Skip to content

ავტორიზაცია

სამი ერთზე


რუსულმა დიპლომატიამ ქართულ მთავრობას კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა
მოსკოვი, კრემლი

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრა

მედვედევის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გაააქტიუროს ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებისთვის ბრძოლა, ოღონდ ამჯერად უკვე არა ერთპიროვნულად, არამედ მნიშვნელოვნად «გაფართოებული ფორმატით». «გაფართოებული ფორმატი» ამ შემთხვევაში, არც მეტი, არც ნაკლები, შემდეგს გულისხმობს: ვმო-ში გასაწევრიანებლად რუსეთი იბრძოლებს არა დამოუკიდებლად, არამედ მოქმედი საბაჟო კავშირის ეგიდით - ანუ ყაზახეთთან და ბელარუსთან ერთად. სატელიტებს რეაქცია არ დაუყოვნებიათ - ნაზარბაევმა და ლუკაშენკომ განაცხადეს, რომ რუსეთის ამ ინიციატივის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მისი რეალიზებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. საქართველო შეიძლება კიდევ უფრო მწვავე დილემის წინაშე დადგეს - ან მხარი დაუჭიროს სამივე ქვეყნის ერთდროულ გაერთიანებას ვმო-ში, ან სამივეს ერთად გადაუღობოს გზა. ნაკლი (და თანაც სერიოზული) ორივე სცენარს აქვს: თუ საქართველო მხარს დაუჭერს ტრიადის მსოფლიო სავაჭრო კლუბში შესვლას, ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ დაკარგავს იმ ბერკეტს, რომელიც რუსეთზე გავლენის მოხდენის თითქმის ერთადერთ იარაღად შემორჩა; იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველო დაბლოკავს სამეულის ვმო-ში შესვლას, ყაზახეთთან და ბელარუსთან უსიამოვნებების დიდი ალბათობა ჩნდება. სცილას და ქარიბდას შორის არჩევანი საკმაოდ სარისკოა. თუ რუსეთი გახდება ვმო-ს წევრი, ამაოდ ჩაივლის საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევა. ჩვენი ქვეყანა, ბოლო რამდენიმე წელია, რუსეთის ვმო-ში შესვლას ქვეყნებს შორის საზღვრის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე არსებული უკანონო საკონტროლო-გამშვები პუნქტების გამო აფერხებდა. ასე რომ, ახლა, როდესაც რუსეთმა ეს ტერიტორიები უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ვმო-ს ბერკეტს კიდევ უფრო მეტი ფასი დაედო - ამ ორგანიზაციაში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს და ფსოუც და როკიც რუსეთ-საქართველოს საზღვრად მიაჩნიათ. თითქოს ყველაფერი ცხადია - რუსეთი ვმო-ში არ უნდა შევუშვათ. მაგრამ «ხურდაში მოყოლილ» ყაზახეთს და ბელარუსს რაღა ვუყოთ? ბელარუსის ლიდერი დღემდე უძლებს რუსულ წნეხს და აფხაზეთის და ოსეთის აღიარებისგან თავს იკავებს. ბელარუსის ვმო-ში გაწევრიანების შეფერხებამ (რუსეთთან ერთ ნავში ყოფნის გამო) კი, შესაძლოა, სწორედ ეს თავშეკავება დაარღვიოს და ბელარუსი, რუსეთის კვალად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლებად ცნობის საკითხზე აალაპარაკოს. კიდევ უფრო რთულადაა საქმე ყაზახეთთან მიმართებით, რომელიც საქართველოში სოლიდურ საინვესტიციო პროექტებსაც ახორციელებს და საკუთარი ტვირთების მნიშვნელოვან ნაწილსაც საქართველოს გავლით ამოძრავებს. ასე რომ, ყაზახეთის ვმო-ში შესვლის დაბლოკვა საქართველოს სწორედ ამ სიკეთეების დაკარგვით ემუქრება, რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვა, უფრო პოლიტიკურად შეფერილ საფრთხეებზე. აი, ასეთი რისკების წინაშე დააყენა საქართველო ახალი რუსული თამაშის წამოწყებამ. და თუ ქვეყანამ ამ საკითხში ოქროს შუალედის გამონახვა ვერ მოახერხა, გამორიცხული სულაც არ არის ყველაზე პესიმისტური სცენარის ამოქმედება. არავისთვის სადავო არ არის, რომ, რუსეთის მსგავსად, ყაზახეთსა და ბელარუსსაც დიდი ეკონომიკები აქვთ და არსებობს მრავალმხრივი ინტერესი, რომ ეს ქვეყნები ვმო-ში შევიდნენ და ერთიან, საერთაშორისოდ უნიფიცირებულ ვაჭრობის წესებს დაემორჩილონ. ამის თაობაზე არაერთხელ საჯაროდ განაცხადა ვმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ყოფილმა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში პასკალ ლამიმ, რომლის აზრითაც, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის არსებობა აზრს დაკარგავს, თუ მასში რუსეთი და სხვა დიდი სახელმწიფოები არ გაერთიანდნენ. მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა ახლახან გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი, მსოფლიო ვაჭრობაში ინტეგრაციის თავისუფლების ხარისხის მიხედვით, ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა - 121 ქვეყანას შორის მას 109-ე ადგილი უკავია. არადა, საუბარია ქვეყანაზე, რომლის სამომხმარებლო ბაზარიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და სხვაზე ნაკლებად პრეტენზიულია. ამიტომაც ვმო და მისი წევრი ქვეყნები ყველანაირად დაინტერესებულნი არიან, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო კლუბში იხილონ, მით უფრო, თავის ორ სატელიტთან - ბელარუსთან და ყაზახეთთან ერთად. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში ძალიან აქტუალური გახდება მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების და მათგან მომავალი რისკების იდენტიფიცირება. რადიკალური სცენარის მიხედვით, საქართველომ უნდა დაბლოკოს სამი ქვეყნის ერთდროული შესვლა ვმო-ში, სანამ სამთაგან ერთთან - რუსეთთან ურთიერთობებს არ მოაწესრიგებს. თუმცა, რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, რამდენად გაგებით მოეკიდებიან ამ ნაბიჯს რუსული გავლენებით და კაპიტალით უხვად ნაკვები ყაზახეთი და ბელარუსი. თუმცა, არსებობს სხვა სცენარიც: საქართველომ, შესაძლოა, არ შეაფერხოს «სამთა კავშირის» ვმო-ში შესვლა და ეს ნაბიჯი, ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების სურვილით, მეორე მხრივ, რუსეთზე ვმო-ს წესებით გავლენის მოხდენის შესაძლებლობის გაჩენით, მესამე მხრივ კი, ყაზახეთთან და ბელარუსთან ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობით გაამართლოს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ამომრჩევლისთვის მოუწევს იმის ახსნა, რატომ არის მისაღები ასეთი დათმობები ოკუპანტებთან. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოს ადრე თუ გვიან მაინც აუცილებლად მოუხდება არჩევანის გაკეთება: გააგრძელოს ამჟამად დასახული კურსი და რუსეთის ვმო-ში შესვლა კვლავაც შეაფერხოს, ან გადასინჯოს ამ მიდგომის სისწორე და ეფექტიანობა. ამ არჩევანის გაკეთება დღეს კიდევ უფრო გართულებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიშგასაწევი იქნება უკვე არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ მინსკის და ასტანის აზრიც. რისკს ზრდის და სკეპტიკურ დამოკიდებულებას აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ამ საკითხში საქართველო ნამდვილად ვერ დაიკვეხნის თანმიმდევრული პოლიტიკით. მან ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას და ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობის სურვილის გამოხატულებად მონათლა, მაგრამ შემდგომ, რუსული ემბარგოს დაწესების კვალობაზე, თანხმობა გააუქმა და ჩრდილოელი მეზობლის მსოფლიო სავაჭრო კლუბში გაწევრიანებას ჯერჯერობით გადაულახავ ბარიერად დაუდგა. დღეს ეს საკითხი ახლებურ მნიშვნელობას იძენს და კიდევ უფრო მეტ და მიზანმიმართულ ბრძოლას მოითხოვს. ერთადერთი, რაც საქართველოს მხარესაა, არა მისი პოზიციის სიძლიერე და თანმიმდევრულობაა, ან თუნდაც პარტნიორი ქვეყნების სრული მხარდაჭერა, არამედ - ბანალური ქრონოლოგიური ფაქტორი. საიმისოდ, რომ რუსეთმა საკუთარი გეგმა რეალობად აქციოს და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე სამი სახელმწიფოს ერთობლივი განაცხადი შეიტანოს, დროა საჭირო; დრო, რომელმაც რეგიონსა და მსოფლიოში ვითარება საქართველოს სასარგებლოდ შეიძლება შეცვალოს და საკითხის ნაკლებად მტკივნეულად მოგვარების შესაძლებლობა გააჩინოს.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.