• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ოპოზიციამ თავი ჩიხში მოიქცია

მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს სიმშვიდეს და ამით იგებს
 ზვიად ნიკოლაიშვილი

ბევრ ქვეყანაში თეატრი გართობის საშუალებაა, საქართველოში - ცხოვრების სტილი. პოლიტიკური დრამა, რომელიც თბილისში, 7 კვირაა, გრძელდება, რეალითი-შოუში დაიწყო - ცნობილმა პოპმომღერალმა ხელოვნურად მოწყობილ ციხის საკანში თავი დაიტყვევა და იქიდან მთავრობის ლანძღვას შეუდგა.
9 აპრილს კი, როცა საქართველოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ ანტისამთავრობო ქუჩის დემონსტრაცია გამართა, ასობით ასეთი საკანი უკვე თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დაიდგა; გადაიკეტა საავტომობილო გზები და მოხდა ქვეყნის პარლამენტის პარალიზება. საკნები საქართველოს პოლიციური რეჟიმის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. "საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადადგეს", - აცხადებდნენ დემონსტრანტები.
სააკაშვილის როლი მიტინგის დაშლა და იმ იმპულსური ლიდერის რეპუტაციის გამყარება იყო, რომელმაც გასულ აგვისტოში ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაითრია. 
ამ მომენტის დადგომას რუსეთის ლიდერები სულმოუთქმელად ელოდნენ. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც სააკაშვილი დაუფარავად სძულს, "ძალადობრივად დაშლილ დემონსტრაციებსა" და "სისხლით მოთხვრილ ქუჩებზე" ლაპარაკობდა.
სააკაშვილმა ამ პერფორმანსზე უარი თქვა. ამის ნაცვლად, ის აუღელვებლად აკვირდებოდა ოპოზიციის ჩიხში შესვლასა და პოლიტიკურ სუიციდს. 6 მაისის ძალადობრივ ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, როცა ოპოზიციის ლიდერები პოლიციის შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ, პროტესტი მშვიდობიანი იყო. პოლიციაც და ქალაქის დასუფთავების სამსახურიც საპროტესტო სცენას თავს არიდებდნენ.
6 კვირის შემდეგ თბილისის ცენტრში ჰაერი ნაგვის, ჭუჭყიანი ტანსაცმლისა და ოფლის სუნით გაიჟღინთა. საკნების უმრავლესობა დაცარიელდა, კარვების ნაწილი კი იმ უსახლკარო ადამიანებმა დაიკავეს, ვინც მანამდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების წინ სვამდა და მათხოვრობდა. ამ სუნმა ბევრ ქართველს უშუქო, უფუნქციო, უწესრიგო და საშიში ქალაქი გაახსენა, ისეთი, როგორიც თბილისი ხუთი წლის წინ იყო, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციით მოვიდა.
ბევრმა ქართველმა დაინახა საფრთხე, რომ საქართველო კვლავაც ქაოსისკენ მიექანებოდა. ამ ვითარებაში მათ უფრო დააფასეს ქმედითი სახელმწიფოს მშენებლობაში სააკაშვილის როლიც და, ამ მიზეზების გამო, ოპოზიციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ცენტრის Gრეენბერგ Qუინლან ღოსნერ-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტის მომხრეთა რიცხვი 5 პროცენტით გაიზარდა და 43 პროცენტი გახდა. სააკაშვილის პოლიტიკის კრიტიკოსთა უმრავლესობა მწარე სინანულით აღიარებს, რომ ოპოზიცია, როგორც ალტერნატივა, უარესია.
სააკაშვილმა ქულები დაიწერა იმითაც, რომ ოპოზიციას დიალოგი და რეალურ დათმობებზე წასვლა შესთავაზა. ერთ-ერთი შეთავაზება იყო ოპოზიციის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო დაბალანსებული კონსტიტუციის მოდელს შექმნიდა. ოპოზიციის უმრავლესობამ სააკაშვილის ინიციატივებს ცარიელი სიტყვები უწოდა და მათ განხილვაზე უარი თქვა.
26 მაისს ოპოზიციამ, თბილისის სტადიონზე, სულ მცირე, 60 ათასი დემონსტრანტი შეკრიბა. შემდეგ მათ რჩევისთვის მიაკითხეს ქართული ეკლესიის მეთაურს, რომელმაც მოუწოდა, ნაკლებად კატეგორიულები ყოფილიყვნენ. ოპოზიციის უფრო ზომიერი წარმომადგენლებისთვის, მაგალითად ირაკლი ალასანიასთვის, პატრიარქის რჩევა ამ სამარცხვინო ქუჩური წარმოდგენიდან გასვლის საუკეთესო შანსი იყო. "ხალხს უნდა შევთავაზოთ უფრო მეტი, ვიდრე სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაა", - აღნიშნა ალასანიამ.
