• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

იდეალური პარტნიორები

სომხეთს, რომლის დანარჩენ მსოფლიოსთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან, დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზა საქართველოზე გადის, - არ აწყობს საქართველოსთან კონფლიქტი. ურთიერთდამოკიდებულების ეს ბუნებრივად ჩამოყალიბებული სისტემა ნებისმიერ შეთანხმებაზე უკეთ იცავს ორ ქვეყანას არა მხოლოდ მსხვილი დაპირისპირებისგან, არამედ ერთმანეთისთვის პირობების კარნახისგანაც. როგორც სომეხი პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდერიანი ამბობს, "საქართველოსა და სომხეთს არა აქვთ ფუფუნება, მათი ურთიერთობები იყოს ძალიან კარგი. ასევე არა აქვთ ფუფუნება ეს ურთიერთობები იყოს ძალიან ცუდი".ეს იდეალური პარტნიორობაა, თუმცა, ნელ-ნელა იგი რყევას იწყებს. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებული ორი საკვანძო პრობლემა ზედაპირზე დევს. პირველი - რამდენიმე ეკლესია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელთა კუთვნილებას ერთმანეთს ედავებიან საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია და სომხეთის სამოციქულო ეკლესია. მეორე – სომხური სათვისტომო საქართველოში, - რიცხვით მეორე ეთნიკური ჯგუფი ქვეყანაში, რომლის ნაწილი კომპაქტურად ცხოვრობს სამცხე-ჯავახეთის ორ რაიონში – ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ამ პრობლემების ყველაზე ხმამაღალი გამოვლინებაა თბილისში მდებარე სადაო ეკლესიის - 'ნორაშენის გარშემო განვითარებული მოვლენები (ქართველი მღვდლის თაოსნობით ნორაშენში უძველესი სომხური წარწერები და საფლავის ქვები დაზიანდა); და ასევე ჯავახეთში სომეხი პოლიტიკური აქტივისტის ვააგნ ჩახალიანის დაპატიმრება, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორივე ისტორიას, თბილისსა და ერევანში, თვალსაჩინოდ განსხვავებული საზოგადოებრივი რეაქცია და მედიის ყურადღება მოჰყვა: უზარმაზარი სომხეთში და ძალიან მცირე - საქართველოში. ეს განსხვავება მოწმობს, რომ ორი საზოგადოება არათუ პრობლემების გადაჭრაზე არ მუშაობს, არამედ მათ შორის დიალოგი და ინფორმაციის გაცვლაც არ ხდება. ნაცვლად ამისა, ორივე საზოგადოება ცალსახად აღიქვამს პრობლემებს. ურთიერთწყენა კი გროვდება და კრიტიკულ მომენტში შეიძლება იფეთქოს. ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა ქართველი ოფიციალური პირების რამდენიმე ბოლოდროინდელი გაუფრთხილებელი გამონათქვამი. "რადგან რუსეთი ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს, ე.ი. უნდა შეველიოთ მათ? ეს რომ გამეკეთებინა, ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს ყირგიზეთივით დავკარგავდით, ან ვიქნებოდით ისეთივე ღარიბები როგორიც სომხეთია, რომლის ეკონომიკაც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა Nეწსწეეკ –ისთვის მიცემულ ინტერვიუში 11 აპრილს. ქართული მედიიდან გავიგეთ, რომ პასუხად ოფიციალური ერევანი ზრდილობიანი გაფრთხილებით შემოიფარგლა. სომხურ გაზეთებში, ტელევიზიასა და საზოგადოებაში ატეხილი ქარიშხალი კი ქართული საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. "ჯერ ვალი დაგვიბრუნეთ, ამხანაგო ქართველებო, და მერე ვილაპარაკოთ ვინ არის ღარიბი და ვინ მდიდარი," – დაახლოებით ასეთი კომენტარები ისმის დღესაც. ერევანში განსჯის საგნად იქცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო და სომხეთი "სტრატეგიულ ურთიერთობებს გააფორმებენ". სომხური მედია სარკასტულად აღნიშნავდა, რომ დღემდე საქართველოს საგარეო პრიორიტეტები შემდეგნაირად ნაწილდებოდა: "სტრატეგიული პარტნიორობა" აშშ-თან, უკრაინასთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, პარტნიორობა რუსეთთან და მხოლოდ "პრაგმატული ურთიერთობა" სომხეთთან. გაზეთი "ჟამანაკი" წერდა, რომ "აქამდე სომხეთი საქართველოსთვის მხოლოდ მეზობელი იყო. რა შეიცვალა, რატომ გახდა სომხეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი?" გაზეთის ვარაუდით, საქართველოს არც დღეს აინტერესებს სომხეთი და ეს ნაბიჯი, მხოლოდ "შეერთებული შტატების კარნახით სომხეთში რუსეთის გავლენის შესასუსტებლად გადადგა". მოგვიანებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა რუსულ გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, საქართველოსთვის გარკვეულ ეკონომიკურ დანაკარგებს გულისხმობს, რადგან დღეს ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო გზა მხოლოდ საქართველოზე გადის". ერევანმა ეს ღია ეგოიზმად და ცინიზმად აღიქვა, რადგან სომხეთ-თურქეთის საზღვრის პოტენციური გახსნა თავისთავად უზარმაზარი, თუმცა არა ერთმნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი რეგიონისთვის. აგვისტოს ომის შემდეგ ორი საზოგადოების ურთიერთობაში ნიშანდობლივი ცვლილებები მოხდა. "სომხეთი საკუთარ ადგილს რეგიონში სხვაგვარად უყურებს," – ამბობს ისკანდერიანი. "როგორ იყო აგვისტომდე? საქართველო – მოწინავე ქვეყანა, გამორჩეული; საქართველო – დემოკრატიის შუქურა, მას ეპატიჟებიან ნატოში. საზოგადოება სომხეთში კი ამბობს – და ჩვენც ხომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ჩვენ ეკონომიკაც უკეთესი გვაქვს, გზებიც, ხელფასიც მეტი გვაქვს, მთლიანი შიდა პროდუქტიც, მაგრამ მაინც სულ იმათ აქებენ, ყველგან იმათ ეძახიან. და აი, აგვისტოს ომის შემდეგ ეს ერთგვარი ეჭვიანობის განცდა გაქრა". ომის ერთ-ერთ შედეგია სომხეთის, როგორც კავკასიის ყველაზე სტაბილური და საიმედო ნაწილის, პოზიციების ფორმირება. მკვეთრად შემცირდა ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების საფრთხე. ამას ხელი შეუწყო საქართველოს მიერ აპრობირებული სქემის კრახმა: ჩავდებთ არმიაში ბევრ ფულს, ვიყიდით ბევრ იარაღს და არაღიარებული ტერიტორიების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვეტთ. ბაქოსთვისაც და ერევანისთვისაც ცხადი გახდა, რომ ეს გზა არ იმუშავებს. მნიშვნელოვანი არგუმენტია ისიც, რომ თუ ნატო ფავორიტი-საქართველოს დასახმარებლად არ გაისარჯა, სამხედრო რიტორიკით განთქმული აზერბაიჯანისთვის ნამდვილად არაფერს გააკეთებს. სომხეთმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტში ჩაურევლობის შენარჩუნებაც მოახერხა. მან არ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და შემდეგ თავისი პოზიციის რუსეთისთვის ახსნა შეძლო. მან არ დაგმო რუსეთის ქმედებები და შემდეგ ეს ვაშინგტონს აუხსნა. სომხეთი შევიდა ახალ ევროპულ პროგრამაში – Eასტერნ Pარტნერსჰიპ და ნატოსთან თანამშრომლობა გააგრძელა. დაბოლოს, გამოჩნდა სინათლე გვირაბში, რომელიც ყველას სამუდამოდ დახშული ეგონა – დაიწყო დაახლოება თურქეთთან. გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრის გადაადგილების ალბათობასაც კი, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებში დიდი გამოწვევები და ცვლილებები მოაქვს. შეკავებისა და წინააღმდეგობის სისტემა ძლიერია, მაგრამ გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ყველა შეკავება და წინააღმდეგობა მთელი სიმძიმით თავს დაატყდება ნაიარევ საქართველოს. სომხური გაზეთი "168 საათი" წერს რადიო "ეხო მოსკვი"-ზე დაყრდნობით, რომ რუსეთმა საქართველოსთან კონფლიქტში, შესაძლოა, ახალი ინტერესი შეიძინოს, ამჯერად სომხეთის გამო: რუსეთი აპირებს დამატებითი ტექნიკით აღჭურვოს სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზა და ვინაიდან საჰაერო გზით მძიმე ტექნიკის გადატანა შეუძლებელია, საჭიროა გზა სამხრეთ ოსეთსა და სომხეთს შორის. მოდუნების დრო არავის აქვს. კავკასიის გავლენის სფეროებად დაყოფა კვლავინდებურად დღის წესრიგშია და საქართველოს სომხეთთან ერთად ძალუძს შესაძლო კატასტროფის თავიდან აცილება. სომეხი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ სომხეთს კონფლიქტის გაღვივება არ სურს. მათი თქმით, სომხები, მათ შორის ჯავახეთში მცხოვრებნი, არავითარ საეჭვო სცენარებში არ მონაწილეობენ. "თუ ვინმე იქ (ჯავახეთში) საქართველოდან გამოყოფის წინადადებით გამოდის – თავისუფლად შეგიძლიათ ისინი პროვოკატორებად ჩათვალოთ," –ამბობენ სომეხი ექსპერტები. მაგრამ საიდან უნდა შეიტყოს არსებული პრობლემების შესახებ ორივე ქვეყნის საზოგადოებამ, რათა ჩაერიოს და ვითარების დაძაბვა არ დაუშვას? ცხადია, ამ მცირე სტატიიდან არა. ქართულ-სომხურ ურთიერთობებში არსებული ყველა პრობლემა საქართველოშია – ანუ, სწორედ საქართველომ უნდა დაიწყოს მათი გადაწყვეტა. ძალზე მარტივია სამთავრობო და არასამთავრობო ქართულ-სომხური კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის და გადაწყვეტს ჯავახეთში მცხოვრები სომხების პრობლემებს. ასეთივე კომისია შეიძლება შედგეს სადაო ეკლესიებთან დაკავშირებითაც. თუმცა, ასე არ ხდება, რადგან, როგორც ჩანს, უფრო გლობალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე – ქართულ-სომხური დიალოგის თითქმის არარსებობასთან. დიალოგი არ არის არც სამთავრობო და არც სამთავრობო დონეზე. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ერთი მხრივ, ეს დიალოგი საქართველოს არ სურს; მეორე მხრივ, კი სომხურ მხარეს არ ჩანან რეალური ფიგურები, ვისთანაც დიალოგის გამართვა შესაძლებელი იქნებოდა. დრო კი ძალიან ჩქარა მიდის. შეკავებისა და წინააღმდეგობების სისტემა ყოველდღიურად ახალი გარემოებებით მძიმდება. სიმპტომები სერიოზულ პრობლემებად გარდაიქმნება, რომელთა გადაწყვეტა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. სტატიის მომზადებისას, ავტორი ესაუბრა სომეხ პოლიტიკურ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის ალექსანდ ისკანდერიანს, გევორკ ტერ-გაბრიელიანს და ნუნე სარქისიანს

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.