ნაბუქოს გაზსადენის პროექტი ხანგრძლივი სტატიკური მდგომარეობიდან განვითარების დინამიკურ ფაზაში გადავიდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია.
წინა ისტორიანაბუქოს გაზსადენის პროექტი სამხრეთკავკასიური ენერგეტიკული დერეფნის გაზის სეგმენტის ძირითადი და დამასრულებელი კომპონენტია. სამხრეთ კავკასიური ენერგეტიკული დერეფნის საწყისი კომპონენტი ბაქო-თბილისი-ერზრუმის სახით 2007 წლის შემოდგომიდან მოქმედებს და მისი საშუალებით შაჰ-დენიზის აზერბაიჯანული საბადოს გაზი საქართველოსა და თურქეთს შიდა მოხმარებისათვის მიეწოდება.
ამ პროექტის ამოქმედებამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოსა და თურქეთის გაზით მომარაგების დივერსიფიცირებაში. თუკი მანამდე ორივე სამხრეთ კავკასიური ქვეყანა ძირითადად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, დღეს საქართველომ და აზერბაიჯანმა მთლიანად შეწყვიტეს რუსული გაზის მიღება, თურქეთმა კი 60%-მდე შეამცირა.
სამხრეთ კავკასიური ენერგეტიკული დერეფნის დამასრულებელი სეგმენტის, ნაბუქოს პროექტის მიზანია, თურქეთში სხვადასხვა გაზსადენებით, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით მოხვედრილი გაზი ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისაკენ გადაისროლოს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც მთლიანად რუსულ გაზზე არიან დამოკიდებულნი, ამ სქემით გაზით მომარაგების დივერსიფიცირებას ცდილობენ. თავიდან გაზის მიწოდების წყაროებად განიხილებოდა კასპიისპირეთის ქვეყნები, ძირითადად აზერბაიჯანი, ამ ეტაპზე კი - აზერბაიჯანთან ერთად, ირანი, ერაყი და რუსეთიც კი.
გაზსადენის მშენებლობის იდეა 2002 წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმებების გაფორმებისთანავე გაჩნდა. იგი მიზნად ისახავდა შაჰ-დენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარებისათვის სატრანსპორტო არტერიის მომზადებას უკვე თურქეთიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაკენ, რომლებიც იმჟამად ევროკავშირის წევრები ჯერ კიდევ არ იყვნენ.
ნაბუქოს პროექტი დღეს ნაბუქოს პროექტი ხანგრძლივი სტატიკური მდგომარეობიდან აქტიურ დინამიკურ ფაზაში 2009 წლის დასაწყისში გადავიდა. ერთი მხრივ, ეს დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის 2009 წლის იანვრის გაზის კრიზისთან და, მეორე მხრივ, შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განვითარების აუცილებლობასთან.
რუსეთ-უკრაინის გაზის კრიზისმა ევროკავშირის ქვეყნებს გაზის ალტერნატიული რესურსების ალტერნატიული სატრანსპორტო გზებით მიღების აუცილებლობა დაანახა. ამ კრიზისის პერიოდში ნაბუქოს სახით ალტერნატიული გზა უკვე რომ ყოფილიყო, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვენია და მოლდოვა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ. ამასთან ერთად, კონფლიქტში მონაწილე მხარეები - უკრაინა და რუსეთი, ბაზრის დაკარგვის შიშით, მეტად გაითვალისწინებდნენ იმპორტიორი ქვეყნების ინტერესებს და ხისტ პოზიციას არ დაიკავებდნენ გაზის ნაკადების შეუფერხებელ მოძრაობასთან დაკავშირებით.
ამას გარდა, აზერბაიჯანი და შაჰ-დენიზის კონსორციუმი, როგორც გაზის მწარმოებელი მხარე, დაინტერესებულები არიან, რომ შაჰ-დენიზის განვითარების მეორე ფაზისათვის, ანუ 2014 წლისთვის სატრანსპორტო არტერია მზად იყოს.
ნაბუქოს კონსორციუმსა და თურქეთის მთავრობას შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების შემდეგ ძირითადი წინააღმდეგობა, რომელიც არსებობდა გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით, მოხსნილია. თუ ადრე თურქეთი მოითხოვდა ნაბუქოს მილსადენის გამტარობის 15% ტოლფას გაზს საკუთარი მოხმარებისა და რეექსპორტისათვის (ანუ 4,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს), დღეს, შეთანხმების მიხედვით, თურქეთი კონსორციუმისგან 4 მლდ. აშშ დოლარს მოითხოვს სატრანზიტო და სხვა მოსაკრებლების სახით.
ამგვარად, თუ ადრე ნაბუქოს პროექტის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი თურქეთის პოზიცია იყო, დღეს ეს წინააღმდეგობა მოხსნილია. თუმცა გაჩნდა ახალი და ძირითადად გეოპოლიტიკური ხასიათის წინააღმდეგობები, რომელთა მოხსნა აუცილებელია ნაბუქოს პროექტის განხორციელებისათვის.
კერძოდ, შესუსტებულია ის სტრატეგიული ჯაჭვი, რომელიც არსებობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების დაპროექტებისა და განხორციელების დროს.
ამ ჯაