Skip to content

ავტორიზაცია

მეზობელი, როგორც საფრთხე


 ანა ტაბატაძე
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მშვიდობიანი თანაარსებობის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საბჭოთა დროის კონფლიქტოგენურ ეთნონაციონალიზმს ეფუძნება
„ლიბერალის“ წინა ნომერში კავკასიის რეგიონული ინტეგრაციის საკითხს საინტერესო სტატია მიეძღვნა - «ქვეყანა კავკასია».  მიუხედავად იმისა, რომ ავტორი მარგარიტა ახვლედიანი უჩვეულოდ თამამი დასკვნებისკენ მიდის, დასმული საკითხი სრულიად ნათელია და მის განხილვაზე ყალბი „რეალიზმის“ საბაბით უარის თქმა დამკვიდრებული შემეცნებითი მინიმალიზმის სამწუხარო გაგრძელება იქნებოდა. 
ამ  სტატიის მთავარი დებულება ასეთია: სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამმა რესპუბლიკამ უნდა დაძლიოს ვიწრო ეროვნული ეგოიზმი (რომლის სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი გამოხატულებაა სუვერენიტეტი), მათ უნდა გააცნობიერონ, რომ საკუთარი უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას მხოლოდ შეთანხმებული სტრატეგიითა და, საბოლოოდ, საერთო სისტემის ჩამოყალიბებით შეძლებენ.
ეს თეზისი გულისხმობს, რომ საგარეო ძალების ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები რეგიონში განვითარებული დესტაბილიზაციის არა მხოლოდ მთავარი, არამედ პრაქტიკულად ერთადერთი საფუძველია. ეს სამეცნიერო-პოპულარული კლიშე სურათს სრულად ვერ წარმოაჩენს  და მნიშვნელოვანი გარემოებები მხედველობის მიღმა რჩება. რა თქმა უნდა, „გარე-ფაქტორის“ გადამწყვეტი როლის ცალსახად უარყოფაც სარისკოა. ამას  არა მხოლოდ პოლიტიკურად არაკორექტულ დაშვებებამდე მივყავართ, არამედ ისევ კლიშეებამდე, რომლის უკიდურესი ფორმაა მითოლოგემა „დამოუკიდებლად ცხოვრების უუნარობის“ შესახებ. თუმცა, მსგავს მსჯელობებში ყოველთვისაა სიმართლის მარცვალი.
სამხრეთკავკასიელებს შორის „კინკლაობის“ პრობლემის საფუძველი თავად რეგიონის და მისი სამივე რესპუბლიკის სუვერენიტეტის პირობითობაშია. ამ ქვეყნების  ლეგიტიმურობის  რეალიზაცია მხოლოდ საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით მოხდა, ჭეშმარიტი, სახალხო ლეგიტიმაცია კი ჯერ არ მომხდარა. დღეს, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ვსაუბრობთ, „ტრანსკავკასიური“ სივრცე უპირობო მოცემულობად არ უნდა მივიღოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს შემოსაზღვრულობა  წარმოსახვითია და არსებითად არანაირი „სამხრეთ კავკასია“ არ არსებობს. ვერც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ძალები თუ რუსეთი ერთიან რეგიონად  აღიქვამენ სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სასიცოცხლო სივრცეს.
რას წარმოადგენს თითოეული მათგანი და რეალურად რა აერთიანებს სამივეს?  „მატრიოშკას“ პრინციპით (მოსკოვი-მოკავშირე რესპუბლიკა-ავტონომია) სტრუქტურირებულ საბჭოთა პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ მოწყობას არსებითად ვერც ერთი ნაციონალური რესპუბლიკა ვერ გასცდა.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.