რუსული "მკვდარი მარყუჟი"
რუსეთი საქართველოს სატრანზიტო არხებზე კონტროლს აძლიერებს
რუსულმა სახელმწიფო მონოპოლიამ - სააქციო საზოგადოება «რუსეთის რკინიგზამ» კომპანია «ბლექ სი ფერი ინვესტმენტის» აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ეს კომპანია რუსული პორტ კავკაზიდან ფოთის პორტამდე ტვირთების საბორნე გადაზიდვას ახორციელებს.
«რუსეთის რკინიგზის» მიერ კავკაზი-ფოთის საბორნე გადასასვლელის ოპერატორი კომპანიის შესყიდვის შესახებ ერევანში «რუსეთის რკინიგზის» ვიცე-პრეზიდენტმა, აჭარის ყოფილმა პრემიერმა ავთანდილ გორგილაძემ განაცხადა (გორგილაძეს აჭარის პრემიერის პოსტი ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში ეკავა, მანამდე გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობაში მუშაობდა, აჭარიდან წასვლის შემდეგ კი «რუსეთის რკინიგზის» საბაჟო-საბროკერო საქმიანობის სამმართველოს უფროსი იყო).
ექსპერტების გათვლებით, რუსულმა მონოპოლიამ ამ აქტივში, სავარაუდოდ, 5 მილიონამდე დოლარი გადაიხადა. «ბლექ სი ფერი ინვესტმენტი» რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით ტვირთების გადასაზიდად შეიქმნა. მის გეგმაშია კავკაზიდან სამსუნისკენ ახალი საბორნე გადასასვლელის გახსნაც. «რუსეთის რკინიგზაში» არ მალავენ, რომ ორივე ხაზს აქტიურად გამოიყენებენ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო ტვირთების გადასაზიდად, რაც დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს.
ფოთი-კავკაზის ბორანი 2007 წელს ამოქმედდა, 2008 წელს კი უკვე 3 მილიონი ტონა სხვადასხვა კატეგორიის ტვირთი გადაზიდა. მართალია, ტვირთების უდიდესი ნაწილის გადაზიდვა ამჟამადაც ფოთი-ილიჩოვსკის ბორნით ხდება, მაგრამ «რუსეთის რკინიგზა» ამიერიდან ტვირთბრუნვის გაზრდას სწორედ ფოთი-კავკაზის ბორნით აპირებს, რაც რეგიონში ტვირთბრუნვის მარშრუტების და მოცულობების სერიოზული გადაჯგუფების საფუძველი შეიძლება გახდეს.
თავისი შინაარსით ეს მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობის ფაქტორი რომ არ არის და მას, საჭიროების შემთხვევაში, ტრადიციული პოლიტიკური ბერკეტის ფორმა მიეცემა, «რუსეთის რკინიგზის» პოზიციონირებით და მისი სააქციო და მფლობელობითი სტრუქტურითაც ნათლად დასტურდება.
სააქციო საზოგადოება «რუსეთის რკინიგზის» ერთადერთი აქციონერია რუსეთის ფედერაციის მთავრობა. მთავრობის პირდაპირ დაქვემდებარებაში არსებულ მის დირექტორთა საბჭოს პირველი ვიცე-პრემიერი, პუტინის თანაქალაქელი ალექსანდრ ჟუკოვი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, «რუსეთის რკინიგზის» მთელი აქტივობები რომ პირდაპირი სახელისუფლო კურაციის სფეროშია და რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ვითარდება, ეჭვგარეშეა.
ასე რომ, შავი ზღვის ფრონტზე რუსული პოლიტიკის ეკონომიკური საცეცები ტვირთების გადაზიდვის არხებს სულ უფრო მჭიდროდ ეხვევა გარს და თავისი გავლენის მაქსიმალურ გაზრდას ცდილობს.
იგივე პროცესი, ოღონდ ცოტა შესხვაფერებული სახით, კასპიისპირეთშიც იკრებს ახალ ძალებს. იქაც რუსული სახელმწიფო კაპიტალის პოზიციების გამყარება გაცილებით ფართომასშტაბიან ხასიათს იძენს.
პოლიტიკურად და ეკონომიკურად რთულ აპრილში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის გადაზიდვა კიდევ უფრო შემცირდა. რეკორდული თებერვლის შემდეგ, როცა საქართველოს რკინიგზით 240,2 ათასი ტონა გადაიზიდა, მარტში ეს მაჩვენებელი 152,8 ათას ტონამდე შემცირდა, აპრილში კი - 137,7 ათას ტონამდე. შედეგად, აპრილის მაჩვენებელი წლის განვლილ თვეებში ყველაზე დაბალი აღმოჩნდა. იგივე ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა მაისსა და ივნისშიც.
აქედან გამომდინარე, სანავთობო ტვირთების კლებას მოელიან «საქართველოს რკინიგზაზეც», სადაც ორი მსხვილი კონტრაქტორი - «შევრონი» და «ექსონი» საქართველოზე ტვირთების გატარების ალტერნატიულ სათადარიგო მარშრუტებს ეძებს. ეს პროცესი ამ ეტაპზე არ ატარებს გამოკვეთილად აქტიურ ხასიათს, თუმცა, პოლიტიკური რყევების და მაღალი სატრანზიტო ფასების გამო, მსხვილ ნავთობკომპანიებს საქართველოს მიმართულება თავის ტკივილად რომ ექცათ, ცხადია.
ამ ფაქტორებს რუსული სახელმწიფო (და არასახელმწიფოც) კომპანიები ყველანაირად რომ წაახალისებენ, სადავო არც ესაა. თუმცა, რუსული კაპიტალის «დაწოლა» ამ მიმართულებაზე მხოლოდ მსგავსი აქტივობებით არ შემოიფარგლება. მას აქვს მეორე, არანაკლებ ანგარიშგასაწევი მხარეც, რომელიც ასევე იკრებს ძალებს.

კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება