• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ადეკვატური შეფასება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, საკმაოდ მკაცრად აფასებს.

 თემო ბარძიმაშვილი

"ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ადამიანის უფლებებს განვიხილავთ, მათ სტიმულირებას ვახდენთ ან ამ უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენი ინვესტიციის ნაწილია ქართველ ხალხში".

ჯონ ბასი, აშშ-ელჩი საქართველოში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკანასკნელი 34 წლის მანძილზე, ყოველ წელს აქვეყნებს საანგარიშო მოხსენებას ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ თითქმის მთელ მსოფლიოში.

შარშანდელი ანგარიში ამა წლის 11 მარტს გამოქვეყნდა. ის თავი, რომელიც საქართველოს ეხება, საკმაოდ ვრცელია, 68-გვერდიანი და არა მხოლოდ შარშანდელ ვითარებას აღწერს, არამედ უკანასკნელი ოთხი წლის მოვლენებს განიხილავს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და, ცხადია, გაერო-სა და ეუთო-ს ანგარიშებსა და დასკვნებს.

"ეს ანგარიში დიდი ხნის მუშაობის ნაყოფია, - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე, - მოხსენება საკმაოდ ყოვლისმომცველია, მოყვანილი ფაქტები გადამოწმებულია რამდენიმე წყაროს მიერ; მოცემულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია, აგრეთვე კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ექსპერტების მოსაზრებები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ამერიკის საელჩომ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას წარუდგინა და დისკუსია მოაწყო, რათა ამ დოკუმენტში განხილული საკითხების მიმართ ინტერესი გაეზარდა. ასეთი რამ წინა წლებში არ მომხდარა".

ანგარიშის შესავალში მოკლედაა შეჯამებული ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც დოკუმენტში კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, დაწვრილებით არის  განხილული. აღნიშნულია, რომ "საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნის მიხედვით, მაისის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს სრულად არ შეესაბამებოდა".

ანგარიშში დაწვრილებითაა აღწერილი უამრავი საკითხი  - სასამართლოს დამოუკიდებლობა, ციხეებში არსებული მდგომარეობა, გამოხატვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების, მედიის თავისუფლება, ძალის გადამეტება სამართალდამცავთა მიერ, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები, სატელეფონო მოსმენები, რომლებიც ძალოვანთა მიერ უკანონოდ ხორციელდება, ელიტური კორუფცია და საკუთრების ხელყოფის ფაქტები, ბავშვების და ქალების, აგრეთვე - ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობა, რელიგიის თავისუფლება, განსხვავებული საქსუალური ორიენტაციის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა, კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები და ბევრი სხვა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არა მხოლოდ დარღვევებს აღნუსხავს, არამედ ადამიანის უფლებების კუთხით აფასებს ზოგად მდგომარეობას. ამიტომაც, საუბარია დადებით ტენდენციებზეც - მაგალითად,  ახალ საპროცესო კოდექსზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე  და საარჩევნო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერის პირდაპირი არჩევა გახდა შესაძლებელი. აღნიშნულია, რომ გაიხსნა რამდენიმე ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულება და გაუქმდა ცნობილი მე-5 საპყრობილე, სადაც პატიმრებისთვის გაუსაძლისი პირობები იყო. დადებით კონტექსტში ისიც არის ნათქვამი, რომ წამების ფაქტები ქართულ პოლიციაში სისტემურ ხასიათს აღარ ატარებს.

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ ომბუდსმენის ოფისი მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის საელჩოსთან: "სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი არაერთი ფაქტი სწორედ  სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშიდანაა აღებული. ცხადია, სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს თავისი ხედვა. აქ, როგორც წესი, მოყვანილია ფაქტები და ნაკლებადაა შეფასებები. თუმცა, წლევანდელ ანგარიშში არის  მინიშნებები, რაც გარკვეულ ტენდენციებზე მიუთითებს. 2008 წლის ანგარიშიც საკმაოდ კრიტიკული იყო და იქ დიდი ადგილი არჩევნების თემას ეთმობოდა, ვინაიდან 2008 წელი არჩევნების წელი იყო. ამ ანგარიშში ყურადღება იმ მოვლენებზეა გამახვილებული, რომლებიც საქართველოში აპრილიდან განვითარდა, როცა უფლებები დაირღვა როგორც მომიტინგეების, ისევე სამართალდამცავთა მხრიდან. ნათქვამია ისიც, რომ "მედიის თავისუფლებისადმი პატივისცემის ხარისხი დაეცა".

"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის, ყოფილი სახალხო დამცველის,  სოზარ სუბარის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ადგილი დაეთმო პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს. ანგარიშის ერთი თავი მთლიანად ამ თემას ეხება და ნახმარია ტერმინი "პოლიტიკური პატიმარი".

მოხსენებაში აღნიშნულია ისიც, რომ სხვადასხვა სტრუქტურა "პოლიტიკური პატიმრების" განსხვავებულ რიცხვს ასახელებს: "ნულიდან - ათასამდე".  "სახალხო დამცველმა წლის პირველი ნახევრის მოხსენებაში პოლიტიკური პატიმრები არ მოიხსენია. ადამიანის უფლებათა  საპარლამენტო კომიტეტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობდნენ", - ნათქვამია მოხსენებაში.

