მსოფლიო ბაზარზე ერთი ქოლგის ქვეშ
სოფლიო ბანკმა, მთავრობის დაკვეთით, გლობალურ ბაზარზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და საინვესტიციო მიმზიდველობა შეისწავლა.
მსოფლიო ბანკის ექსპერტები საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ისეთ დარგებზე, როგორიცაა საავტომობილო წარმოება, საავიაციო თუ სარკინიგზო მოწყობილობები და გემთმშენებლობა, უარის თქმას გვირჩევენ. პერსპექტიულადაა მიჩნეული აგროსექტორი, სამშენებლო მასალების, მედიკამენტების, მედტექნიკის და ტანსაცმლის წარმოება. დიდ პოტენციალს ხედავენ ტურიზმში, კომუნალურ მომსახურებასა და პირველადი გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაში.
საიმონ ბელი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის დარგობრივი კონკურენტუნარიანობის ექსპერტი: საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის უმჯობესი იქნება, თუ ქართველი მწარმოებლები მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებას ერთობლივად შეეცდებიან. მაგალითად, ღვინის კომპანიების მიერ მარკეტინგის ერთობლივი წარმოება, ნედლეულის შეძენა, ერთიანი დისტრიბუცია შეამცირებს ხარჯებს და, შესაბამისად, გაზრდის ქართული ღვინის პერსპექტივას საერთაშორისო ბაზარზე.
საექსპორტო ღვინოების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევაზე საქართველოს მთავრობაც ფიქრობს. ღვინის მწარმოებლებთან შეთანხმების შემთხვევაში, 2010 წლიდან ექსპორტისას ბრენდირებული ეტიკეტის Wine of Georgia ქვეშ გაერთიანება სავალდებულო იქნება, დანარჩენ ატრიბუტებს კი მწარმოებელი კომპანია უცვლელად შეინარჩუნებს. ქართული ღვინის რეკლამის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
მსოფლიო ბანკში მიაჩნიათ, რომ დაახლოებით იგივე გზა უნდა გაიაროს აგრარული სექტორის სხვა დარგებმაც. თუმცა სანამ უცხოეთის ბაზრების ათვისებას დავიწყებთ, ქართული აგრარული სექტორის ნაწარმი ჯერ შიდა ბაზარზე უნდა დამკვიდრდეს. სასურსათო უსაფრთხოების ობსერვატორიის მონაცემებით, საქართველოში ბოსტნეულის იმპორტი ექსპორტს 12-ჯერ, ხილის კი თითქმის 1,5-ჯერ აღემატება. აგრარულ სექტორში საქართველოს პოტენციის მქონე ქვეყნისათვის ეს ფაქტობრივად ანომალიური ვითარებაა. საერთო შეფასებით, ქვეყანას თითქმის ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ სიტუაცია უკეთესობისაკენ შეცვალოს. ნოყიერი ნიადაგი, ხელსაყრელი კლიმატური პირობები, იაფი მუშახელი, ევროკავშირისა და დსთ-ს ბაზრების სიახლოვე და მეტ-ნაკლებად გამართული ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ იმპორტი ადგილობრივმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს და საექსპორტო პოტენციალიც გაიზარდოს.
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და რამდენიმე აგროსაწარმოს თანადამფუძნებელი, მიხო სვიმონიშვილი მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებს ბოლომდე არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ქართული ბრენდების გაერთიანება საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად პანაცეა ვერ იქნება. მაგალითად, ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მსოფლიო ბაზარზე ერთი ბრენდით (Georgian Wine Family) არის წარმოდგენილი, თუმცა ბევრი კომპანია ბაზარზე დამკვიდრებას დამოუკიდებლად ცდილობს და ამას საკმაო წარმატებითაც ახერხებს. გარდა ამისა, სვიმონიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ქვეყანამ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს მძიმე მრეწველობაც.
180-გვერდიან დასკვნაში მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა განათლების სისტემის რეფორმა და მისი დახვეწა. საქართველოს ძირითადი აქტივი უნარ-ჩვევები უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის და განათლების ინვესტირების გარეშე ქვეყანა ვერ შეძლებს ისეთი დარგების შენარჩუნებას, როგორიცაა მძიმე მრეწველობა და იძულებული იქნება, მიიღოს შეზღუდული შემოსავლები აგრობიზნესიდან, რაც ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება