
ეკა ტყეშელაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი
ლიბერალი ქალბატონო ეკა, კონკრეტულად რას გულისხმობს ევროკავშირის და აშშ-ს მიერ «კონფლიქტის ერთობლივი მონიტორინგის» ინიციატივა?
საუბარი არ არის ახალი მისიის შექმნაზე. ჩვენ გვაქვს მონიტორინგის ერთი მექანიზმი - ევროკავშირის. მისი მანდატი ომის შემდეგ განისაზღვრა. მისიის პირველადი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგი იყო.
მანდატი განისაზღვრა ისე, რომ მისიის წევრებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰქონოდათ მონიტორინგის უფლება, მათ შორის - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ამ მისიას არ აძლევს საშუალებას, ფეხი შეადგას რომელიმე ამ რეგიონში. ამიტომ ტერიტორიული თვალსაზრისით, ძალიან შეზღუდულია მათი შესაძლებლობები.
თუ ეს ფორმატი გაფართოვდებოდა და მოქნილი გახდებოდა, საერთაშორისო თანამეგობრობას შეეძლებოდა რუსეთისთვის ეთქვა, - დიახ, თქვენ დაბლოკეთ და ბოლო მოუღეთ ორ მისიას საქართველოში, რადგან ვეტოს უფლება გქონდათ, მაგრამ მაინც გვაქვს საშუალება, რომ საქართველოში დავრჩეთ. გარდა ამისა, ეს გააძლიერებდა იმ პოლიტიკურ გზავნილსაც, რაც რუსეთს ისედაც ძალიან მკაფიოდ მიუვიდა, მათ შორის, მოსკოვში ობამას ვიზიტის დროს; ანუ მთელი მსოფლიო და ამერიკის შეერთებული შტატებიც დაინტერესებულია, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს და არავინ შეეგუება იმ ვითარებას, რომ ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ ერთეულებად იყოს აღიარებული.
ამიტომ, ევროკავშირის ამ მისიის გაძლიერება მნიშვნელოვანია პოლიტიკური პრევენციის თვალსაზრისით, თორემ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჯარი წამოვიდა, მას სამოქალაქო დამკვირვებელი შეაჩერებს.
ლიბერალი ეს ქართული მხარის იდეა იყო?
ჩვენი იდეა იყო, მაგრამ ეს შევთავაზეთ არა მარტო აშშ-ს, არამედ ამაზე საუბარი ევროკავშირთან დავიწყეთ. ბუნებრივია, აშშ-ს მონაწილეობა რაიმე ფორმით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მისიაში, მაგრამ ეს არაა მხოლოდ აშშ-ზე მორგებული წინადადება. სხვა ქვეყნებსაც, ვისაც სურვილი და ინტერესი გაუჩნდება, შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ კონფლიქტის მონიტორინგში. ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. თუმცა, ძალიან ბევრი ქვეყნის მონაწილეობას რთული მენეჯმენტი სჭირდება. ამიტომ ევროკავშირს ალბათ ურჩევნია, რომ რამდენიმე სახელმწიფო იყოს. მე ასე მგონია, და სიგნალებიც ასეთია.
ლიბერალი კონკრეტულად რა იგულისხმება მისიის გაძლიერებაში?
მაგალითად, ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ მისიისთვის ადვილი ხელმისაწვდომი გახდება სატელიტური სურათები. მათ არ შეუძლიათ ფიზიკურად შევიდნენ ამ რეგიონებში, მაგრამ აქვთ საშუალება, სატელიტების მეშვეობით მუდმივად დააკვირდნენ დინამიკას, სამხედრო ვითარების თვალსაზრისით მაინც. ანუ ასეთი დეტალებს ვგულისხმობთ და არა იარაღის მიწოდებას. სხვადასხვა აღჭურვილობით გამყარება გაცილებით უფრო ქმედითს გახდიდა მისიას ამ კუთხით.
ეს წინადადება ჯერ საწყის ეტაპზეა, კონსულტაციების დონეზე. ეს, ზოგადად, მარტივად მისაღწევი რამ არ არის. გარდა პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, ძალიან ბევრი ტექნიკური ხასიათის დეტალია. როდესაც 27 წევრისგან შემდგარ ორგანიზაციას, ანუ ევროკავშირსა და მის მისიას ეხება საქმე, ბიუროკრატიულ ელემენტებსაც შინაარსობრივი დატვირთვა ენიჭება. მაგალითად, როგორი იქნება მმართველობის სისტემა, შევლენ თუ არა მისიაში სხვა ქვეყნები, დაექვემდებარებიან ევროკავშირის მმართველობის სისტემას, თუ თავიანთ სისტემას შექმნიან. ამიტომ გადაწყვეტილებები ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე ადვილად არ მიიღება ხოლმე.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება