გაზის დაზიანებულ მრიცხველს უახლოეს ერთ თვეში თუ გამოცვლით, ჯარიმას თავიდან აიცილებთ. თუმცა, ახალი მრიცხველის საფასურის გადახდა მაინც მოგიწევთ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის («სემეკი») 9 ივლისის დადგენილებით, ძალაში შევა ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, გაზის მრიცხველი თუ მომხმარებლის მიერ განზრახ არ არის დაზიანებული, მისი გამოცვლის ხარჯებს «ყაზტრანსგაზ თბილისი» გადაიხდის.
რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობასა და «ყაზტრანსგაზის» უფლება-მოვალეობებს მკვეთრად გამიჯნავს. აქამდე კონკრეტულად არსად იყო მითითებული, რა შემთხვევაში ეკისრებოდათ მომხმარებლებს იმ ახალი მრიცხველებისთვის საფასურის გადახდა, რომელთა დამონტაჟებასაც მათ «ყაზტრანსგაზი» სთხოვდა. ამიტომ გაზის მიმწოდებელ კომპანიას საშუალება ჰქონდა, მრიცხველების საფასური მომხმარებლებისთვის კანონის დაურღვევლად გადაეხდევინებინა.
გაზის მრიცხველების საკითხი აქტუალური გახდა 2006 წლიდან, «ყაზტრანსგაზის» თბილისის ენერგობაზარზე შემოსვლისთანავე. იქამდე მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას «თბილგაზი» უზრუნველყოფდა, გაზის მრიცხველებსა და მათი მუშაობის ხარისხზე კი განსაკუთრებული კონტროლი არ იყო დაწესებული. მომხმარებლებს შეეძლოთ, ნებისმიერი ფირმის მრიცხველი დაეყენებინათ. ამიტომაც დღეს მოსახლეობას სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი სხვადასხვა ფირმისა და ხარისხის მრიცხველები (ჩინური, პოლონური და ა.შ) აქვს დამონტაჟებული.
ამ მრიცხველების აღწერა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ «ყაზტრანსგაზის» მიერ მრიცხველების შემოწმება ძირითად შემთხვევებში იმით მთავრდებოდა, რომ მომხმარებელს მრიცხველის შეცვლას სთხოვდნენ, დანადგარს უხსნიდნენ და მოსახლეობა ახალი მრიცხველის შეძენამდე გაზმომარაგების გარეშე რჩებოდა.
ეს კამპანია 2008 წლის დეკემბერში «სემეკის» დადგენილებამ შეაფერხა და «ყაზტრანსგაზს» მრიცხველების შეცვლის პროცესის რამდენიმე თვით შეჩერება მოსთხოვა.
მრიცხველების შეცვლა 2009 წლის აპრილში სახელმწიფოს მიერ «ყაზტრანსგაზისთვის» ახლად დანიშნულმა დროებითმა მმართველობამ განაახლა. «ყაზტრანსგაზის» წარმომადგენლები თბილისში ახლა ყველა მრიცხველს ამოწმებენ. თუ დადგინდა, რომ მრიცხველი მომხმარებლის მიერ არის დაზიანებული, მაშინ მას ახალი მრიცხველის ყიდვა ეკისრება. კომპანია კი მომხმარებლის შესახებ სამართალდარღვევის აქტს წერს და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცემა. ინდივიდუალურ მომხმარებელზე ჯარიმა პირველ ჯერზე 600 ლარია, შემედეგ - 1200. იურიდიულ პირზე კი ჯარიმა 5 000 ლარს შეადგენს.
თუმცა, ახლახან გაზის მრიცხველების შეცვლის პროცესზე ერთთვიანი მორატორიუმი გამოცხადდა. 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე არავინ დაჯარიმდება, 10 აგვისტოს შემდეგ კი ჯარიმები ისევ ამოქმედდება.
მომხმარებლები მრიცხველის საფასურის გადახდას საკუთარი უფლებების დარღვევად მიიჩნევენ. ეს დარღვევაა ენერგომომხმარებელთა ინტერესების დამცველისთვისაც. მალხაზ წიწიკაშვილი არგუმენტად სამოქალაქო კოდექსის დადგენილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, გასაზომი ხელსაწყოების შეცვლის შემთხვევაში, მისი ხარჯების ანაზღაურება კომპანიას უნდა დაეკისროს.
ეჭვის საფუძველს იძლევა ისიც, რომ «ყაზტრანსგაზის» წარმომადგენლები, მრიცხველის გამოცვლის მოთხოვნის პარალელურად, მოსახლეობას თვითონვე სთავაზობენ სათანადო მრიცხველების დაყენებას; ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, მოსახლეობას მიუთითებენ, თუ რომელ კონკრეტულ ადგილას და რომელი ფირმის მრიცხველი უნდა იყიდონ. დიღმის მასივში მცხოვრებ ირინა ბიძინაშვილს «ყაზტრანსგაზის» წარმომადგენლებმა მრიცხველის ყიდვა ელიავას ბაზრობაზე, ერთ-ერთ ჯიხურში 110 ლარად შესთავაზეს. «მოგვიანებით კი დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს სხვა მრიცხველის დამონტაჟება 125 ლარად. თუმცა ჩვენ უკვე ნაყიდი გვქონდა ავსტრიული მრიცხველი», - აცხადებს ბიძინაშვილი.
«ყაზტრანსგაზში» ამას იმით ხსნიან, რომ სურთ, მოსახლეობას ხარისხიანი აპარატურა დაუყენონ, ცდომილება რომ გამოირიცხოს.
ცდომილება კი მრიცხველებზე მართლაც სხვადასხვაგვარად აისახება. თუ მწყობრიდან გამოსული გაზის მრიცხველების უმრავლესობა ნაკლებს წერდა, პენსიონერ ანზორ სიგუას მრიცხველს სხვაგვარი დაზიანება აღმოუჩინეს: ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე, მრიცხველი ზედმეტს აღრიცხავდა. თუმცა «ყაზტრანსგაზში» ახალი მრიცხველის ყიდვა მაინც მას მოსთხოვეს. მრიცხველის საკუთარი ხარჯებით გამოცვლა მომხმარებელს იმ შემთხვევაში ევალება, თუ დადგინდა, რომ ის სპეციალური ჩარევის გამო დაზიანდა. სიგუას განცხადებით კი, ლაბორატორიულ დასკვნაში მსგავსი არაფერი ეწერა. 2007 წელს სიგუამ სასამართლოს მიმართა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, ახალი მრიცხველის საფასურის გადახდა მას დაეკისრა. მრიცხველთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, 10 თვის განმავლობაში ანზორ სიგუას სახლში გაზი საერთოდ არ ჰქონდა. ბოლოს ისევ თვითონ იყიდა 125-ლარიანი ახალი მრიცხველი და დაამონტაჟებინა.
მოსახლეობასა და «ყაზტრანსგაზს» შორის გაუგებრობას «სემეკის» ახალი დადგენილება გარკვეულწილად მოსპობს. რიგ შემთხვევებში, თბილისელებს მრიცხველების საფასურის გადახდა კვლავაც მოუწევთ, თუმცა, უკვე ოფიციალურად იქნება განსაზღვრული როგორც მათი, ისე გაზის მიმწოდებლის უფლებები, და ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირებაც ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება