ბერლინში გამართული შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა პოპულარულ საიტზე ყოუტუბე.ცომ-ზე მომხმარებლმა ოტტოლიმბერგ 2714-მა 24 ივნისს გაავრცელა.
ვიდეომასალას თან ერთვის მინაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ფირზე გადაღებული შეხვედრები ბერლინში 15-18 ივნისს სასტუმრო Adnol Kempinski-ში გაიმართა.
«ბერლინში ისედაც მქონდა ჩემი საქმე. «კემპინსკიში» ვცხოვრობდი, ისინიც იქ დაბინავდნენ. არავის ვემალებოდით, ქალაქშიც ვსეირნობდით», - ჰყვება კახა თარგამაძე.
ევროპიდან დაბრუნებული გაჩეჩილაძე პარლამენტის წინ მიტინგზე და «მაესტროს» ეთერით რამდენჯერმე აცხადებს, რომ ევროპაში ფულის საშოვნელად იყო წასული და უცხოელი ბიზნეს-პარტნიორებისგან დადებითი პასუხიც მიიღო.
ბერლინის შეხვედრის ჩანაწერის გავრცელების შემდეგ კი მას თბილისში და თარგამაძეს მოსკოვში უწევთ იმის მტკიცება, რომ ყოფილი შს მინისტრი არ არის ის ადამიანი, ვისგანაც ოპოზიცია ამჯერად ელოდება ფულს.
«ეგენი ევროპაში სხვა ქართველებსაც შეხვდნენ. რამდენადაც ვიცი, ფული ჯერ მაგათთვის არავის მიუცია. ის ვიცი, რომ ერთმა, ვინც ფულს შეჰპირდა, ამ ჩანაწერებისა და პანიკის შემდეგ გადაიფიქრა. ფულზე ინფორმაცია ლევანმა ჯინაზე გაავრცელა, ისინი [ხელისუფლება] რომ ენერვიულებინა», - ამბობს სატელეფონო საუბარში შს ყოფილი მინისტრი.
შეხვედრის სამივე მონაწილე ამბობს, რომ ვიდეოკამერა სასტუმროში რამდენჯერმე შენიშნეს, მაგრამ არ შეშფოთებულან, რადგან დასამალი არაფერი ჰქონდათ. კითხვაზე, თუ რატომ დაელოდნენ კადრების ტელევიზიით გავრცელებას და თავად არ მოჰყვნენ შეხვედრის შესახებ, გაჩეჩილაძე პასუხობს: «არ ვთქვი იმიტომ, რომ ვიცი ამ ხელისუფლების ამბავი, სხვანაირად ააგორებდნენ შავ პიარს».
თუმცა, პიარი მაინც «აგორდა» - დეპუტატები და თავად პრეზიდენტიც ამ შეხვედრას, უკანონოს ვერა, მაგრამ მორალურად მიუღებელს უწოდებენ. მათი აზრით, ყოფილ შს მინისტრთან შეხვედრა მთელი ოპოზიციის დისკრედიტაციაა.
სავარაუდოდ, ამ შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდა დავით გამყრელიძის თანაალიანსელმა ირაკლი ალასანიამ. «ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს აქვს იმის უფლება, თუ თავისუფლება, რომ თავად გადაწყვიტოს ვის შეხვდეს, სად და რა საკითხებზე ელაპარაკოს», - ამბობს ალასანიას თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით 24 ივნისს გებულობს.
«ჰო, არ იცოდნენ, მაგრამ არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია უარყოფითი კომენტარი. მოდით, ასე დავაყენოთ საკითხი - რატომ უნდა მეთქვა?» - ამბობს გაჩეჩილაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ ერთხმად ამტკიცებენ, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპი 9 აპრილის აქციების ორგანიზატორებზე არ ვრცელდება და ყველა ლიდერს საკუთარი გზა აქვს.
თუმცა, ფულის წარმომავლობა ყველას აინტერესებს და მომავალი გადაჯგუფება ოპოზიციაში იმის მიხედვით მოხდება, თუ ვისთვის როგორი დამფინანსებელია მიუღებელი. «ვისაც სურს ბატონ თარგამაძესთან შეხვედრა, ის ხვდება. მე პირადად ამის სურვილი არ მაქვს», - ამბობს ნინო ბურჯანაძე, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის ხმაურიანმა შეხვედრამ გააღიზიანა.
«ვინც ხალხის ზურგს უკან რაიმე ტიპის ფარულ გარიგებებს წამოიწყებს, ჩვენ გავემიჯნებით და დამოუკიდებელ მოქმედებებს დავიწყებთ», - ამბობს ეკა ბესელია.
გზების გაყოფა სავარაუდოდ ივლისში მოხდება. ლევან გაჩეჩილაძე ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, პოლონური «სოლიდარობის» ანალოგი იქნება. უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ ძალებთან ამ მოძრაობაში შესაძლო გაერთიანების თაობაზე.
მინიშნებას «საკუთარი გზის» შესახებ ნინო ბურჯანაძეც აკეთებს. «დადგა დრო, როცა პარტიებმა სერიოზულად უნდა იმუშაონ სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე და პარტნიორების სწორად შერჩევაზე. შეიძლება რამდენიმე პოლიტიკური პარტია დაჯგუფდეს, მაგრამ შეიძლება დარჩე მარტო. სამწუხაროდ, რეალური პოლიტიკა ასეთია - მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები არ არსებობენ».
Yოუტუბე-ით გავრცელებულ კადრებზე არ ისმის, რაზე საუბრობენ სასტუმროში შეკრებილები. ამ შეხვედრის შინაარსის საერთო ვერსიაზე ვერც თავად მონაწილეები შეთანხმდნენ. დავით გამყრელიძემ თქვა, რომ თარგამაძემ მათ დადასტურებული ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს ქართული ოპოზიციის დაფინანსებას უკრძალავს და რომ რუსეთის პრემიერისთვის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე თითოეული მათგანის კანდიდატურა მისაღებია. «რისი პუტინის სახელით მოლაპარაკე ვარ მე? რომელი ჩემი ძმაკაცია. ნეტა იყოს ჩემი ძმაკაცი, რაღაცით მაინც დაგეხმარებოდით», - უარყოფს ინფორმაციას კახა თარგამაძე.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც ვერ თანხმდებიან შეხვედრის თბილისელი და მოსკოველი მონაწილეები, მიხეილ სააკაშვილისა და კანონიერი ქურდების ფინანსური ურთიერთობაა. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ «რკინის მინისტრს» სწორედ 2003 წლის რევოლუციის დამფინანსებლების შესახებ ცნობების მოსაპოვებლად შეხვდა. «ეს რა ინფორმაციაა, ამას შეხვედრა რად უნდოდა. ამას ყოველდღე წერენ გაზეთებში», - ამბობს თარგამაძე სატელეფონო საუბარში. ყოფილი მინისტრი ოპოზიციის ლიდერებთან საკუთარი ვერსიის განსხვავებებს ასე ხსნის: «მაგათაც შეიძლება რაღაც წამოცდეთ და თქვან. ცდილობენ, დარტყმის ქვეშ არ დამაყენონ. ამიტომაც, რაღაც თემებზე ვერ საუბრობენ და მეც ვერ ვამბობ».
მათ, ვინც ოტტოლიმბერგ 2714-ს ბერლინის შეხვედრის გადაღება დაავალეს, სავარაუდოდ, 15-დან 18 ივნისს გამართული სხვა შეკრებების შესახებაც იციან. ევროპიდან დაბრუნებული პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ჩანაწერები აღარ იქნება, რადგან კახა თარგამაძისგან განსხვავებით, ქართულ ოპოზიციასთან ერთად გამოჩენას საგულდაგულოდ მალავენ მათი სხვა პარტნიორები და ამიტომაც მათთან შეხვედრები გაცილებით კონფიდენციალურ ადგილებში შედგა, ვიდრე სასტუმრო «კემპინსკის» კაფეა.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება