო შაბათს ერგნეთის საგუშაგოსთან უჩვეულო ხალხმრავლობა იყო.

აგვისტოს ომის შემდეგ სოფლის გასასვლელთან ერთბაშად ამდენი ადამიანი აღარ შეკრებილა.

მიუხედავად სუსხიანი ქარისა, ეს ადამიანები მანქანებში ვერ ჩერდებოდნენ და ქართული პოლიციური საგუშაგოდან ცხინვალისკენ გასასვლელ გზას თვალს არ აცილებდნენ. ნაწილი ჩაფიქრებული იყო, ნაწილი ნერვიულობისგან ბოლთას სცემდა.

ერგნეთის საგუშაგოზე მომლოდინე ადამიანები ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს ელოდნენ, რომელიც დილის 11 საათზე ცხინვალში შევიდა.

აქ იყვნენ ექვსი ლამისყანელი შეშისმჭრელის ოჯახის წევრები; კირბალელი ბიძა-ძმისშვილის, ვაჟა და ბექა თაყაძეების ნათესავები; სამხედრო მოსამსახურის ზვიად კობალაძის ძმაც. ეს ადამიანები ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. ყველა მათგანს ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება და ოსური მხარე მათ განთავისუფლებას არ აპირებს.

ერგნეთის საგუშაგოსთან იდგა რამდენიმე ქალი, რომლებმაც არ იციან ცოცხლები არიან თუ არა მათი შვილები.  ზაზა ბირთველიშვილის, ოთარ სუხიტაშვილის და გია რომელაშვილის ოჯახის წევრებს 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ შვილების შესახებ აღარაფერი გაუგიათ. იმ დღეს გორის სატანკო ბატალიონის 406-ე ტანკის ეკიპაჟის წევრებმა მშობლებს შეატყობინეს, რომ ცხინვალში იმყოფებოდნენ. იმ დღიდან მათი კვალი იკარგება.

„ამ უცხოელ კაცს გვინდა შევხვდეთ. იქნებ მაგან გვიშველოს. აქამდე თავდაცვის სამინისტროში დავდიოდით, მაგრამ იქ ვერაფერს გვეუბნებოდნენ. რა ვქნათ, რა?" - მოთქვამდნენ დაკარგულთა დედები.

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მახლობლად ტყეში შეშის მოსაჭრელად გასული 6 ადგილობრივი  მაცხოვრებელი ოსებმა და რუსებმა გასული წლის 31 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ ცხინვალის ციხეში იმყოფებიან.

"6 თვეა, არაფერი მსმენია ჩემს შვილზე. ვიცი, რომ ოსი დედებიც ეძებენ თურმე თავიანთ შვილებს. მათაც უნდა დავეხმაროთ, მოვუძებნოთ, მათაც ხომ ჩვენსავით გაზარდეს შვილები... ახლა ჰამერბერგის გადმოსვლას ველოდებით. რომ მიდიოდა, გვითხრა, ნუ გეშინიათო", - ამბობს ლამისყანელი ჯამლეტ ჯამრიშვილის დედა, მანანა ბეინაშვილი.

თებერვლის სუსხიან დღეს ერგნეთში შეკრებილებისთვის დრო ძალიან ნელა გადიოდა. ისინი მაინც იცდიდნენ და ცხინვალიდან გამომავალ გზას გაჰყურებდნენ.

დაღამდა. ცხინვალში, რომელიც ამ ადგილიდან ხელისგულივით მოჩანს, ნელ-ნელა ინთებოდა შუქი. გაჩახჩახდა ცხინვალის ჩრდილო ნაწილიც - მთაზე განთავსებული რუსული ჯარის მეოთხე ბაზა.

ჩაბნელებული დარჩა როგორც ქართული პოლიციის, ისე ოსური და რუსული ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო. მოულოდნელად ოსურ საგუშაგოსთან მანქანების შუქი გამოჩნდა. ყველამ ერთდროულად ბეტონის ფილებისკენ გაიწია.

ჟურნალისტებმა მიკროფონები ჩართეს, ოპერატორებმა - კამერები. "ღმერთო, ნეტა მოჰყავდეს ჩვენი შვილები", - ჩურჩულებდნენ ქალები.

ცხინვალში 10-საათიანი ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ერგნეთში მარტო დაბრუნდა. მან თქვა, რომ ცხინვალში არ აღმოჩნდა პასუხისმგებელი ოფიციალური პირი, რომელთანაც დაკავებულების შესახებ მოლაპარაკებას გამართავდა.

"ჩვენ რა გვეშველება?" - ჰკითხეს შეკრებილებმა. "მე რაც შემიძლია, ვაკეთებ", - მიუგო ჰამარბერგმა მშობლებს.

რამდენიმე ქალი ატირდა. ხალხი  კიდევ ცოტა ხანს დარჩა საგუშაგოსთან და თანდათან დაიშალა.

 

კომენტარები

მიხეილ კალანდაძე (შეუმოწმებელი), მარტი 18, 2010, 17:39:38

ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში რომ დასავლეთი არ გაინძრევა ჩენი პრობლემების მოსაგვარებლად?? მემგონი უკვე არაერთი მაგალითი მივიღეთ და მემგონი დროა თავად გავინძრეთ და სხვის იმედზე არ ვიყოთ. ჩვენ რა პრობლემები უნდა მოუგვაროთ აფხაზებს ან თუნდაც სამაჩაბლოში მცხოვრებ ოსებს, ანუ ამ ტერიოტრიებზე დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს, თუ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გაგვიკეთებია ვერაფერი ხეირიანი. მემგონი დროა განძრევის.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.