გიორგი ტუღუში ამბობს, რომ "პოლიტიკური პატიმარი" სამართლებრივი ცნება არ არის და, შესაბამისად, სახალხო დამცველს უჭირს განსაზღვრა, კონკრეტული ადამიანი რა მიზეზით ზის ციხეში.

ანგარიშის ამავე თავში განხილულია იმ პირთა საქმეები, რომლებსაც წინა სახალხო დამცველი და ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ 12 აგვისტოს, ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლებას მათი 48 წევრის საქმე წარუდგინეს, რომელთა უმეტესობაც ერთი და იმავე საბაბით მოხვდა ციხეში. ნაწილი გათავისუფლდა, თუმცა, ზუსტად რამდენი ადამიანი რჩება პატიმრობაში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ანგარიშში ლაპარაკია იმაზეც, რომ, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შემთხვევაში, სამართალდამცავები იარაღისა და ნარკოტიკების "ჩადებას" ხშირად დაპატიმრების საბაბად იყენებდნენ.

ანგარიშში მოხვდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენების დაკანონებას,  მიტინგებისა და მანიფესტაციების წესების გამკაცრებას და ადმინისტრაციული ჯარიმებისა და პატიმრობის ვადების გაზრდას ითვალისწინებდა. ეს საკანონმდებლო აქტები ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. აღნიშნულია ისიც, რომ მთავრობამ პირობა დადო, გაეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის დასკვნა ამ საკითხებთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით კატეგორიულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული მედიის მიმართ. ანგარიშის შესავალში ნათქვამია, რომ "მედიის თავისუფლება შემცირდა და დაფიქსირდა დამფუძნებლებისა და კომპანიების უფლებამოსილებებში მთავრობის წარმომადგენელთა ჩარევა". მოყვანილია არაერთი ფაქტი, როდესაც ხდებოდა ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღწერილია, რომ ქვეყანაში არსებობს სახელისუფლო და ოპოზიციური ტელეარხები. განხილულია მედიამფლობელების თემაც. ეს უკანასკნელი ქართული საზოგადოებისთვის დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ვერ ხერხდება ნაციონალური ტელეარხების რეალური მფლობელების დადგენა. "რა თქმა უნდა, ლიცენზიის მფლობელი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი. თუმცა, როდესაც მფლობელი იურიდიული პირია, კანონი არ განმარტავს იმას, რომ აუცილებელად უნდა გაიცეს ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების შესახებ, ვინც იურიდიული პირების უკან დგას. აქ საკანონმდებლო პრობლემაა", - ამბობს გიორგი ტუღუში.

ანგარიშში, ტალიავინის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ამ ომში პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს არ ეკისრება და ღია საბრძოლო მოქმედებები სწორედ საქართველოს მხრიდან დაიწყო.

აღნიშნულია, რომ არ დადასტურდა ქართველების მიერ ოსი ერის გენოციდი, სამაგიეროდ, დადასტურდა ოსური ფორმირებების მიერ ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა. განხილულია ის პრობლემებიც, რაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას ექმნება, როცა მათ აფხაზურ არმიაში ჩაწერას აიძულებენ, ან არ ეძლევათ ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილების ან მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალება.

რელიგიის თავისუფლებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შარშან ოქტომბერში ვრცელი მოხსენება მიუძღვნა. ანგარიშში სწორედ ამ მოხსენების თეზისებია მოკლედ მოყვანილი. ძირითად პრობლემად ისევ რჩება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის, ქონების რესტიტუციის საკითხები; მოყვანილია რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტები. მაგალითად, მუსლიმები ჩივიან, რომ მათ სოფლებში ქართველები ჯვრებს დგამენ.

წლევანდელ მოხსენებაში ადგილი დაეთმო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა დისკრიმინაციას სამართალდამცავთა მხრიდან, კერძოდ, ფონდ "ინკლუზივის" პოლიციის მიერ დარბევის ფაქტს.

ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები ანგარიშს სხვადასხვაგვარად აფასებენ.

"ვაღიარებთ, რომ საქართველო არ არის დასრულებული დემოკრატია, - ამბობს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი, - დოკუმენტს ყურადღებით გავეცანით და აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშში რამდენიმე სერიოზული უზუსტობაა. არ გვინდა ამ ანგარიშს ხაზი გადავუსვათ, ამიტომაც,  შევეცდებით უმოკლეს ვადაში მოვახდინოთ რეაგირება და ეს უზუსტობები აღმოვფხვრათ. რაც შეეხება იმ ფაქტებს, რომლებსაც, ჩვენი აზრით, სუსტი საფუძველი აქვს ან საფუძველი არ გააჩნია, არგუმენტაციას წარვადგენთ შესაბამისი არხების მეშვეობით. ახლა სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ".

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი კი  ამბობს: "ამ ანგარიშში ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ; ჩანს, რომ ისინი არაფერზე დახუჭავენ თვალს. შეიძლება ისიც კი ითქვას - ამერიკა საქართველოს არსებულ ხელისუფლებას მხარს აღარ დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა თავს ამერიკის მოკავშირედ აცხადებს. ჩვენ შეიძლება ამერიკისგან რაღაც უფრო ქმედით ნაბიჯებს ველოდებოდეთ, მაგრამ ეს არ მოხდება, ისინი არ ჩქარობენ. ერთი რამ ცხადია  - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში არსებულ მდგომარეობას ადეკვატურად აფასებს".

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.