საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ძლიერ გაერთიანებად, რომელიც ამ პროფესიის სათანადო რეგულაციას და მართვას შეძლებდა. მართალია, ასოციაციის რამდენიმე წევრის დახმარებით გადაიდგა ნაბიჯები ადვოკატთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, მაგრამ საყოველთაო და უწყვეტი პროფესიული განათლების პრინციპის დანერგვა-რეალიზაცია ჯერ კიდევ გადაუჭრელ ამოცანად რჩება. სამწუხაროდ, ეთიკის კოდექსი სრულფასოვნად არ ამოქმედებულა; არც ასოციაციის ბიუჯეტის ფორმირების პროცესი ყოფილა გამჭვირვალე; თანხების ხარჯვისას პრიორიტეტები არ იყო ნათლად განსაზღვრული; ჯერ კიდევ დასახვეწია ადვოკატთა ერთიანი სია. ასოციაციის საქმიანობის ხარვეზებს სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათი ნაწილი ზოგიერთი საკანონმდებლო განაწესითაა გამოწვეული, ნაწილი კი იმით, რომ თავად ადვოკატებმა ვერ შევძელით კორპორაციული ერთობის მიღწევა და მწყობრი თვითმმართველობის შექმნა. მიმაჩნია, რომ პროფესიის დაუფლების მარტივი პროცედურების გამო, გართულდა ადვოკატთა გაერთიანების დაცვა არაპროფესიონალებისგან. სანქციები პროფესიული ქცევის წესების დამრღვევ ადვოკატთა მიმართ ხშირად არ გამოიყენება. მართალია, ადვოკატთა საქმიანობით უკმაყოფილო პირთა განცხადებები ასოციაციის ეთიკის კომისიაში იშვიათად შედის, მაგრამ ვფიქრობ, საჩივართა სტატისტიკა ადეკვატურად ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას. მიმაჩნია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ამის მიზეზია ასოციაციის მიმართ ნდობის ნაკლებობა ან ინფორმაციის არქონა. მართალია, საქართველოს პარლამენტმა კანონი "ადვოკატთა შესახებ" 2001 წელს მიიღო, მაგრამ ასოციაცია 2006 წლის თებერვლამდე ვერ ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში ადვოკატებს ინიციატივა რომ გამოგვეჩინა და გარკვეული პროფესიული გაერთიანებები დაგვეფუძნებინა, ვფიქრობ, ჩამოყალიბდებოდა კორპორაციული ერთობის ერთგვარი ტრადიცია. გაერთიანებული ძალისხმევით დაგროვდებოდა საქმიანობის გარკვეული გამოცდილებაც და, მოგვიანებით, უფრო გაიოლდებოდა ამ ჯგუფების თავმოყრა. ჩვენ ეს "ევოლუციის პროცესი" გამოვტოვეთ, დრო დავკარგეთ. შექმნილმა ვითარებამ ადვოკატთა ნაწილს გვაფიქრებინა, რომ გამართლებული იქნებოდა საქართველოში რამდენიმე ასოციაციის დამოუკიდებელი თანაარსებობა. თუმცა, დისკუსიების შედეგად აზრი ისევ ერთიანი ასოციაციის სასარგებლოდ შეიცვალა და გადაწყდა, რომ სიცოცხლისუნარიანი ორგანიზაციის შექმნის რესურსი არსებობს. ამ მიზნის მისაღწევად, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის, ევროკომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და ცვლილებების პროექტი ასოციაციის წესდებაში. ეს ცვლილებები ძირითადად შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ხელმძღვანელობითი როლის მაქსიმალური შესუსტება და წარმომადგენლობითი ფუნქციის მხოლოდ ნაწილობრივ შენარჩუნება, თავმჯდომარისთვის, მისი საქმიანობის გამო, გასამრჯელოს მიცემაზე უარის თქმა, მენეჯერის (აღმასრულებელი დირექტორის) თანამდებობის შემოღება და მისი კონკურსის წესით შერჩევა; აღმასრულებელი საბჭოს, როგორც კოლეგიალური მართვის ორგანოს რიცხოვნობის ზრდა, წევრთა როტაციის პრინციპის დანერგვა და საბჭოს ფუნქციების გაფართოება, სავალდებულო განათლების შემოღება, ასოციაციის ქმედითუნარიანობის უზრუნველსაყოფად სავალდებულო კვორუმის გაუქმება და სხვა. ცვლილებათა პროექტები თავად ადვოკატთა შორის საბოლოო შეთანხმების და რედაქციული სრულყოფის ეტაპზეა. პრობლემების გამოსწორების გარდა, ჩვენი ბუნებრივი სურვილია, ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს უცხოური გამოცდილებაც. მნიშვნელოვანია ეთიკის კომისიის გაძლიერებაც, რომლის შემადგენლობაში, შესაძლებელია, არაადვოკატებიც დასახელდნენ და შეირჩნენ, რაც ამ ორგანოს მიმართ ნდობას აამაღლებს. ჯერჯერობით ეს მოსაზრება განსჯის საგანია. აუცილებლად უნდა მოხერხდეს იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთა მხრიდან ერთმანეთის საქმიანობაში ჩართვა. მნიშვნელოვანია ადვოკატთა უფრო ინტენსიური მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესებშიც, რაც დღემდე არ ხდება; აგრეთვე - "გარეშე პირთათვის" საადვოკატო საქმიანობის უფლების მაქსიმალური შეზღუდვა, რაც შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობის სრულყოფით უნდა მოხერხდეს. დღეს ქართული სახელმწიფო სასამართლო რეფორმის განხორციელების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს იწყებს. სამართალწარმოების, პროცესის მხარეთა რეალური თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დანერგვისას მნიშვნელოვანია, რომ თავად ადვოკატებმაც მოვახერხოთ განუხრელი პროფესიული ზრდა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, პარალელურად კი, კანონიერი უფლებების და ინტერესების დასაცავად რეალურად დამოუკიდებელი, გამართული, ეფექტური და აქტიური ერთობის ჩამოყალიბება.












დატოვე კომენტარი