• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება.

ტანკი

აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

30 აპრილს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ხელი მოაწერეს "შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში ერთობლივი ძალისხმევის შესახებ". დოკუმენტში მკაფიოდ არის განსაზღვრული რუსეთის ფუნქციები, მაგრამ არაფერია ნათქვამი, რა ევალებათ აფხაზებს.

მიუხედავად სიტყვა "ერთობლივისა", რომელიც დოკუმენტის სათაურშივე ფიგურირებს, შეთანხმება ცალმხრივია.

თავად განსაჯეთ, პრეზიდენტ ბაღაფშს, რომელიც დოკუმენტს აწერს ხელს, არ აქვს უფლება, საგუშაგოზე მივიდეს და დააკვირდეს, როგორ იცავენ მესაზღვრეები აფხაზეთის საზღვარს. ყველაფერი საგუშაგოს რუსი უფროსის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული - ისურვებს ბაღაფშის შეშვებას, ჰო კარგი, თუ არადა, უკან გააბრუნებს.

ნონსენსი არ არის, სახელმწიფოს პირველ პირს სახელმწიფო საზღვრის შემოწმება რომ არ შეუძლია?

ძნელი სათქმელია, რა მიზანი ამოძრავებდა რუსეთს, ან რას ფიქრობდნენ ისინი, ვინც ხელს აწერდა დოკუმენტს აფხაზეთის მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეთანხმება აფხაზეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ პასუხობს.
თხუთმეტი წლის განმავლობაში, ჩვენ, აფხაზები, ავად თუ კარგად, თავად ვიცავდით ჩვენს საზღვრებს. ჩვენთვის დამოუკიდებლობა არავის გადმოუცია საჩუქრად. შეიძლება, ვინმე შეცდომით ფიქრობს, რომ ჩვენ იგი გასული წლის 26 აგვისტროს მივიღეთ. ასეთებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დამოუკიდებლობა ბევრად ადრე – 1993 წლის 30 სექტემბერს მოვიპოვეთ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, სადაც ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა.
რა თქმა უნდა, სისულელეა იმის მტკიცება, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ადგილი აფხაზეთში არ არის; ჩვენს ტერიტორიაზე მათი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყოფნა ღირსეული უნდა იყოს. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერესები.

ვფიქრობ, აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვა, პირველ რიგში, სწორედ აფხაზების ინტერესია. არაფერი დაშავდებოდა, თუ საგუშაგოზე, სადაც 35-40 მესაზღვრე მსახურობს, რუსული ქვედანაყოფის რიგებში აფხაზი მესაზღვრეებიც იქნებოდნენ; თუნდაც, ხუთი ჯარისკაცისა და ერთი ოფიცრის შემადგენლობით. მაგრამ ამას შეთანხმება არ ითვალისწინებს. გამოდის, საგუშაგოზე აფხაზეთის დროშა არ იქნება? თუ იქ აფხაზი მესაზღვრეები არ დგანან, მაშასადამე, იქ არც აფხაზეთის დროშა იქნება.

დღეს ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ არც იმის გარანტია არსებობს, რომ მომავალში რუსეთში ახალი "კოზირევები" არ გაჩნდებიან.

არაფერი დაშავდება, ეს შეთანხმება ხუთის ნაცვლად ასი ან ორასი წელი გაგრძელდეს, მაგრამ ერთი პირობით – მოდით, ერთობლივად, რეალურად ერთობლივად დავიცვათ საზღვარი. მესაზღვრეთა კონტინგენტი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მასში 15-20 პროცენტი მაინც ჰქონდეს აფხაზურ მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება კითხვა: მაშინ, სად არის აფხაზეთის მოქალაქეების ფუნქცია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხში? ჩვენი ახალგაზრდები ჯარში უნდა მსახურობდნენ, თუ მხოლოდ სასკოლო სამხედრო კურსის გავლით დაკმაყოფილდნენ?

ვითარება რომ შეიცვალოს? მაშინ ჩვენ ისეთივე მოუმზადებლები შევხვდებით მტერს, როგორც 1992 წელს.

არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ ორი სტრუქტურა – სახელმწიფო უშიშროების სამსახური და თავდაცვის სამინისტრო გაერთიანდებოდა და მათ ბაზაზე შეიქმნებოდა ეროვნული უშიშროების სამინისტრო, რომელიც ქვეყნის საზღვარს რუსეთთან ერთად დაიცავდა. მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმებით კი აფხაზ მესაზღვრეებს ფუნქცია დაეკარგათ.

აფხაზეთის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი დღეს და შორეულ პერსპექტივაშიც რუსეთია თუ, რა თქმა უნდა, იგი თავად არ იტყვის უარს ჩვენზე. აფხაზეთი სხვა ვარიანტს ვერ ხედავს. სხვა ვარიანტი არ არის და არც შეიძლება იყოს. მაგრამ, რუსეთთან ურთიერთობები გამართულად უნდა ავაწყოთ.

დავაკვირდეთ ჩეჩნეთს. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა კადიროვმა, ავად თუ კარგად, რესპუბლიკაში გარკვეული წესრიგის დამყარება შეძლო. მცირდება ფედერალური ჯარების რაოდენობა. სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, მოკლე დროში ასეთი პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, მოსკოვს ფსონი თავის არმიაზე რომ დაედო და არა თავად ჩეჩნებზე. ახლა იქ მშვიდობაა. ჩეჩნეთში ახალი ცხოვრება დაიწყო.
კადიროვს ჰყავს ქვედანაყოფები, რომლებიც, რუსეთის ფედერაციის სახელით, სხვადასხვა ქვეყანაში სამხედრო მისიას ახორციელებენ. ასე იყო, მაგალითად, ლიბანში, სადაც ჩეჩნური ქვედანაყოფები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდნენ; ან სამხრეთ ოსეთში, სადაც ჩეჩნურმა ბატალიონმა რთულ ამოცანებს გაართვა თავი.

ჩეჩნეთი ხომ რუსეთის ფედერაციაში შედის? ჩვენ კი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი გვაქვს. მაშ, რა გვიშლის ხელს, ეფექტური ძალოვანი სტრუქტურები შევქმნათ? აფხაზეთსაც შეუძლია ჰყავდეს განსაკუთრებული რეაგირების ბატალიონი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ერთად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რთულ ამოცანებს გაუმკლავდებოდა. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვა "მოკავშირეობა".

ჩვენ რომ გამართული სტრუქტურები გვქონოდა, ასეთ შეთანხმებას არ დავდებდით. მოვრჩეთ საკუთარი თავის მოტყუებას, ნუ გამოგვყავს თავი გმირად. ყველამ იცის ჩვენი პრობლემები. ყველამ იცის, როგორ მიმდინარეობდა კოდორის ოპერაცია და რის ხარჯზე მივაღწიეთ შედეგს. დღეს კი ამ ოპერაციისთვის მედლებს ვარიგებთ. ეს მათი დაცინვაა, ვინც წელიწადი და ორი თვე დაუღალავად იბრძოლა, მიწას ჭამდა და სამშობლო გაანთავისუფლა. სიმართლე უნდა ვთქვათ. და, პირველ რიგში, ეს სიმართლე საკუთარ თავს არ უნდა დავუმალოთ. მოსკოვთან გაფორმებული შეთანხმება ძალიან ცუდია.

ნურავინ ეცდება ამ სტატიის ავტორი რუსეთის საწინააღმდეგო განწყობებში დაადანაშაულოს. ჩემი აზრით, აფხაზეთში ანტირუსულ განწყობებს დაუნდობლად უნდა ვებრძოლოთ, რუსოფობია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ხარისხში უნდა ავიყვანოთ.

მაგრამ, რუსულმა მხარემაც უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობა მას არ უჩუქებია. ჩვენ იგი თავად მოვიპოვეთ. მოსკოვმა ჩვენი დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა. ჯერ კიდევ 1999 წელს, ელცინის მმართველობის ბოლოს, პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა ვლადიმირ პუტინმა თავიდანვე გაიაზრა, რომ აფხაზებს დამოუკიდებლობის გზაზე ვერაფერი შეაჩერებდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აფხაზეთის მიმართ შემწყნარებლობის პოლიტიკა, რომელიც საბოლოოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა. როგორც ჩანს, აღიარების შემდეგ პუტინის გუნდმა აფხაზეთის საკითხზე მუშაობას თავი დაანება, თორემ ასეთ დოკუმენტს არ მივიღებდით.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ დოკუმენტით რუსეთის მხარე იხეირებს, ძალიან ცდება. აფხაზეთში რუსეთის დასაყრდენი პატრიოტები უნდა იყვნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს მოსკოვი აფხაზეთში ძლიერი პოზიციების შენარჩუნებას. ხოლო, მსგავსი შეთანხმებების შემოთავაზებით, მოსკოვი უბრალოდ დაკარგავს აფხაზეთში თავის პოზიციებს.

გარდა ამისა, მიუხედავად დიდი პატივისცემისა ოსი ხალხის მიმართ, არასწორია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთ სიბრტყეში განხილვა. ორივე რესპუბლიკისთვის ერთნაირი შეთანხმება დაიწერა, მათ შორის განსხვავება არავის გაუთვალისწინებია.

ასეა თუ ისე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს განსხვავებული ამოცანები და მიზნები აქვს. ოსი ერი – ორად გაყოფილი ერია და სავსებით გასაგებია მისი სწრაფვა გაერთიანებისკენ. მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვაშენებთ. ვლადისლავ არძინბამ ბევრი დოკუმენტი დაგვიტოვა – დაწყებული 1994 წელს მიღებული კონსტიტუციით. ჩვენ ამ დოკუმენტების მიხედვით უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება.

მოსკოვში ხელმოწერილ დოკუმენტში ნებისმიერი იურისტი აღმოაჩენს ათობით წინააღმდეგობას აფხაზეთის კონსტიტუციასთან. პრეზიდენტ ბაღაფშს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ხელი არ უნდა მოვაწეროთ იმას, რაც ჩვენი ქყვეყნის მთავარ კანონს ეწინააღმდეგება. ყოველთვის იქნებიან ზიუგანოვები და ჟირინოვსკები, რომლებიც ხვალ ან ზეგ იტყვიან (ზოგიერთი მათგანი დღესაც ამბობს), რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ რეფერენდუმი, სადაც აფხაზმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ აირჩია გზა და არავითარი სხვა რეფერენდუმები არ გვჭირდება. არ ვაპირებთ მუდმივად მუხლმოდრეკას და ღრეჯას. ღირსეულად უნდა მოვიქცეთ, რომ სხვამ პატივი გვცეს.

გამომდინარე მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტიდან, დღეს, როცა აფხაზეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, ჩნდება კითხვა: გვჭირდება კი მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა?
გაუგებარია, რატომ მოხდა სასაზღვრო შეთანხმების საიდუმლოდ შემუშავება? ნუთუ, არავინ იფიქრა, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი აუცილებლად პარლამენტში უნდა განხილულიყო, საზოგადოების სამსჯავროზე გამოსულიყო და ყველას ერთად მიგვეღო გადაწყვეტილება. დღეს იგი უკვე ხელმოწერილია და მასში ცვლილებებს ვერ შევიტანთ.

საკუთარ თავს სიმართლე უნდა ვუთხრათ – სახელმწიფოს ასე შენება არ შეიძლება! დიახ, ჩვენ ველოდით, რომ რუსეთთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოს ავაშენებდით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ ანკლავს ვაშენებთ.

პრეზიდენტ მედვედევისა და პრემიერ პუტინის მმართველობისას აფხაზეთს არაფერი ემუქრება. მაგრამ, რა იქნება ხვალ, არავინ იცის. ცოტა ხნის წინ, ჩვენს მეზობლად – სოჭში კინაღამ ნემცოვი აირჩიეს მერად. ნემცოვი – ნაძირალა, რომელიც ელცინის დროს აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრე იყო.

სად არის გარანტია, რომ მომავალში "ნემცოვები" რუსეთის ხელისუფლებაში არ მოვლენ, სამ დღეში ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარებს არ გაიყვანენ და ჩვენს მტერთან პირისპირ არ დაგვტოვებენ? რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში?

მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტი ჰგავს მამის დამოკიდებულებას თავისი უკანონო შვილის მიმართ. ასეთ შეთანხმებას სტრატეგიულს ვერ ვუწოდებთ. სტრატეგიული პარტნიორები ასეთ შეთანხმებებს არ აფორმებენ.

სტატია დაბეჭდილია გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდაში", რომელიც სოხუმში გამოიცემა. ასლან კობახია – აფხაზეთის გმირი, 1992-1993 წლების ომის დროს ხელმძღვანელობდა აფხაზეთის არტილერიას, შემდგომ წლებში კი სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.