Skip to content

ავტორიზაცია

მერიის 15 000 პოლიტიკური მუშაკი


2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისის მერიამ 15 000 ადამიანი
ქალაქის მერი

ქალაქის მერი

 

2008 წლის 1 აპრილს თბილისის მერიამ მობილური ოპერატორის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. განცხადებამ ბიუჯეტის მონიტორინგის ექსპერტების ყურადღება იმით მიიქცია, რომ, ტენდერის პირობების მიხედვით, მერია 15 000 სიმ-ბარათის შესყიდვას გეგმავდა, ქალაქის მუნიციპალიტეტში კი სულ 1100 თანამშრომელი მუშაობს. განცხადება საპირველაპრილო ხუმრობას ჰგავდა, მაგრამ ინფორმაციის გამოთხოვნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქსელში ჩართული ათასობით ტელეფონი მერიას მართლაც სჭირდებოდა ახლად აყვანილი, დროებითი თანამშრომლებისთვის.
2008 წლის პირველი აპრილიდან 4 თვის ვადით თბილისის მერიამ სამსახურში  აიყვანა 15,000 სოციალური მუშაკი. პროგრამისთვის, რომლის სრული სახელწოდებაა "მუნიციპალური პაკეტით სარგებლობის მიზნით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოვლენა", 12 მილიონი ლარი გამოიყო. შედარებისთვის, თბილისის ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად 2008 წელს სულ 8 მილიონი ლარი დახარჯა.
მერიაში განმარტავენ, რომ პროგრამის მიზანი თბილისში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საინფორმაციო ბაზის განახლება იყო. თუმცა, საქართველოს მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზა უკვე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. ბაზების სრულყოფაზე მუშაობა სამინისტროსთან არსებულ სოციალური სუბსიდიების სააგენტოში 2005 წლიდან მიმდინარეობს და მათ მიერ გაწეულ შრომას მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს.
ბაზაში მოხვედრა თვითიდენტიფიკაციის პრინციპით ხდება, ანუ ოჯახი თავად მიმართავს სააგენტოს, თუ თავს სოციალურად დაუცველ ფენას მიაკუთვნებს. ამ დროისთვის მონაცემთა ბაზაში 75 000 ოჯახია თბილისიდან (დედაქალაქში სულ 310 000 ოჯახი ცხოვრობს). სააგენტომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა უკვე შეისწავლა. მიუხედავად ამისა, ახლად აყვანილ სოცმუშაკებს, მერიის პროგრამის მიხედვით, თბილისში 300 000 ოჯახი უნდა შეემოწმებინათ.
ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში კითხვარების შესავსებად კარდაკარ დადიოდნენ, ღია ინტერვიუზე უარს ამბობენ. ისინი ჰყვებიან, რომ მათი მთავარი დავალება იყო, გაეგოთ, თუ ვის აძლევდნენ ხმას გამოკითხული ოჯახის წევრები. "საარჩევნო უბანზე ყველანი კოორდინატორები ვიყავით. იყო შემთხვევა, რომ აგვიანებდა ჩემი ამომრჩეველი, რომელსაც ხმა უნდა მიეცა ნაციონალური მოძრაობისთვის და მე მოვიყვანე პირადად", - ამბობს ქალბატონი ნანა. ანკეტაში, რომელსაც ეს ქალბატონი და მისი კოლეგები ამომრჩევლებს ავსებინებდნენ, სულ 6 კითხვაა. მათგან არც ერთი არ ეხება არჩევნებს ან პოლიტიკური პარტიების საქმიანობას. "მე უბრალოდ უნდა მეკითხა, - იყო თუ არა ნაციონალური მოძრაობის მომხრე. გამცემდნენ თუ არა პასუხს, ეს უკვე მათი საქმე იყო", - ამბობს ყოფილი სოცმუშაკი, ქალბატონი თამარი. ისევე, როგორც ნანა, თამარიც მორიგეობდა საარჩევნო უბანზე და მის "განკარგულებაში" მყოფი 30-მდე ოჯახის საარჩევნო აქტივობას აკონტროლებდა. "სია მქონდა მათი, ვინც ნაცმოძრაობას აძლევდა ხმას და ამას არ მალავდა. უნდა მცოდნოდა, მოვიდოდნენ თუ არა ისინი არჩევნებზე",  - განმარტავს თამარი.
სოცმუშაკების ნაწილი ნაციონალური მოძრაობის რაიონულ ოფისებში დაიბარეს. შეხვედრის შესახებ ერთ-ერთი ყოფილი სოცმუშაკი ჰყვება: "ჩვენი კორპუსიდან ორნი ვიყავით. დაგვირიგეს ხელშეკრულებები და დავალება მოგვცეს - უნდა გაგვერკვია, ოპოზიციონერი იყო ოჯახი თუ ნაციონალების მომხრე".
მუშაკი თითო ოჯახში 15-დან 30 წუთამდე რჩებოდა. საშუალოდ ერთ სოცმუშაკს 20 ოჯახში უწევდა მისვლა. ამ პროცედურას ერთი კვირა სრულად უნდა ჰყოფნოდა, თუმცა პროგრამის ფარგლებში თითო მუშაკს ხელფასს 4 თვის განმავლობაში უხდიდნენ.
კითხვაზე, თუ რა საქმიანობით იყვნენ სოცმუშაკები დაკავებულები 4 თვის განმავლობაში, მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა პასუხობს: "ვერ გეტყვით. მათ ჰქონდათ დავალება, გამოევლინათ ღარიბი მოსახლეობა, მხოლოდ ეს დავალება". ქაცარავას განმარტებით, ფედერალურ პროგრამებში 10-12%-იანი ცდომილებაა და მერიამ თბილისში ოჯახების დამატებითი გამოკვლევა გადაწყვიტა.  მერიის პროგრამის მეთოდოლოგიას მამუკა ქაცარავა ასე აღწერს: "ჩვენ არ ვიყავით ორიენტირებული რამე ფორმულაზე. ძირითადად აქცენტი კეთდებოდა მეზობლების გამოკითხვაზე. როდესაც მეზობელი იტყოდა, რომ ოჯახი არის ღარიბი, ჩვენ ამ ოჯახებისთვის დახმარება უნდა მიგვეცა".
შედარებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სუბსიდირების სააგენტოდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერას თბილისში 57 მუშაკი ატარებდა. ისინი გამოსაკვლევ ოჯახში თითოეულ ნივთს აღწერდნენ და 12-გვერდიან კითხვარს ავსებდნენ.

 

კომენტარები

vanila (შეუმოწმებელი), ნოემბერი 23, 2009, 20:22:05

კატასტროფაა, სოციალური მუშაკის პოზიციის შეურაწყოფა ასე ამ ტერმინის გამოყენება, როდესაც ადამიანები ათეულ წლებს ხარჯავენ იმისათვის, რომ სოციალური მუშაკები გახდნენ და საკუთარი იდენტობა ჩამოაყალიბონ ასე უდიერად ამ ცნების ასეთი ტიპის აქტივობებში საშინელებაა, ნუ არაფერი რომ აღარ ვთქვათ შინაარსზე, რომელიც არ მიკვირს და უკომენტაროდ!!!!

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.