Skip to content

ავტორიზაცია

ფარმაციის ბნელი მხარე


საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რა წამლებს სვამს. ფარული გარიგებისა და კორუფციის ნიშნები ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში

 თემო ბარძიმაშვილი
ოლიგოპოლიური ფარმაცევტული ბაზარი
საქართველოში, მოქალაქის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯის 48% წამლებზე მოდის და არა ექიმის მომსახურებაზე. რადგან ქვეყანაში დაზღვევის ინსტიტუტი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული,  ამიტომ პაციენტებს  წამლების შეძენა საკუთარი ჯიბიდან უწევთ. წამლის თანხას არც ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახელმწიფო პროგრამა ე.წ. 5-ლარიანი დაზღვევა ანაზღაურებს.
2008 წელს საქართველოში წლიური ინფლაცია 5,5 პროცენტი იყო. გლობალური და ომისშემდგომი კრიზისის გამო,  პროდუქტსა და სხვადასხვა მოხმარების საგანზე ფასები თუ შესამჩნევად არ კლებულობს, არც იზრდება. ერთადერთი გამონაკლისი მედიკამენტებია. გასული წლიდან დღემდე ძირითადი მოხმარების წამლების ფასი რიგ შემთხვევებში 200 პროცენტითაც გაიზარდა.
სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს" დირექტორი, ნიკა რამიშვილი, რომელიც ერთი წელი აკვირდებოდა წამლის ფასების დინამიკას, აცხადებს, რომ ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, 2008 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ულტრაბიოტიკის ფასი 11, 75-დან - 19 ლარამდე, პრედუქტალი 15,30-დან - 32, 45 ლარამდე, ამოქსიცილინი 1,48-დან - 3,20 ლარამდე, გინიპრალი 2,50-დან _ 9 ლარამდე, მოვალისი 16, 38-დან - 22 ლარამდე. "თუ დავაკვირდებით ქართულ ბაზარზე არსებულ 7000-მდე დასახელების წამალს, მაშინ მედიკამენტებზე ფასები საერთო ჯამში მხოლოდ 2-3%-ით იზრდება,  მაგრამ თუ 100 ყველაზე მოთხოვნადი წამლის ფასის ანალიზს ვაკეთებთ, მაშინ ზრდა ძალიან დიდია", - აცხადებს რამიშვილი. მისივე თქმით, ნოემბრიდან დღემდე ამ მედიკამენტების ფასი კიდევ 10-15%-ით გაიზარდა.
"როცა ქვეყანაში უმუშევრობაა, ბანკებმა, სადაზღვევო ორგანიზაციებმა და სამშენებლო კომპანიებმა ხალხი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მსყიდველუნარიანობა მცირდება, ასეთ ვითარებაში არალოგიკურია წამლებზე ფასი გაიზარდოს", - ამბობს ნიკა რამიშვილი და, ერთი შეხედვით, ალოგიკურ მოვლენას ასე ხსნის: ”მე რომ ფარმაცევტული კომპანიის პრეზიდენტი ვიყო და, ფაქტობრივად, არ მყავდეს კონკურენტი, რა ფასსაც მინდა, იმას დავადებდი".
"ბაზარი, რომელშიც ორი-სამი მსხვილი კომპანია 70-80%-ს ფლობს, ოლიგოპოლიურ ბაზარს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფირმებს აქვთ ფარული გარიგების შესაძლებლობა, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური ზრდა და წარმოების შეზღუდვა, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება მომხმარებელი დააზარალოს", - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი, დავით ნარმანია.
"ავერსისა" და PSP-ს ოფიციალური ვებ-გვერდებზე მითითებულია, რომ ”ავერსი”  ქვეყნის ფარმაცევტული ბაზრის 35%-ს აკონტროლებს, PSP კი - 30%-ზე მეტს. სიდიდით მესამე კომპანია - GPC კი ბაზრის 15%-ზე მეტის მფლობელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპოლიურია.
ოლიგოპოლიურ ბაზარზე თითოეული ფირმის გადაწყვეტილება გავლენას ახდენს საბაზრო სიტუაციაზე და, ამავე დროს, დამოკიდებულია სხვა ფირმების გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებისას ოლიგოპოლისტი ფირმა იძულებული ხდება, გაითვალისწინოს ბაზრის სხვა მოთამაშის შესაძლო რეაქციაც.
მოშლილი სახელმწიფო კონტროლი და უკონტროლო ფასები
ევროკავშირის ქვეყნებში, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის გარდა, სახელმწიფოს მიერ წამლის ფასებზე პირდაპირი კონტროლი ხორციელდება. ამ ორ ქვეყანაშიც მხოლოდ ახალდაპატენტებული წამლის ფასებია თავისუფალი. საქართველოში, თავად ფარმაცევტული ბაზრისგან განსხვავებით, ფასები თავისუფალია; იმდენად თავისუფალი და უკონტროლო, რომ ხშირად წამალზე ფასნამატები ათას პროცენტამდეც ადის. ფასების ცვლილებებზე ზემოქმედების ფაქტორებს PSP უცხოელი მწარმოებლის მიერ ფასების მატებით და ვალუტის კურსის ცვლილებით ხსნის და აცხადებს, - "კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების ზრდის წინააღმდეგ ჩვენ ფაქტობრივად უძლურები ვართ".
"ევროსა და დოლარის კურსის ცვალებადობა გარკვეულწილად ახდენს გავლენას ფასებზე, მაგრამ თუ უცხოური ვალუტის კურსი იზრდება, ფარმაცევტული კომპანიები მაშინვე ზრდიან ფასებს, ხოლო თუ კურსი მცირდება, სამწუხაროდ, ფასებს არავინ ამცირებს", - აცხადებს ექპერტი, დავით ნარმანია.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, საბაჟოებზე შემოტანილი წამლის ფასსა და საპრაისო, ანუ საბოლოო ფასს შორის ფასნამატი ასეულობით პროცენტს უტოლდება. ინფორმაცია ამოწერილია კონკრეტული ინვოისებიდან და მითითებულია დოკუმენტის ნომერი და თარიღი.
■ დუოვიტის საპრაისო ფასია 11,22 ლ, ხოლო შემოტანის - 1,5 ევრო. ფასნამატი გამოდის 247,4% (ინვოისი #329 2008, 22 სექტემბერი PSP).
■ ციპრინოლის საპრაისო ფასია 9,87 ლ, საზღვარზე შემოტანის ფასი 1,75 ევრო, ფასნამატი - 162% (ინვოისი #329 2008, 22 სექტემბერი PSP).
■ ვალოკორდინის (50 მლ) საპრაისო ფასია 9,36 ლ, შემოტანის ფასი ინვოისის მიხედვით 0,73 ევრო. ფასნამატი - 208% (ინვოისი #276 2008, 26 ივლისი  PSP).
■ PEO 1G (cetriaxone) გასაყიდი ფასია 13.48 ლ, შემოტანის ფასი 0,75 ევრო, ფასნამატი 735% (ინვოისი #225 2008, 26 ივნისი  PSP).
PSP-მ ზემოთ ჩამოთვლილი ფასნამატები არ დაადასტურა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფასნამატი წამლებზე 0-30%-მდე მერყეობს საბითუმო ვაჭრობაში და 0-20%-მდე საცალო ვაჭრობაში. თუმცა, პსპ-ს ფარმაცევტული ქარხნის GMP-ს წარმომადგენელმა, გიორგი ანთაძემ, გადაცემა ბიზნესკურიერში (18.06.09) დასმულ იმავე შეკითხვას სხვაგვარად უპასუხა და აღნიშნული ფასნამატები არ უარყო, რაც "კომპანიის ტრანსპორტირების, საოპერაციო და რიგი დანახარჯებით" ახსნა.
2005 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების  Euro Health Group-მა მოამზადა ფარმაცევტული პოლიტიკისა და რეგულაციების რეკომენდაციები, რომელიც 16-პუნქტიანია და ერთ-ერთ პუნქტში მითითებულია, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის სააგენტომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს მედიკამენტების ფასების რეგულაციის სხვადასხვა მეთოდს, იმისათვის, რომ დადგინდეს საწყისი ფასის რაიმე ფორმა.
მსგავს რეკომენდაციებში, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პერიოდულად კეთდება, ხელისუფლებას მილიონობით ლარი აქვს გადახდილი, თუმცა, თითქმის არც ერთი მათგანი არ შესრულებულა.

*მასალა მომზადდა დანიური ორგანიზაცია SCOOP-ის ფინანსური მხარდაჭერით

კომენტარები

nino kiknadze (შეუმოწმებელი), ნოემბერი 14, 2009, 00:05:10

kargi statiaa

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.