Skip to content

ავტორიზაცია

გზა სამშობლოსკენ


მესხების რეპატრიაციის პროცესი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა რამდენიმე ოჯახი უკვე დაბრუნდა საქართველოში. ისტორიულ სამშობლოში მათ ბევრი პრობლემა ელით
 თემო ბარძიმაშვილი

ელჩინ შაჰმურადოვი ოჯახთან ერთად

ისლამ ნიაზოვმა თავისი ცხოვრების მერვე ათწლეულზე ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. 12 წლის იყო, როცა მისი ოჯახი, სტალინის სპეციალური ბრძანებით, საქართველოდან უზბეკეთში გადაასახლეს.
ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მან არაერთი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა და დიდი ოჯახი შექმნა. ისლამს 11 შვილი ჰყავს. ორი წლის წინ მან და მისმა უმცროსმა ვაჟმა ჩრდილოეთ კავკასიის ერთ პატარა სოფელში სახლ-კარი გაყიდეს და ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმანში დასახლდნენ.
უზბეკურ «ტიუბეტეიკაში» გამოწყობილი, თვითნაკეთ ჯოხს დაყრდნობილი ჯმუხი კაცი სიამაყით ათვალიერებს პატარა ბოსტანს. წელს ბევრი კიტრი დათესა, თესლი შვილებმა გამოუგზავნეს მოსკოვიდან. სმენაშეზღუდული ისლამი ორ ენაზე ლაპარაკობს: თურქულის მესხურ დიალექტზე და უზბეკურად. ქართულად ერთი სიტყვაც არ იცის, თუმცა თავისი ქართული გვარი ახსოვს. ადრე იგი აბულაძე ყოფილა.
«ჩვენ კარგად გვესმის მიწის ენა», - ღიმილით ამბობს იგი.
ნიაზოვის ოჯახი ერთ-ერთია იმ რვა მესხური ოჯახიდან, რომლებიც ამ სოფელში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადმოსახლდნენ. ოცამდე ოჯახი მეზობელ ახალციხის რაიონშია დასახლებული. ბევრი მათგანი უახლოეს მომავალში ნათესავების ჩამოსვლას ელოდება.
ნიაზოვი ისევე, როგორც დანარჩენები ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მესხურ სათვისტომოებში ხმა გავარდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა მზადაა, მიიღოს ისინი იმ მიწაზე, საიდანაც 65 წლის წინ გადაასახლეს.
თუმცა, მათ არავინ უთხრა, რა სიძნელეების წინაშე აღმოჩნდებოდნენ ისტორიულ სამშობლოში.
2007 წელს პარლამენტმა მიიღო რეპატრიაციის შესახებ კანონი, რომელიც მესხებსაც ეხება. კანონი ითვალისწინებს რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცედურებს, თუმცა არ არეგულირებს თავად ჩამოსახლების პროცესს.
ამ კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო. მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ვალდებულება არ ითვალისწინებს რეპატრიაციის პროცესის ფინანსურ მხარდაჭერას მთავრობის მხრიდან და შემოიფარგლება მხოლოდ მესხების დაბრუნებისთვის იურიდიული გარანტიების შექმნით.
კანონის თანახმად, რეპატრიაციის მსურველთა განაცხადების მიღება ივნისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მესხური ორგანიზაციების თხოვნით, პარლამენტი ამ  პროცედურის კიდევ ორი თვით გახანგრძლივებას აპირებს.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, განაცხადი 2 ათას 200-მა ადამიანმა შემოიტანა. მათი უმრავლესობა დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მესხური ორგანიზაციების ინფორმაციით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანიდან კიდევ 5-დან 10 ათას განაცხადამდე შემოვა. რეპატრიაციის დაახლოებით 30 ათასი მსურველია ჩრდილოეთ კავკასიაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში 300 ათასი მესხია გაფანტული.
29 წლის ელჩინ შაჰმურადოვი ოჯახთან ერთად საქართველოში სამი თვის წინ ჩამოვიდა. იგი ამბობს, რომ მისმა მშობლებმა და ნათესავებმა ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შეაგროვეს და ყოველდღე ელიან რეპატრიანტის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას, რათა ჩამოვიდნენ საქართველოში და ქვეყნის სამხრეთში დასახლდნენ.
თავად ელჩინი, სხვა მესხებისგან განსხვავებით, თავისუფლად საუბრობს ქართულად. 90-იანი წლების დასაწყისში იგი აზერბაიჯანში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ მესხთან ერთად მოხალისედ ჩაირიცხა ქართული არმიის სამხედრო სამსახურში. მაშინ მან საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.
«ჩვენი მოხუცები და მშობლები აქედან გადაასახლეს, როცა პატარები ვიყავით. გვეუბნებოდნენ, რომ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდებოდით საქართველოში», - ჰყვება ელჩინი. მას უკვე აქვს სახლი საქართველოში, რომლის რემონტი უკვე დაიწყო. 
მან აზერბაიჯანში მთელი თავისი ქონება გაყიდა და ვალებიც დაიდო, რომ სოფლის განაპირას ეს სახლი ეყიდა. აქ არც მიწის ნაკვეთი აქვს და არც სამუშაო, ამიტომ ისევე, როგორც ბევრი ჩამოსული მესხი, აპირებს სამსახური აზერბაიჯანში ან თურქეთში ეძებოს.
ელჩინი ამბობს, რომ მრავალი წლის განმავლობაში მათ საქართველოდან დახმარებას ჰპირდებოდნენ და ბევრ მის ნაცნობს აზერბაიჯანში დღესაც სჯერა, რომ ხელისუფლება მათ საცხოვრებელი სახლების ყიდვასა  და ახალ ადგილზე დამკვიდრებაში დაეხმარება.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება მათ დახმარებაზე უარს ეტყვის, მაშინ ძალიან ცოტა ოჯახი თუ შეძლებს საქართველოში საკუთარი სახსრებით სახლის ყიდვას.
«როცა ბევრი ოჯახი ერთდროულად წამოვა, აზერბაიჯანში, ჩვენს დასახლებაში  უძრავ ქონებაზე ფასი დაიწევს. ჩვენს ქართულ სოფელში მხოლოდ ხუთი ცარიელი სახლი დარჩა და თუნდაც ოცმა ოჯახმა ერთდროულად რომ მოინდომოს აქ სახლის ყიდვა, ამ სახლების ფასი მოიმატებს».
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი კოკაია ამბობს, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით არ მუშაობს მსგავს პრობლემებზე. მისი თქმით, კანონის თანახმად, ხელისუფლება არ არის ვალდებული, დაეხმაროს რეპატრიანტებს საცხოვრებელი სახლების შეძენაში. «ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს: სადაც იქნება თავისუფალი სახლები, იქ ჩასახლდებიან», - ამბობს კოკაია.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე ჯერ არ დაწყებულა რეპატრიანტთა ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობაც. მესხების დიდმა ნაწილმა ქართული არ იცის.
«ჯერჯერობით ამაზე ფიქრი ნაადრევია, - აცხადებს რეპატრიაციის სამმართველოს ხელმძღვანელი, - ჩვენ ბევრი დრო გვაქვს ამ საკითხებზე სამუშაოდ, ვიდრე შემოსულ განცხადებებს განვიხილავთ».
გადასახლებამდე მესხები ადიგენის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ.
 თემო ბარძიმაშვილი
1944 წელს, ლავრენტი ბერიას წინადადებით, რამდენიმე დღეში სამხრეთ საქართველოდან შუა აზიაში დაახლოებით 90 ათასი მესხი გადაასახლეს. მიზეზად  მესხების თურქებთან ნათესაობა, ჯაშუშური საქმიანობა და ბანდიტური დაჯგუფებების ჩამოყალიბება დასახელდა.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ მესხებს საბჭოთა კავშირის ნებისმიერ რესპუბლიკაში დასახლების უფლება მიეცათ, გარდა საქართველოსი.
80-იანი წლების ბოლოს რამდენიმე დისიდენტური ჯგუფი, მათ შორის ზვიად გამსახურდიაც, აქტიურად ითხოვდნენ მესხების ჩამოსახლებას. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა და დაიწყო ბრძოლა მესხების დაბრუნების იდეის წინააღმდეგ.
«მაშინ საქართველოში ნამდვილი ისტერია დაიწყო, - ჰყვება ნაირა გელაშვილი, რომელიც იმ დროს აქტიურად მუშაობდა მესხების საკითხზე, - იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩამოსვლა მოასწრეს, საშინლად ავიწროვებდნენ». იმ პერიოდში საქართველოში 400 მესხი დაბრუნდა.
ნაირა გელაშვილის თქმით, იმ დროს მესხებს თურქები დაარქვეს და საქართველოში კიდევ ერთი «დიდი თურქობის» საშიშროებაზე ალაპარაკდნენ.
«მესხებისგან შექმნეს მტრის ხატი, რაც ადამიანების ცნობიერებაში დღემდე დარჩა. ხელისუფლებები შემდგომაც ფრთხილობდნენ ამ საკითხის გადაწყვეტას, რადგან მოსახლეობა წინააღმდეგი იყო».
«რატომ გვატყუებთ? პირდაპირ გვითხარით, რომ ჩვენი ჩამოსვლა არ გინდათ», - განაცხადა ქართველ რეპატრიანტთა კავშირის თავმჯდომარემ მარატ ბარათაშვილმა გასულ თვეს, რეპატრიაციის პრობლემების საჯარო განხილვისას.
მისი ორგანიზაცია, უკვე ათ წელზე მეტია, მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია რეპატრიაციის საკითხებში. ბარათაშვილი, ისევე, როგორც მესხური ორგანიზაციების ბევრი სხვა წარმომადგენელი, არ მალავს თავის უკმაყოფილებას არსებული კანონისა და იმის გამო, რომ მომავალი რეპატრიანტების პრობლემების გადაჭრაზე არავინ ზრუნავს.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა დოკუმენტების პაკეტი და გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართულიყო რეპატრიაციის პროცესი. მაშინ მთავარი ლოზუნგი იყო «ღირსეული რეპატრიაციის» უზრუნველყოფა. ხელისუფლებას ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსური დახმარების მიღების იმედი ჰქონდა.
2006 წელს ეს სამუშაო შეჩერდა. კანონში, რომელიც შემდგომ მიიღეს, მხოლოდ რეპატრიანტების იურიდიულ სტატუსზეა საუბარი.
«ჩვენი პრეზიდენტი და ხელისუფლება განზე არ უნდა დარჩნენ. დღეს ისინი სწორედ ასე იქცევიან, - ამბობს სულეიმან ბარბაქაძე, რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, - საკუთარ ოჯახს დაბრუნებაში უნდა დაეხმარო».
მუდამ მომღიმარი ისლამ ნიაზოვი ამბობს, რომ ახლა იგი ბედნიერია - ცხოვრობს მიწაზე, საიდანაც მათ უწინდელივით ადვილად ვეღარ გააგდებენ. «უკვე აღარასოდეს  გვეტყვიან,  - წადით თქვენს სამშობლოში».
მომავალი წლისთვის ნიაზოვი სათბურის აშენებას აპირებს და რუსეთიდან გამოგზავნილი ბოსტნეულის თესლებს დათესავს. მას იმედი აქვს, რომ იმ დღესაც მოესწრება, როცა მის სოფელში, აქ, საქართველოში მისი ნათესავები და ახლობლებიც ჩამოვლენ.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.