დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთ წელიწადში სოხუმისთვის საქართველოსთან კონფლიქტმა, აქტუალობის თვალსაზრისით, მეორე პლანზე გადაინაცვლა და ადგილი დაუთმო მოსკოვთან ურთიერთობების თემას. ეს ახალი გამოწვევაა აფხაზეთისთვის. აფხაზური პროექტის მომავალი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს იგი ამ გამოწვევასთან გამკლავებას.
როგორ უნდა ააწყოს აფხაზეთმა ურთიერთობა თავის მთავარ არაკეთილმოსურნესთან - საქართველოსთან? რა შედის მის ინტერესებში და რა არა? ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს აფხაზი გლეხიც გაგცემთ.
გაცილებით რთულადაა საქმე, როცა საკითხი ეხება რუსეთს.
როგორ უნდა მოიქცეს აფხაზეთი ქვეყანასთან, რომელიც დღეს მისი ერთადერთი მოკავშირეა? რა პრინციპებზე უნდა დაეფუძნოს მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობები? ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტასაც არ აქვს.
გარდა იმისა, რომ რუსეთი დღეს აფხაზეთისთვის მსოფლიოში გასასვლელი ერთადერთი ფანჯარა და საქართველოსგან უსაფრთხოების გარანტია, იგი ამავე დროს ფინანსური კეთილდღეობის უალტერნატივო წყაროცაა.
აფხაზეთის ბიუჯეტის 40 პროცენტს მოსკოვიდან პირდაპირი დოტაციები შეადგენს, ტვირთბრუნვის 95 პროცენტიც რუსეთზე მოდის. ქვეყნის ეკონომიკის საბაზო სეგმენტი - საკურორტო ბიზნესი რუსი დამსვენებლების ხარჯზე არსებობს. თითქმის ყველა უცხოური ინვესტიცია, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკაში იდება, რუსულია.
გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს აფხაზურთან ერთად აქვს რუსული პასპორტი, რაც მათ საშუალებას აძლევს, ქვეყნის ფარგლებს გასცდნენ. პენსიონერებიც რუსულ პენსიას იღებენ, რომელიც ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე აფხაზური.
როცა რომელიმე ქვეყანასთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები გაქვს, საკუთარი ნაციონალური ინტერესისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება ძალიან ძნელი ამოცანა ხდება.
აფხაზურ საზოგადოებას არ სურს, საკუთარი სუვერენიტეტი მოსკოვის ინტერესების გამო დათმოს.
სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, სადაც დამოუკიდებლობას გარდამავალ ეტაპად განიხილავენ, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა მოჰყვეს, აფხაზეთს ასეთი გეგმები არ აქვს.
სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ერთ-ერთი პირველი რუსულ-აფხაზური შეთანხმება «საზღვრის ერთობლივად დაცვის შესახებ» აფხაზურმა საზოგადოებამ კრიტიკულად აღიქვა, რადგან იგი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის კონსტიტუციას.
ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთი შეთანხმება და პროექტი გაფორმდა რუსეთთან, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა აფხაზურ საზოგადოებაში.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ბაღაფში გამოვიდა ინიციატივით, აფხაზეთის რკინიგზა და სოხუმის აეროპორტი მომავალში პრივატიზაციის პერსპექტივით მმართველობაში რუსეთს გადაეცეს. შავი ზღვის აფხაზურ შლეიფზე ნავთობის მოპოვების უფლება უკვე მისცეს რუსულ სახელმწიფო კომპანია «როსნეფტს».
ოპოზიციამ ამ ინიციატივების გამო პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა, პრეზიდენტმა კი ოპოზიცია ანტირუსული განწყობების გაღვივებაში.
ანტირუსული განწყობები ოპოზიციაში თავისთავად ნონსენსია, რადგან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რაულ ხაჯიმბაა, რომელსაც კრემლი უპირობოდ უჭერდა მხარს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისი გამარჯვებისთვის მოსკოვი რუსულ-აფხაზური საზღვრის დროებით ჩაკეტვასაც არ მოერიდა.
ბაღაფშის მთავარი არგუმენტები ისაა, რომ აფხაზეთი რკინიგზის აღდგენასა და შემდგომ მის ამუშავებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.
იგივე არგუმენტები მოქმედებს სოხუმის აეროპორტთან, ენგურჰესთან, ნავთობის მოპოვებასთან, ანუ იმ სტრატეგიულ სეგმენტებთან მიმართებაში, რომელთაც რუსულმა ბიზნესმა თვალი დაადგა.
«სახელმწიფო ფუნქციები გადავეცით მეგობარ, მაგრამ მაინც უცხო სახელმწიფოს. გვარწმუნებენ, რომ დამოუკიდებლობა გვაჩუქეს და ამის საფასური უნდა გადავიხადოთ. მაგრამ ასე არ არის. ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, დე ფაქტო არსებობს. არსებობს მიუხედავად საქართველოს სურვილისა, მაგრამ არა რუსეთის სურვილით», - ამბობს აფხაზი პოლიტოლოგი ასტამურ ტანია.
იგი იხსენებს, რომ 90-იანი წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ აფხაზეთს საკმაოდ მძიმე ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი იყო. 1994-99 წლებში რუსეთს აფხაზეთი მკაცრ ეკონომიკურ ბლოკადაში ჰყავდა მოქცეული. 16-დან 65 წლამდე მამაკაცებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებოდათ. იმ პერიოდში რუსეთიდან აფხაზეთში ლეგალურად თავის ტკივილის წამალსაც ვერ შემოიტანდით.
«წარმოიდგინეთ, ქვეყანას, რომელმაც ომი გადაიტანა, რუსეთმა ბლოკადა დაუწესა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანდრეი კოზირევის და ევგენი პრიმაკოვის მეთაურობით, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას გვაიძულებდა, მაგრამ ჩვენ ამ განსაცდელს გავუძელით. შემდეგ მოვიდა პუტინი. ნელ-ნელა გაუქმდა სანქციები. დღეს რუსეთი ჩვენი ერთადერთი მოკავშირეა. თუმცა, პოლიტიკა საკმაოდ ცვალებადი რამაა და არ არსებობს გარანტიები, რომ მომავალში კრემლში არ დაჯდება ადამიანი, რომელიც ჩვენს მიმართ პოზიციას შეიცვლის», - ამბობს გაზეთ «ნუჟნაია გაზეტას» რედაქტორი იზიდა ჭანია.
აფხაზეთის დღევანდელ ხელისუფლებასაც კარგად ესმის, რომ ყველა კვერცხის ერთ კალათაში ჩალაგება სარისკო საქმეა.
უკანასკნელ წლებში პრეზიდენტი ბაღაფშიც და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ აფხაზეთის საგარეო პოლიტიკა მრავალ ვექტორზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული.
რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე რუსეთი აფხაზეთს აღიარებდა, შამბამ აფხაზეთის საგარეო ორიენტირები ასე ჩამოაყალიბა - რუსეთი, ევროკავშირი და თურქეთი.
ეს სიგნალები ვერავინ გაიგო. დასავლეთის მხრიდან ამას არავითარი მხარდაჭერა არ მოჰყვა. დღეს კი სხვა რეალობაა. მას შემდეგ, რაც ევროპამ და ამერიკამ რუსეთი აფხაზეთის აღიარების გამო გააკრიტიკა, «მრავალვექტორობის» თეზისი სრულიად ამოვარდა ოფიციალური სოხუმის ლექსიკიდან. რეალობა ისაა, რომ დღეს სოხუმს ერთადერთი ვექტორი აქვს.
*სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს
და არა «ლიბერალს».
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება