სიტყვა "კრიზისი" მათემატიკური სიზუსტით განმარტებას არ ექვემდებარება. ასე ეძახიან ერთგვარ გადახვევას მოვლენათა ნორმალური მსვლელობიდან, არასტაბილურობის და გაურკვევლობის მომენტს. ჯერ, სულ მცირე, უნდა განვსაზღვროთ, „ნორმალურს“ რას ვეძახით. ისიც უნდა დავაზუსტოთ, კონკრეტულად, რის კრიზისზეა ლაპარაკი და რამდენად ღრმაა პრობლემა.
გვაქვს დღეს საქართველოში საერთო პოლიტიკური კრიზისი? ასეთი რამ მაშინაა, როცა ქვეყნის ძირითადი ინსტიტუტები ვერ მუშაობს. ამის ცალკეული ნიშნები არის: პარლამენტი, მეორე თვეა, ვეღარ იკრიბება, ქვეყანა ჯეროვნად ვერ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, სახელმწიფო ვერ იცავს თავისი მოსახლეობის ერთი ნაწილის ინტერესებს: მაგალითად - სოლოლაკის მაცხოვრებლების.
მეორე მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლება თავისი არსით შედარებით იტანს ხანგრძლივ არდადეგებს, ხოლო მისი სხვა შტოები საქმეს ძირითადად ძველებურად აკეთებენ. 26 მაისს აღლუმის არგამართვა სერიოზული სიმბოლური დანაკლისია, მაგრამ - მხოლოდ სიმბოლური. რაც მთავარია, ხელისუფლების მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც ესმის, რომ მას შესწევს ძალა, ქალაქის ცენტრში წესრიგი აღადგინოს, ოღონდ ჯერ, პოლიტიკური მოსაზრებით, თავს იკავებს.
ეს „პოლიტიკური მოსაზრება“ შეიძლება ხელისუფლებას კომპლექსად ექცეს და მან ვეღარ გაბედოს მკაცრი ხელით წესრიგის დამყარება იქ, სადაც ამას კანონი და ქვეყნის ინტერესი მოითხოვს (და არა მარტო რუსთაველზე). დასავლური დემოკრატიებიდან ჩამოსულ სტუმრებს აოცებთ, რატომ იტანს ქვეყანა ცარიელი გალიებით ქუჩების ჩახერგვას. აქ სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიის საფრთხეა. ის რეალურია, მაგრამ _ კატასტროფული ჯერ არა.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მომავალში, სხვა პოლიტიკურ ვითარებაში ისევ შეძლებს, პრინციპული და თანმიმდევრული იყოს. ანუ, დღევანდელი მისი `პოლიტიკური გადაწყვეტილებები~ პრეცედენტად არ იქცევა. იმედია. მაგრამ ვშიშობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას სწორედ პრეცედენტად აღიქვამს და ჩათვლის, რომ რუსთაველზე გალიის დადგმა ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა ("აბა, მაშინ რომ გვადგმევინებდით?"). ასევე, პრეცედენტად ჩაითვლება საპატრიარქოსგან წამოსული პოლიტიკური რეკომენდაციების იმპერატიული ხასიათი: პატრიარქის ნება უფრო მაღლა არ დგას, ვიდრე კონსტიტუცია?
უფრო ღრმა პრობლემაა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის კრიზისი. ბევრ ადამიანს, მათ შორის, როგორც ჩანს, დედაქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობას, არ მოსწონს მთავრობა. ეს სრულიად ნორმალური ვითარებაა დემოკრატიისთვის. კრიზისს ქმნის ის გარემოება, რომ, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აზრით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, გააგრძელოს მოღვაწეობა კონსტიტუციით განსაზღვრული ვადის ბოლომდე. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ ენდობიან ჩვენში არსებულ არჩევნების ინსტიტუტს, მაშასადამე - წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპსაც. ქუჩაში ფიზიკურად შეგროვილი ხალხი მათთვის უფრო სანდოა, ვიდრე არჩევნები, ვიდრე პოლიტიკური პარტიები, ვიდრე პარლამენტი; ხალხის მიერ სკანდირებული მოთხოვნა უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე კონსტიტუცია. ოღონდ, ეს არ არის დღევანდელი კრიზისი - ის, სულ მცირე, ოცი წელია, გრძელდება. სიტყვის ზუსტი აზრით, ეს ქრონიკული ავადმყოფობაა, რომელიც პერიოდულ „კრიზებად“ გვიბრუნდება.
ეს სენი როგორღა დავძლიოთ? მესამე დიდი პრობლემა იდეების კრიზისია. ოპოზიციას არ აქვს სხვა პასუხი, თუ არა პრეზიდენტის გადადგომა. მაგრამ იმას ვეღარავინ გვეუბნება, კიდევ რამდენი რევოლუცია და იძულებითი გადადგომა დაგვჭირდება ნორმალურ ყოფაში შესასვლელად. ხელისუფლება დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ თვითონვე არ სჯერა საუბრის აზრისა მათთან, ვისთვისაც დიალოგი „ეშმაკის ენაა“. კონკრეტული იდეები, თუ როგორ დავარწმუნოთ ადამიანები წარმომადგენლობითი დემოკრატიის სანდოობაში, არ ჩანს.
თუ კრიზისი გალიებით ჩახერგილი რუსთაველია, ის გადაიჭრება - ძალით, შელოცვით, დაყვავებით, მაგრამ გადაიჭრება. აი, იმ ნორმად ქცეულ კრიზისზე კი რა მოგახსენოთ - სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერ არ ჩანს.











ახალი კომენტარის გამოქვეყნება