Skip to content

ავტორიზაცია

ოსი დევნილები


სიღარიბიდან ფუფუნებამდე და ფუფუნებიდან დევნილობამდე - გზა, რომელიც ოცდაათმა ოსურმა ოჯახმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განვლო.
მარიკა ქოჩიაშვილი

ცხინვალელი დევნილები სოფელ შაუმიანში

მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში, აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის შექმნილ კომპაქტურ დასახლებებს ოცდაათი ოსური ოჯახიც აფარებს თავს. 
ოცდაათივემ ცხინვალი თითქმის ერთდროულად, 2007 წლის ნოემბერში დატოვა და სამხრეთ ოსეთის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელში - ხეითში დასახლდა. ხეითი დღეს ოკუპირებულია.
ამ სოფელში ცხინვალელები მას შემდეგ გადმოვიდნენ, რაც დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი კეთილმოწყობილ ბინებს, სამუშაო ადგილებს და ფულად კომპენსაციას დაჰპირდათ.
"ამ ხალხს იმაზე უკეთესი პირობების შექმნას დავპირდით, ვიდრე მათ ცხინვალში ჰქონდათ, ან შეიძლება ოდესმე ჰქონოდათ. ჩვენს სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ. მომავალში ამ ოცდაათ ოჯახს კიდევ ბევრი მიბაძავს და კოკოითი თავისი კრიმინალური გარემოცვის ამარა დარჩება", - აცხადებდა დიმიტრი სანაკოევი ცხინვალიდან გადმოსული ოჯახების პირველი ნაკადის მიღებისას.
პირველ ნაკადს ხეითში ალბინა ალბაროვა ორი წლის ვიკასთან ერთად ჩამოჰყვა. ალბინა ამბობს, რომ შეთავაზებულ წინადადებაზე უარი ვერ თქვა:
"საშინლად გვიჭირდა. ბინაზე და სამსახურზე უარს ვერ ვიტყოდი. თუმცა იმან, რაც ხეითში დამხვდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩამოსვლისთანავე ბინის ორდერები და ფული მოგვცეს. სახლში რომ შევედი და ვნახე, ცხოვრება რა პირობებშიც მომიწევდა, შოკში ჩავვარდი. რამდენიმე დღე გაოგნებული დავდიოდი", - იხსენებს ალბინა უახლესი საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით გავსებულ თავის ბინას.
30 ოჯახის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველსაყოფად მხოლოდ 2007 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი დახარჯა. 
ხეითში ჩასახლებულ ოჯახებს ახლად აშენებულ, კეთილმოწყობილ ბინებთან ერთად ექვსი ათასი ლარი და სტაბილური სამსახურიც ერგოთ - ოჯახიდან თითო წევრი დროებით ადმინისტრაციაში იყო გაფორმებული და ყოველთვიურად 500 დოლარს იღებდა.
ჩამოთვლილი სიკეთეებიდან ხეითში გადმოსახლებულებს დღეს მხოლოდ ხელფასი შემორჩათ. 
ალბინამ 2008 წლის 9 აგვისტოს ხეითი ნაჩქარევად, მხოლოდ ტანსაცმლის ამარამ დატოვა. 
დღეს იგი სხვა 17 ოსურ ოჯახთან ერთად მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში, ყოფილი რუსული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე კორპუსებში ცხოვრობს. 
ლალი ფუხაევა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ლტოლვილთა საკითხებს კურირებს, ამბობს, რომ კიდევ სამი ოსური ოჯახია განსახლებული ლაგოდეხში, დანარჩენი კი - გორის რაიონში.
ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელი შაუმიანი მარნეულის რაიონიდან, სადაც უმრავლესობას ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ, 25 კილომეტრითაა დაშორებული. 
სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სოფელი შაუმიანი ხეითიდან დევნილებმა საცხოვრებლად თავად შეარჩიეს.
ალბინა და სხვა დევნილები ამბობენ, რომ სოფელში განაწილებით მოხვდნენ. საცხოვრებელ კორპუსებად გადაკეთებულ სამხედრო დასახლებაში შარშან დეკემბერში სულ 209 ოჯახი შესახლდა. ყველა აქ მცხოვრებს დევნილის მოწმობა ერთი თვის წინ გადაეცა.
"მადლობა დიმიტრი სანაკოევს, ყველაფრით კმაყოფილი ვართ", - ამას საუბრისას, ალბინას მსგავსად, მისი მეზობლებიც ხშირად ამბობენ, თუმცა ვერ მალავენ, რომ ცხინვალში დარჩენილ ნათესავებთან კავშირის გაწყვეტას ძალიან განიცდიან.
თავად ალბინას ცხინვალში, დედ-მამასთან, 14 წლის ვაჟი დარჩა.
"ცხინვალში ოსურ სკოლაში სწავლობდა და ხეითში ამიტომაც არ წამოვიყვანე. ომამდე შეხვედრას ვახერხებდით. ახლა ვერ ვნახულობ და არც ვიცი, ვნახავ თუ არა. ხეითში გადმოსვლის შემდეგ ჩვენ იქ მოღალატეებად შეგვრაცხეს და ნათესავებს ურჩიეს, ჩვენთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტათ", - ამბობს ალბინა.
აგვისტოს ომამდე ხეითში კიდევ 120 ოჯახისთვის მოასწრეს ბინების აშენება. უკვე დასრულებული იყო სპორტული კომპლექსი, პარკი, ატრაქციონები. 
ხეითში გადმოსახლებული ცხინვალელებისთვის უფასოდ მუშაობდა დაცვის სამსახური, მზარეულებისა და დამლაგებლების ბრიგადები. 
დროებით ადმინისტრაციაში უჭირთ იმ თანხის დაკონკრეტება, რაც ამ პროექტისთვის სრულად დაიხარჯა. თუმცა, ამბობენ, რომ პროექტისათვის საჭირო ხარჯები დღესაც გაიცემა. პროექტის ფარგლებში დროებით ადმინისტრაციაში "დასაქმებულებს" ხელფასები დღემდე ეძლევათ. ეს სამსახური სიმბოლურია, რეალურად არც ერთი მათგანი არ მუშაობს. 
`ეს უფრო კომპენსაციაა, თორემ ადმინისტრაციაში ჩასვლას იშვიათად ვახერხებთ. მადლობა დიმიტრი სანაკოევს", - ამბობს ერთ-ერთი ასეთი დასაქმებული დიანა თედეევა, რომელიც ამ კომპენსაციის გარდა, შაუმიანში დასახლებულების მსგავსად, დევნილებისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტებითაც სარგებლობს.
დიანას ახალი, ქართველი მეზობელი, გოდერძი ხადური ამბობს, რომ მეზობელი ოსებისთვის ყოველთვიური მაღალი შემოსავალი არ ენანება, მაგრამ თავი მაინც დაჩაგრულად მიაჩნია.
"რა, ჩვენ არ შევდიოდით სანაკოევის ადმინისტრაციაში?! თუ ამათ ასაქმებენ, ჩვენ რით ვართ განსხვავებულები?" - კითხულობს გოდერძი ხადური.
"უსამართლობა იქნებოდა, ცხინვალიდან გადმოსახლებული ოსები ხელფასის გარეშე დაგვეტოვებინა. დევნილთა დახმარება კი სხვა უწყებების კომპეტენციაა", - ამბობს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი ია ბარათელი.
შაუმიანში დასახლებული ხეითიდან დევნილი ოსური ოჯახები ახალი ბინის ორდერების მოლოდინში არიან. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ დროებითი საცხოვრებლები საკუთრების უფლებით უნდა გადაეცეთ.
"შაუმიანიდან მაინც აღარავინ გაგვყრის, აქედან წასვლა მაინც აღარ მოგვიწევს. მადლობა დიმიტრი სანაკოევს", - ამბობს ალბინა.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.