• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ორმხრივი მადლიერება

დასაბეჭდი ვერსია

ძლივს მოვწყდი ტელევიზორს და ინტერნეტს, სადაც ყველა გიგი უგულავას მცხობელის, ფანჯრების  მწმენდავის, ყასბის და უბრალოდ მშრომელის ახლად აღმოჩენილ ნიჭზე საუბრობდა და წავედი საქმეზე: ”ალუმნაის კლუბის პირველი შედეგების ” გასაგებად 1-ელ საჯარო სკოლაში.

გიგი უგულავა იქ უკვე აღარ დამხვედრია, რადგან იმ წუთებში, სავარაუდოდ, ”მითანაში” ემსახურებოდა კლიენტებს. თუმცა, მის სახელს მაინც ვერ გავექეცი. სკოლის დირექტორიცა და მასწავლებლებიც - დაჯილდოების დროს, მადლობების დროს, კარგი კურსდამთავრებულების გახსენების დროს, სკოლის ”ყველაზე დიდ გულშემატკივრების” ჩამოთვლის დროს და პირადად ”ლიბერალთან” ინტერვიუშიც, მისი სახელის ხსენებით არ იღლებოდნენ.

”ჩვენი სკოლის პირველი გულშემატკივარია, გიგის დამოკიდებულება სკოლის მიმართ არის მზრუნველი”, - ეს სიტყვები არაერთხელ გაიმეორა იმ სკოლის დირექტორმა, რომლის კურსდამთავრებულიც გიგი უგულავაც ყოფილა.

1-ელ საჯარო სკოლას გაუმართლა. გიგი უგულავას გარდა, ეს სკოლა ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა და განათლების მინისტრის მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემაც დაამთავრეს. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოადგილის შესახებ ერთი სენტიმენტალური დეტალიც გაანდო - სკოლაში შემოსვლისას ჩემს მოადგილეს, კოკას თვალზე ცრემლი მოადგაო. თვითონ ბატონმა კოკამ კი ღვაწლი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკარგა და საგანგებოდ აღნიშნა, ნიკა გილაურს და დავით ბაქრაძეს შეხვედრაზე დასწერების დიდი სურვილი ექნებოდათ, საზღვარგარეთ რომ არ ყოფილიყვნენო.

დაახლოებით ნახევარ-საათიანი შეხვედრა სენტიმენტალური გამოდგა. დიმიტრი შაშკინი და მისი ქველმოქმედი სტუმრები დარბაზის შუაში ისხდნენ. წინა რიგებს მასწავლებლები იკავებდნენ, უკან კი, ცალკე სკამებზე ოცამდე მოსწავლე იჯდა, რომლებიც მთელი ზეიმის განმავლობაში წელში გამართულნი, გაუნძრევლად უსმენდნენ გამომსვლელებს. საზეიმო განწყობის შექმნაში დიდი წვლილი საგანგებოდ ცნობილი კურსდამთავრებულების დასახვედრად მომზადებულმა პედაგოგებმა შექმნეს. დარბაზში არ ილეოდა ტკბილი სიტყვები, მოგონებები, კურიოზები მინისტრის მოადგილისა და ვიცე-მერის ბავშვურ ცელქობებზე, არა მარტო მათი, არამედ მათი ოჯახების და გიგის თანადგომაზე. მქუხარე ტაში კი სტუმრებს სათქმელს ხშირად აწყვეტინებდა.

პრეზენტაციის პიკი ღვაწლმოსილი მასწავლებლებისთვის ფულის დარიგების რიტუალი იყო. დარბაზში შეკრებილ გახარებულ მასწავლებლებს მოულოდნელად კონვერტები ჩამოურიგეს და ფულადი პრემიები გადასცეს. სკოლის დირექტორმა, ლელა წიქარიშვილმა აღნიშნა, რომ ”ალუმნაის პროგრამით” სკოლის ბიუჯეტში შესული 10 ათასი ლარიდან დაახლოებით 3400 ლარი 30-მდე მასწავლებელს პრემიების სახით გაუნაწილეს.

მამუკა ახვლედიანმა დაჯილდოებულ მასწავლებლებს სათითაოდ ჩამოუარა და გულთბლად გადაკოცნა. მანამდე კი გაამხილა, რომ რუსთაველზე მშვიდად გავლა არ შეუძლია და არა მარტო ქართველებთან, უცხოელებთანაც ამაყობს, რომ პირველ სკოლა აქვს დათავრებული. ამ სიამაყის და მადლიერების ნიშნად ”ალუმნაის პროგრამის” ფარგლებში მან მშობლიურ სკოლას 1000 ლარი შესწირა. განათლების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ კი - 500 ლარი.

სახელოვან მოსწავლეებს და მინისტრს ვალში არც პედაგოგები დარჩენილან: პრემიების გადაცემის შემდეგ, მქუხარე ტაში რომ შეწყდა, დარბაზში მუსიკა გაისმა. სცენაზე რამოდენიმე ახალგაზრდა მასწავლებელი ავიდა და სტუმრებს მოკრძალებული საჩუქარი გაუკეთა - წინასწარ მომზადებული სიმღერა უმღერა. ” არც მოლოდინი არც შეხვედრები, თითქოსდა ცხადად არც იყო...”, - მღეროდნენ მასწავლებლები ჯანსუღ კახიძის მელოდიას.

ამდენ სიხარულში, მადლიერებაში და მღელვარებაში კიდევ ის გავიგე, რომ პროექტ ”ალუმნაის” პირველი შედეგები სამინისტრომ ცალსახად წარმატებულად შეაფასა. ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი შაშკინმა თქვა, რომ ამ პროექტით საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მილიონამდე ლარი შევიდა. თუმცა, ალბათ, საერთო საზეიმო განწყობის გამო ის სკოლები, რომლებსაც ცნობილი, წარმატებული და მდიდარი კურსდამთავრებულები არ ჰყავთ და ”ალუმნაის კლუბის” ქველმოქმედებით ჯერ არ უხეირიათ, აღარ გახსენებია.

P.S. პირველმა  საჯარო სკოლამ ”ალუმნაის” ფარგლებში დაახლოებით 10 000 ლარი მოაგროვა, თუმცა სკოლის დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე ეს თანხა კიდევ გაიზარდა. მოგროვილი თანხიდან პირველ რიგში სკოლა განათლების სამინსიტროს ერთ-ერთ პროექტს - ”უსაფრთხო სკოლას” გამოეხმაურა და დაახლოებით 3000 ლარი სკოლაში 16 სათვალთვალო კამერის დამონტაჟებისთვის გამოყო.

0 0

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.