ნულოვანი ინფორმაცია, ნულოვანი ინტეგრაცია
მარნეულის ტელევიზიამ აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო გადაცემის რედაქცია დახურა. რაიონის 100-ათასიანი ეთნიკურად აზერბაიჯანელი აუდიტორიისთვის ეს ადგილობრივი ინფორმაციის მიღების ერთადერთი სატელევიზიო წყარო იყო
2003 წლის მიწურულს, ვარდების რევოლუციიდან ერთი თვის თავზე ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ ყულარში ჩავიდა. სოფლის სკოლის ეზოში შეკრებილმა მოსახლეობამ სტუმრების მიახლოებისას იკითხა:
- А где Мамаладзе?
მათ ძალიან გაუკვირდათ, როცა უთხრეს, - რევოლუცია მოხდა და აღარც მამალაძეა გუბერნატორი და აღარც შევარდნაძე პრეზიდენტიო.
2006 წელს, გაერო-ს ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელების 83-მა პროცენტმა სახელმწიფო ენა არ იცის, შესაბამისად, არ უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს და ვერ კითხულობს ქართულ პრესას.
აზერბაიჯანულენოვანი მაყურებლების ძირითადი საინფორმაციო წყაროები აზერბაიჯანული, რუსული და თურქული ტელეარხებია. მათ ნაციონალურ ქართულ არხებზეც მიუწვდებათ ხელი, თუმცა ენის არცოდნა მოსახლეობას ხელს უშლის ინფორმაციის გაგებაში.
3 წლის მანძილზე მთელ ქვემო ქართლში, მარნეულის ტელევიზიის "მარნეული ტვ"-ს აზერბაიჯანულენოვანი ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც მოსახლეობას ადგილობრივ ახალ ამბებს მათთვის გასაგებ ენაზე აცნობდა. ეუთო_ს დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ კერძო ტელეკომპანიამ ეს რეიტინგული გადაცემა დახურა.
"ოთხი თვე როგორღაც ვიმუშავეთ, მაგრამ არჩევანის წინაშე დავდექით - ან გაკოტრება ან საინფორმაციოს დახურვა", - ამბობს ტელევიზიის დირექტორი შალვა შუბლაძე.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები ელშან ზეინალოვი აზერბაიჯანულად ახალ ამბებს ყოველ საღამოს უყურებდა.
"ქართული არ მესმის და მხოლოდ აქედან ვიღებდი ინფორმაციას. ერთი წლის მანძილზე ჩემი სოფლიდან ნაგავი არავის გაუტანია. ტელევიზიაში დავრეკე და მათ ჩვენი ამბავი გააშუქეს, პრობლემაც მოგვარდა", - ამბობს ელშან ზეინალოვი.
რეგიონში ამჟამად ეროვნული უმცირესობების ენაზე მხოლოდ გაზეთი "ტაიმერი" გამოდის, ისიც თვეში ერთხელ. გაზეთს ბრიტანული საერთაშორისო მედია ორგანიზაცია "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი" აფინანსებს. პროექტი ივნისში სრულდება და რა ბედი ეწევა შემდგომ "ტაიმერს", უცნობია.
ქალაქში არსებობს სათემო რადიო "მარნეული", რომლის მუშაობაც მხოლოდ ადგილობრივ თემზეა გათვლილი. ის დღეში რამდენიმე საათს მაუწყებლობს და სამენოვან გადაცემებს ამზადებს. რადიო დონორების ტექნიკური დახმარებით 3 წლის წინ გაკეთდა, თუმცა სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო. ახლა რადიოგადაცემები მარნეულის ცენტრალურ პარკში და ჩაიხანაში დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით ვრცელდება და ამიტომ მცირე აუდიტორია ჰყავს.
"ადგილობრივი ტელევიზია ინფორმაციულ ვაკუუმს ნაწილობრივ მართლაც ავსებდა. მე უკვე ვესაუბრე მის დირექტორს და ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ", - ამბობს ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ჰუსეინ იუსუბოვი. ის თავადაც მარნეულელია, ამიტომ კარგად იცნობს იქაურ პრობლემებს, თუმცა როგორ დაეხმარება ტელევიზიას, ჯერჯერობით არ იცის.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა მათ ინტეგრაციასაც ხელს უშლის.
"მოსახლეობა ხშირად რუსული წყაროებიდან იღებს ინფორმაციას. ეს განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები მეზობელი სახელმწიფოების საინფორმაციო ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან", - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი ინტეგრაციის საკითხებში თამარ კინწურაშვილი.
მისი აზრით, მარნეულის კერძო ტელევიზიის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. აზერბაიჯანულენოვანი ახალი ამბების გადაცემის დახურვა სარედაქციო გადაწყვეტილებაა. თუმცა მოსახლეობას შეუძლია პრეტენზია წაუყენოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რადგან, კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული ბიუჯეტის არანაკლებ 25% უმცირესობების ენაზე მომზადებულ გადაცემებს უნდა მოხმარდეს.
პირველი არხი კი ჯერჯერობით კვირაში მხოლოდ ერთხელ, დღის სამ საათზე გადასცემს 20-წუთიან საინფორმაციო გამოშვებას აზერბაიჯანულ ენაზე.
"ვიდრე სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების იმ დონეს უზრუნველყოფდეს, რომ მოსახლეობა სახელმწიფო ენას დაეუფლოს, ეს საკითხი სხვაგვარად უნდა გადაწყდეს", - ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი და იხსენებს, რომ მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობის დროს არსებობდა პროექტი, რომელიც, ფინანსების ნაკლებობის გამო, ვერ განხორციელდა.
პროექტი საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული ბიუროების შექმნას და ინფორმაციის ადგილზე თარგმნას ითვალისწინებდა.
"იმედია, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან სამოქმედო გეგმაში შეტანილია", - ასეთია თამარ კინწურაშვილის პოზიცია.
სანამ სახელმწიფო ახალი სამოქმედო გეგმის რეალიზებას მოახერხებს, მარნეულის ტელევიზიას აქვს შანსი, ინფორმაციული ვაკუუმი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და მომგებიან ბიზნესპროექტად აქციოს. ეს კი მართლაც მათი მენეჯმენტის კომპეტენციაა.

კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება