ინგლისურიდან თარგმნა თათია კობრეშვილმა
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის მოგვარების გარეშე, პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და უსაფრთხოებისთვის ყოველგვარი ძალისხმევა განწირულია
საქართველოს დასახმარებლად მოწყობილი სამიტის შემდეგ შეპირებული დახმარების საერთო მოცულობა 4,5 მილიარდი დოლარია ანუ, დაახლოებით, ათასი დოლარი - საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელზე.
ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ბრიუსელის სამიტში მხოლოდ დონორები და საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობდნენ, რის გამოც, თრანსპარენცყ International-მა მკაცრად გააკრიტიკა გადაწყვეტილების მიღების დახურული პროცესი.
საომარი მოქმედებებისა და პოსტსაომარ ფაზაში მყოფი ქვეყნის აღდგენასა და განახლებაზე მიმართული თანხების ხარჯვის არასაკმარისი გამჭვირვალობა და არადამაკმაყოფილებელი ანგარიშვალდებულება გადასახადების გადამხდელებს აღარ აკმაყოფილებთ. იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური მასშტაბის დახმარებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, მისი მოცულობა კი განუხრელად მცირდება (მარტო ბოლო ორი წლის განმავლობაში 12%-ით იკლო), დახმარების ეფექტური და გამჭვირვალე გამოყენება სულ უფრო აუცილებელი ხდება. შესაბამისად, ის მთავრობები, რომლებიც თავიანთი მოქალაქეებისთვის ანგარიშის ჩაბარებას საჭიროდ არ მიიჩნევენ, სავარაუდოდ, ამ საკითხში მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან.
სანამ დახმარების «კეთილი ზრახვა» «ვალდებულებად» გადაიქცევა, დონორებმა კარგად უნდა გამოიკვლიონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და შეაფასონ მისი გეგმები ჰუმანიტარული და ქვეყნის აღსადგენად გამოყოფილი დახმარების გამოყენების თვალსაზრისით. დონორები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ, საქართველოსთვის გაწეული დახმარება სიმშვიდესა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს თუ, პირიქით, კონფლიქტების პოლიტიკურად მოგვარებას ხელს შეუშლის და პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება კიდევ უფრო მეტად ართულებს იძულებით გადაადგილებული პირების, რეპატრიანტების და კონფლიქტის ზონის მუდმივი მაცხოვრებლების პრობლემის მოგვარებას. თუმცა, კონფლიქტით მოცული ჯგუფების რეინტეგრაცია პროდუქტიული საქმიანობის დასაწყებად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილიზაციის აუცილებელი პირობაა. ამიტომაც მიიჩნევს გაერო, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ პრობლემასთან გამკლავებას ვერ შეძლებენ, კონფლიქტების განახლების ალბათობა არსებობს.
ამიტომაც გასარკვევია, უწყობს კი ხელს საქართველოს განვითარების მოდელი დინამიკურ და ყოველმხრივ ზრდას, ანუ ისეთ ზრდას, რომელსაც მოსდევს პროდუქტიული ინვესტიციები, ინოვაციური მეთოდიკები და ახალი სამუშაო ადგილების მასშტაბური გაჩენა?
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები უდავოდ აღიარებენ საქართველოს უეჭველ წარმატებას მაკროეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების განხორციელებაში ბიზნეს-კლიმატის გასაუმჯობესებლად. უცხოელმა ინვესტორებმა ამას უკვე უპასუხეს ქვეყნის ეკონომიკაში უზარმაზარი დაბანდებებით. ომამდელ წლებში კაპიტალის მოდინებამ მშპ-ს 20% შეადგინა, საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2007 წელს 12%-ს გადააჭარბა, 2003 წლიდან მოყოლებული კი თითქმის 40%-ს მიაღწია.
მაგრამ მხოლოდ სწრაფი ზრდა არასაკმარისია. საქართველომ ვერ შექმნა სამუშაო ადგილები, ვერ მიაღწია საჭირო დინამიზმსა და სოციალურ ჩართულობას, რაც მშვიდობიანი საზოგადოებისთვის აუცილებელი პირობაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს საინვესტიციო ნაკადებმა შედარებით მრავალფეროვანი სფეროები მოიცვა, მათი უმეტესობა მაინც ნავთობსადენებისა და გაზსადენების მშენებლობას და სხვა მსხვილ საერთაშორისო პროექტებს ხმარდებოდა. გარდა ამისა, 2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს სამხედრო ხარჯები ქვეყნის მშპ-ს 1%-დან 7%-მდე გაიზარდა, რითაც მნიშვნელოვანი რესურსები დააკლდა ადამიანის პოტენციალის განვითარების არასაწარმოო ინვესტიციებს.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება