Skip to content

ავტორიზაცია

ადვოკატები 371-ე პრიმა მუხლის წინააღმდეგ


ცრუ ჩვენების მიცემისთვის დასჯის მექანიზმის გამარტივება, ადამიანის უფლებათა დამცველების აზრით, გამოძიებისთვის მოწმეზე ზეწოლის ბერკეტად იქცა.

ილუსტრაცია გიორგი მასხარაშვილი
საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 30 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები და დამატებები შეიტანა. კოდექსში შევიდა ახალი, 371 პრიმა მუხლი, რომელშიც წერია: "მართლმსაჯულებისთვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე". ცვლილებების ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იყო. 
სისხლის სამართლის კოდექსში 2005 წლამდეც არსებობდა და ახლაც არის 370-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ცრუ ჩვენება დასჯადი ქმედებაა. პარლამენტმა კი, ორი მიზეზის გამო, არსებულ რეგულაციას ახალი მუხლი მაინც დაამატა. 
პირველი: პრიმა მუხლის დამატებამდე გართულებული იყო ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტის დადგენა და დასჯა, რადგან ამას დამატებითი გამოძიება და სასამართლო პროცესი სჭირდებოდა; და მეორე: 370-ე მუხლი იძლეოდა ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომელიც ცრუ ჩვენების მიმცემს, ჩვენების გადათქმის შემთხვევაში, არ სჯიდა. თუნდაც მოწმეს სიმართლე მხოლოდ რაიმე პირადი გამორჩენის მიზნით ეთქვა. 
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე და ცვლილების მხარდამჭერი, გიგა ბოკერია 371-ე პრიმა მუხლის შემოღებას ასე ხსნიდა: "მიზეზი იყო ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა. დაზარალებული მოწმეების მიერ ჩვენებების შეცვლა, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით, ჩვეულებრივ ბიზნესად იქცა".  
ადამიანის უფლებების დამცველები ამბობენ, რომ 371-ე პრიმა მუხლი მოწმეზე ზეწოლის საშუალებას იძლევა. ადვოკატების ნაწილის აზრით, მუხლი საშუალებას აძლევს გამოძიებას, თუკი ის აიძულებს და მოწმეს მიაცემინებს მისთვის სასარგებლო ჩვენებას, ჰქონდეს შედარებით მყარი გარანტია, რომ პროცესზე ეს ჩვენება აღარ შეიცვლება. ამ მუხლის მიხედვით, საკმარისია სასამართლომ ჩათვალოს, რომ ჩვენება არსებითად შეიცვალა, მოწმე შეიძლება სასამართლო პროცესზევე დააკავონ და პაუხისგებაში მისცენ.
371-ე პრიმა მუხლი ამოქმედდა მოქალაქე გელა ქვარიანის წინააღმდეგაც. მისი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი 2007 წლის 1 ივნისს სადგურის ტერიტორიაზე სასადილოში არაყს სვამდა. მოგვიანებით ქვარიანი მეზობელ სუფრას შეუერთდა და მათთან ერთად განაგრძო სმა. დილის 5 საათზე სუფრის ერთ-ერთმა წევრმა ქვარიანს მობილური გამოართვა და აღარ უბრუნებდა. ქვარიანმა პატრულს მიმართა. პოლიციელებმა მობილური ტელეფონი იქვე, ნაგვის ყუთთან დაგდებული იპოვეს და სუფრის წევრებიდან ერთ-ერთი _ მიხეილ ლეჟავა დააკავეს.
საქმის გამომძიებელი პროკურორი ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილზე დაზარალებული ქვარიანი ლეჟავაზე მიუთითებდა, – მან გამომართვა მობილურიო. 
მოგვიანებით სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მიწვეულმა ქვარიანმა თქვა, რომ ნასვამი იყო და არ ახსოვდა, თუ რა კითხვებს უსვამდა მას გამომძიებელი და რას პასუხობდა თავად. ქვარიანი ამბობდა, რომ არ იცნობს მიხეილ ლეჟავას და ის პირველად სატელევიზიო გადაცემა "პატრულში" და შემდეგ სასამართლო პროცესზე ნახა. 
ამ ჩვენების შემდეგ დაზარალებული გელა ქვარიანი თავადაც დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ სასამართლოზე მან თქვა, რომ კვლავ ადასტურებდა ჩვენებას, რომ ვერ ამოიცნო მიხეილ ლეჟავა. გელა ქვარიანს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელდა. 
7 თებერვალს გელა ქვარიანის მესამე პროცესი ჩატარდა, სადაც მან გაიმეორა შემთხვევის ადგილზე მიცემული ჩვენება - რომ მას მობილური მიხეილ ლეჟავამ წაართვა. ამ ჩვენების მიცემის შემდეგ ქვარიანი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. 8 თებერვალს კი მიხეილ ლეჟავას საქმის განხილვა გაიმართა, სადაც პროკურორმა ქვარიანის შეცვლილი ჩვენება მოსამართლეს ახალ მტკიცებულებად წარუდგინა. მოსამართლე სანდოძემ მიხეილ ლეჟავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
371-ე პრიმა მუხლი კაციტაძეების ოჯახის საქმის შემთხვევაშიც გამოიყენეს. ოჯახის სამივე წევრის დაპატიმრების საბაბი მათივე ტელევიზორი გახდა. 2007 წლის 2 იანვარს მშობლები და მათი ვაჟიშვილი - მათე სტუმრად იმყოფებოდნენ დეიდასთან. მათე სახლში მშობლებზე ადრე დაბრუნდა, საკუთარი ბინიდან ტელევიზორი გაიტანა, ლომბარდში 70 დოლარად ჩააბარა და ფული მეგობრებთან ერთად დახარჯა. სახლში დაბრუნებულ მშობლებს ტელევიზორი ადგილზე რომ არ დახვდათ, პატრული გამოიძახეს.  
პატრულმა საქმე აღძრა, მათე დააპატიმრეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როცა მშობლებმა შეიტყვეს, რომ ტელევიზორი სახლიდან შვილმა გაიტანა, სცადეს იმის მტკიცება, რომ ნივთი ოჯახის საერთო საკუთრება იყო და მისი განკარგვის უფლება მათესაც ჰქონდა. ეს გარემოება მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინა და დაადგინა, რომ მათე კაციტაძე საკუთარი ოჯახიდან საკუთარ ტელევიზორს ვერ მოიპარავდა. მათე 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს.
კაციტაძეების ოჯახმა 371-ე პრიმა მუხლის არსებობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც შვილის გათავისუფლებიდან 2 დღის შემდეგ ცოლ-ქმარი ჩვენების გადათქმისთვის დაიჭირეს და საქმე მათ წინააღმდეგ სწორედ ამ მუხლით აღძრეს. პირველ სასამართლო სხდომაზე მშობლებმა თქვეს, რომ "პატრულში" გაქურდვის ფაქტის გამო დარეკეს, თუმცა რაც გაიგეს, რომ ტელევიზორი სახლიდან შვილმა წაიღო, მათ ჩვენება შეცვალეს. 
ცოლ-ქმარი ციხიდან გირაოს საფუძველზე გამოუშვეს. მოგვიანებით კაციტაძეები გაასამართლეს და 5000-ლარიანი საპროცესო გარიგება გაუფორმეს, რომლის დასაფარად ოჯახმა აგარაკი გაყიდა. 
371-ე პრიმა მუხლის დამცველები ამბობენ, რომ მცირე ხარვეზების მიუხედავად, მისი არსებობა მაინც მნიშვნელოვანია. "ასე, უნივერმაღის კარივით რომ იღები აქეთ და იქით და ჩვენებას ცვლი, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ საზოგადოებას პრობლემები აქვს თავის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით", - ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი. მისი თქმით, მოწმეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ჩვენების საფუძველზე, ვინმეს დასჯიან ან გაამართლებენ. 
"სტატისტიკა დაადასტურებს, რომ ამ მუხლით ყოველთვის აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებმაც ბრალდების სასარგებლოდ მიცემული ჩვენება დაცვის სასარგებლოდ შეცვალეს", - ამბობს კახა კუკავა, 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, რომელმაც კოდექსში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. 
ცვლილების ოპონენტებს მსგავსი დასკვნების გაკეთების საფუძველს ისეთი შემთხვევები აძლევს, როგორიცაა ათო ჭელიძის მკვლელობის საქმე. რაჭის რაიონის სოფელ ჭელიაღელეში ჭელიძის ბინაში ნიღბიანი ყაჩაღები შევიდნენ და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. მკვლელობისთვის, რომელსაც ოჯახის წევრებიც შეესწრნენ, მოგვიანებით ისიდორე, ზაზა და ზურა დალაქიშვილები დააკავეს. მკვლელობის მოწმემ და მოკლულის ცოლმა ნატო გაბელაშვილმა თავდაპირველი დაკითხვის დროს განაცხადა: "გამოვრიცხავ, რომ რომელიმე თავდამსხმელი სოსო დალაქიშვილი ყოფილიყო, რადგან მე აუცილებლად ვიცნობდი მას. ის ბეჭებშია მოხრილი და რუსული აქცენტი აქვს". საოლქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობის დროს ნატო გაბელაშვილმა ჩვენება შეცვალა და ისიდორეს ხელი დაადო, როგორც მკვლელს. გაბელაშვილის წინაღმდეგ ჩვენების შეცვლისთვის საქმე არ აღძრულა.  
კანონით, შეცვლილი ჩვენება მართლმსაჯულებისთვის ძალას კარგავს და თუ რომელიმე მოსამართლე შეცვლილ ჩვენებას იყენებს და მასზე დაყრდნობით განაჩენი გამოაქვს, ეს კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა. თუმცა, გაბელაშვილის შეცვლილი ჩვენება ჯერ საოლქო, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის დალაქიშვილებისთვის განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.