აბა, ერთი იმ ქვედა ფოტოს დახედეთ... ხომ გეცნობათ? ხომ არაფერი მეშლება? ხომ თქვენ გეკუთვნით ეს განწირული შეძახილი? ხომ თქვენ დაწერეთ ეს ტექსტი? ხომ თქვენ მოათავსეთ ფურცელი ცელოფანის პარკში? ხომ თქვენ გააკარით ის ხეზე ბულბულების ჭალაში კუს ტბის მიდამოებში? ვიცი, რომ თქვენ იყავით, პირქუშო სულებო, ეულად რომ დაიარებით თბილისის შემოგარენში და ასეთ გამეხებულ გზავნილებს უტოვებთ ღორებს! თქვენ გარდა ვინ გაბედავდა ამას? ვერავინ! ვერც მე ვბედავ ამას, ჩემო კარგებო! მე მხოლოდ თქვენს ნაფეხურებს მოვყვები. შეუმჩნევლად. მოწიწებით...
არა, საყვარლებო, არა, ხეებზე წარწერების გაკვრის რიტუალს ჯერ არ შევსწრებივარ, არც თქვენ გიცნობთ, მაგრამ ტანით ვგრძნობ (ან იქნებ მეჩვენება?) ხოლმე თქვენს სიახლოვეს. ზოგჯერ მგონია, რომ თვალიც კი მომიკრავს თქვენთვის! თქვენ ხომ არ იყავით ის ქალბატონი ამას წინათ ტყეში სეირნობისას რომ გადავეყარე? ეჭვის თვალით შემომხედეთ და არც კი მომესალმეთ! არა, არაფერი მწყენია, რადგანაც ვიცი რამდენად რთული მისია გაკისრიათ! ადვილი საქმე ხომ არაა ტყე-ღრეში სიარული, სხვების დაყრილი ნაგვის შეგროვება და ერთ ადგილზე შექუჩება? ჰო, ვიცი სადაა ის ადგილები კუს ტბის ზემოთ გაშენებულ ტყეებში თქვენ რომ შეგროვებულ ნაგავს აქუჩებთ ხოლმე! მეც, მეც იქ მიმაქვს ყველაფერი რასაც ხეტიალისას ვპოულობ, რამდენიმე წუთით დავცქერი თქვენ მიერ აღმართულ ნაგვის პირამიდებს და თვალებით დაგეძებთ, რჩეულებო! ვაგლახ, თქვენ ამ დროს უკვე სხვაგან იღწვით... იცით, მეც თქვენნაირი ეჭვიანი გამოხედვა გამიჩნდა... მეც აღარ მეზარება დახრა და პლასტმასის ბოთლის მიწიდან აღება, მაგრამ ვაღიარებ დაუხვეწელი ვარ ჯერ და უგუნური, ამიტომაც კიდევ დიდხანს იმეორებს ექო ჩემს "ტ"-ებით და "ყ"-ებით სავსე სიტყვებს (იცით რას დავაკვირდი? თურმე ექოს სულაც არ უჭირს "ტ"-ს და "ყ"-ს გამოთქმა!)... თქვენ კი მდუმარედ ბრუნდებით სახლში და დაუღალავად წერთ, წერთ, წერთ გულისგამგმირავ გზავნილებს...
მერე რა, რომ იმ დღეს გაბრაზებული იყავით და ოდნავ უკმეხი გზავნილი გამოგივიდათ ღორებისადმი? სამაგიეროდ რად ღირს თქვენი აი ეს ცელოფანშემოსილი ლექსი, ტოტზე რომ ირწეოდა: "ყველა თუ არ გამოვფხიზლდით, / არ ავტეხეთ განგაში, / მალე თავად დავიხრჩვებით / ჩვენს საკუთარ ნაგავში!" ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩემთვის! იქვე დავიზეპირე, გულის ფიცარზე ჩავიწერე და გზა რომ გავაგრძელე, ჩურჩულით ვიმეორებდი ამ ჯადოსნურ სიტყვებს! და მერე კი... ნახევარი კილომეტრიც არ მქონდა გავლილი მეორე ლექსს რომ გადავეყარე ხის ტოტზე. ღმერთო დიდებულო, ვინღა, ვინღა მიმართავს ასეთი მართალი სიტყვებით ღორებს?! აი ეს ლექსიც: "კვლავ თუ ასე გავაგრძელეთ /საქმე მტრობის სადარი, / ვაჩანაგეთ ბუნება / და ირგვლივ ვყარეთ ნაგავი... / ჩვენს მომავალს მხოლოდ ზღაპრად / დარჩება ეს ამბავი, / უწინ თუ რა ტურფა იყო / საქართველოს მთა-ბარი!" იმ დღეს ბევრი ვიტირე! ნუ შეშფოთდებით, საყვარლებო, სიხარულისგან, სიხარულისგან ვტიროდი! სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ფიცი დავდე, რომ არ დავუთმობდი თქვენს ლექსებს გასანადგურებლად არც წვიმას, არც ქარს, არც თოვლს, არც მზეს და არც ღორებს! არა, საყვარლებო, არ დაკარგულა თქვენი სიტყვები! იცოდეთ, არის ადამიანი ამ ქვეყანაზე, ვინც თქვენს ნაკვალევზე დაიარება და მომავალ თაობებს უტოვებს თქვენს შემაშფოთებელ შემოქმედებას! ვინ დაგიფასებთ, საყვარლებო, ამ სულისკვეთებას? არ ვიცი... და მაინც, იმედით ხართ სავსენი, იმედდაკარგულთა ქალაქში...
ერთ ლექსსაც შევბედავ მკითხველს. ჭეშმარიტ შედევრს! ყველაფრის მთქმელს! აი ისიც: "მინდა სათქმელი გადმოქცეთ / კაფია ანდაზიანი. / ვრწმუნდები მაიმუნისგან / შეიქმნა ადამიანი. / უგუნურ ადამიანსა / სჯობს მაიმუნი ჭკვიანი... / თუ მაიმუნი არ არის / ნაგავს ვინცა ყრის ვინ არის?" ან კიდევ: "სულ მაღლა რომ იყურები არაფერი გამოვა, / ნაგავს რომ ჰყრი, შენც მოგიწევს ან ნაგავში გ ა მ ო ვ ლ ა!"
...ხომ ხედავთ ვერ გელევით, შეუდარებელნო, მაგრამ უნდა წავიდე! რომ იცოდეთ როგორ მინდა, მეც შემეძლოს ასეთი მრისხანე ტექსტების წერა, მათი ცელოფანში შეფუთვა და ხეებზე ჩამოკიდება! რომ იცოდეთ როგორ მინდა, რომ მთელმა ქვეყანამ ზეპირად იცოდეს თქვენი ლექსები! ჩემო საყვარლებო, რომ იცოდეთ როგორ მინდა, რომ საერთოდ არ არსებობდეთ!











ახალი კომენტარის გამოქვეყნება