ოპოზიციის უფრო რადიკალურმა ნაწილმა კი, პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ნინო ბურჯანაძის მეთაურობით, პროტესტი განაგრძო და საქართველოს სარკინიგზო გზა გადაკეტა. ბურჯანაძე, რომელიც დემონსტრაციების ერთ-ერთი ლიდერი და დამფინანსებელია, რიგით ქართველებში ყველაზე ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. მათთვის ის საბჭოთა ეპოქის ნომენკლატურასთან ასოცირდება (მისდა სამარცხვინოდ, ბურჯანაძემ გადადგომის შემდეგ სააკაშვილს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ უბანში მიწის უზარმაზარი ნაკვეთის უფასოდ გადაცემა მოსთხოვა).
ოპოზიციის უბადრუკი მდგომარეობა სააკაშვილის მმართველობის სისუსტეებს მაინც ვერ აქარწყლებს. ქართული პოლიცია, შესაძლოა, მართლაც არაკორუმპირებული იყოს, მაგრამ ის მაინც სააკაშვილის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. მთავრობის მანიპულაციის იარაღია ნაციონალური ტელეარხებიც. ალასანია აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ძალაუფლება მთლიანად სააკაშვილის ხელშია კონცენტრირებული, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, არა ინსტიტუციებს, არამედ დაახლოებულ პირთა ვიწრო წრეს ეყრდნობა. მისივე თქმით, საქართველო აგვისტოში სწორედ ამ მიზეზით ჩაება ომში.
პოლიტიკური კრიზისი, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ოპოზიციისთვისაც და მთავრობისთვისაც. მაგრამ საქართველოს მომავლის განსაზღვრაში, საშინაო პოლიტიკასთან ერთად, როლს გარეშე ფაქტორებიც თამაშობს. რუსეთის ავისმომასწავლებელი აჩრდილი ქვეყანას ისევ ადგას. 5 მაისს სამხედრო ამბოხის მცდელობამ ქართველებს კიდევ უფრო გაურღმავა იმის შიში, რომ ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია, საქართველო რუსეთის თავდასხმის სამიზნედ რჩება.
რუსი სამხედროების ნაწილს ერთი სული აქვს, საქმე ბოლომდე მიიყვანოს, როგორც ვლადიმირ პუტინმა ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრისას აღნიშნა, "სააკაშვილი ყვერებით ჩამოკიდოს" და საქართველოს დემილიტარიზაციას მიაღწიოს. (რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილთან საქმეს არასდროს დაიჭერს). კუნთების სადემონსტრაციოდ რუსეთი კონფლიქტური ზონის მახლობლად გრანდიოზული სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება. შარშან ასეთივე წვრთნები ომით დამთავრდა. 
ომიდან ცხრა თვის თავზე რუსული ჯარები საწყის პოზიციებს არ დაბრუნებიან, რასაც მოსკოვს საერთაშორისო შეთანხმების შედეგად გაფორმებული დოკუმენტი ავალდებულებდა. სანაცვლოდ, რუსული ჯარები ომის შემდეგ დაკავებულ პოზიციებს ამაგრებენ. ერთ-ერთი ასეთი პუნქტია ახალგორიც, საიდანაც რუსულ ჯარს ქვეყნის დედაქალაქისგან სულ მცირედი მანძილი აშორებს. რუსეთმა გააფართოვა სამხედრო კონტინგენტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც, რომელთა დამოუკიდებლობაც თავადვე აღიარა.
ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია: ევროკავშირის დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთში არ უშვებენ, მათ პატრულირების უფლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე აქვთ. ამით მათ რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებადი ახალი საზღვრების დე-ფაქტო აღიარება უწევთ. ამასობაში რუსეთმა ეფექტურად შეძლო საქართველოში ეუთო-ს მისიის მუშაობის შეჩერებაც, რომელიც სამხრეთ ოსეთის მონიტორინგზე ფლობს მანდატს. მანდატს ვადა 30 ივნისს გასდის. რუსეთი კი, როგორც ეუთო-ს 56 წევრიდან ერთ-ერთი, კატეგორიულ უარს აცხადებს მის გაგრძელებაზე და ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთი ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. აქამდე დასავლეთის რეაქცია უცვლელი იყო - ის თვალს ხუჭავს და თავს იკატუნებს, თითქოს მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.
ამ დროისათვის მეორე სრულმასშტაბიანი ომი ძნელი წარმოსადგენია. ასეა თუ ისე, რუსეთს არ აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოში პრორუსულ მთავრობას დასვამს. თუმცა, დისფუნქციური და პოლიტიკურად გახლეჩილი საქართველო, რომელიც ევროპასა და ამერიკას ტვირთად აწვება, მაინც კრემლის ინტერესებშია. ყველაზე კარგი, რასაც ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები შექმნილ ვითარებაში გააკეთებენ, შოუს რეალობით ჩანაცვლებაა.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.