აფხაზეთის ახალი პრემიერ-მინისტრის - სერგეი შამბას მთავრობის ფორმირება დასრულებულია. წინასწარ გაკეთებული განცხადებები არ გამართლდა - შეპირებული განახლებული მინისტრთა კაბინეტის ნაცვლად, შამბას მთავრობა არც სტრუქტურით და არც პერსონალიებით თითქმის არაფრით განსხვავდება იმ კაბინეტისგან, რომელსაც გასული ხუთი წლის მანძილზე ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი ხელმძღვანელობდა.
სახელისუფლებო წყაროები ირწმუნებიან, რომ მინისტრთა კაბინეტის რესტრუქტურიზაციის გეგმა მართლაც არსებობდა. ეს გეგმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიმუშავეს, თუმცა პროექტი იმდენად რევოლუციური აღმოჩნდა, რომ მასზე პრაქტიკულად ყველა გავლენიანმა მოთამაშემ უარი თქვა - ალექსანდრ ანქვაბიდან და სერგეი შამბადან დაწყებული, სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებით დამთავრებული.
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ალეკო გვარამიას მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, რადენიმე სამინისტრო და სახელმწიფო კომიტეტი (კერძოდ, საგადასახადო სამსახური, სახელმწიფო საბაჟო, კურორტებისა და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვ.) გამსხვილდებოდა და დაექვემდებარებოდა ეკონომიკის სამინისტროს.
თუ გავითვალისწინებთ ამ უწყებების მნიშვნელობას, გამოდის, რომ გვარამიას პროექტის მიხედვით, ჩამოყალიბდებოდა ძლიერი სამინისტრო, რომელსაც პარალელური მთავრობის ფუნქციები ექნებოდა. იმ პირობებში კი, როცა სახეზეა ალექსანდრ ანქვაბსა და სერგეი შამბას შორის გაჩაღებული ფარული ბრძოლა, ამგვარი უწყების არსებობა დამატებით საფრთხეს ქმნის.
თუ არ ჩავთვლით პრო-სახელისუფლებო პარტიის "ედინაია აფხაზიას" ლიდერს დაურ თარბას, რომელიც ვიცე-პრემიერად დაინიშნა და საგარეო უწყების ახალ ხელმძღვანელს - მაქსიმ ღვინჯიას, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო, რეალურად ერთადერთი ახალი სახე მთავრობაში - ასლან ბჟანიაა. აფხაზეთში ნაკლებად ცნობილი მოსკოველი ბიზნესმენი სახელმწიფო უშიშროების სამსახურს უხელმძღვანელებს.
ბჟანიას საბჭოთა "კა გე ბე"-ს ორწლიანი კურსი აქვს გავლილი. სპეცსამსახურში მან ორ წელიწადს იმუშავა - 90-იანების დასაწყისში. შემდეგ მრავალი წლის მანძილზე მოსკოვში კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, და მხოლოდ გასულ წელს დაინიშნა სრულიად ფორმალურ თანამდებობაზე - რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე სპეცსამსახურის თანამშრომელს ეხება, რომელთა ოფიციალური ბიოგრაფია ხშირად რეალურს სულაც არ ემთხვევა, გამორიცხული არ არის, რომ კომერციის ნიღაბს ამოფარებული ბჟანია მთელი ამ წლების მანძილზე საიდუმლო მისიას ასრულებდა. ამას ამბობს წყარო ხელისუფლებაში, რომელსაც არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა. ბჟანიას ბიოგრაფიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ასევე ხსნის მის დანიშვნას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ბჟანია პრეზიდენტ ბაღაფშის ნათესავია.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობა, რომელიც თითქმის არაფრით განსხვავდება ძველისგან, ალექსანდრ ანქვაბისთვის გაწეული კომპენსაციაა.
სერგეი ბაღაფშმა პრემიერ-მინისტრის სავარძელი სერგეი შამბას ანდო, და არა პირველ ვიცე-პრემიერს - ლეონიდ ლაკერბაიას, რომელიც ანქვაბის კანდიდატურა იყო.
მართალია, შამბამ პრემიერ-მინისტრის სავარძლისთვის ბრძოლაში აჯობა ანქვაბს, მაგრამ თუ გადავხედავთ მინისტრთა კაბინეტს, შამბას ეს წარმატება სრულიად ნიველირებულია. ერთადერთი საკადრო გადაწყვეტილება, რომლის ლობირებაც მან შეძლო, საგარეო საქმეთა მინისტრად მისი ყოფილი მოადგილის, მაქსიმ ღვინჯიას დანიშვნაა.
სოხუმში საუბრობენ იმაზე, რომ ხუთი წლის შემდეგ, როცა ბაღაფშის მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, იგი თავის მემკვიდრედ ან ალექსანდრ ანქვაბს ან სერგეი შამბას გამოაცხადებს. მანამდე კი, ხუთი წლის მანძილზე, პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრეზიდენტს მემკვიდრის სტატუსისთვის მძიმე ბრძოლა მოუწევთ.
ბაღაფშის პრეზიდენტობის ვადა 2015 წელს იწურება. ამ დროისთვის რუსეთი, რომელიც სოჭის ოლიმპიადისთვის ემზადება, უკვე მოასწრებს რესპუბლიკაში მილიარდობით რუბლის ინვესტიციის ჩადებას, და ამ მომენტისთვის აფხაზეთს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ამ ინვესტიციებს გონივრულად გამოიყენებს. ბატონი ანქვაბი ცნობილია როგორც მკაცრი ხელმძღვანელი, მეურნე, რომელსაც ამ ამოცანის შესრულება კარგად შეუძლია.
თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ხისტი ანქვაბის კანდიდატურა ბევრად უფრო ნაკლებად მისაღებია კრემლისთვის, ვიდრე შედარებით რბილი შამბასი. საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს შესანიშნავი კავშირები აქვს - მოსკოვსა და კრემლში იგი ბაღაფშზე არანაკლები სიხშირით დაიარება. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მოსკოვის რეკომენდაცია იყო შამბას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა.
მოსკოვს, რომელიც სოჭის ოლიმპიადამდე აფხაზეთში სოლიდური ინვესტიციების ჩადებას გეგმავს, სოხუმში ხისტი პრემიერი არ სჭირდება.
* სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია და გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არა "ლიბერალს".
რედაქციისგან:
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ინალ ხაშიგის სტატია ობიექტურად არ აფასებს ვლადისლავ არძინბას როლს არა მხოლოდ აფხაზების, არამედ ქართველების ისტორიაში. ასევე ვაცნობიერებთ იმას, რომ არძინბას ამ კუთხით შეფასება მტკივნეული იქნება ქართველებისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ახლობელი დაკარგა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვბეჭდავთ ამ სტატიას, რადგან მიგვაჩნია, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ აფასებს აფხაზური საზოგადოება 90-იანი წლების მოვლენებს და ვლადისლავ არძინბას - ადამიანს, რომელმაც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო როლი შეასრულა.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება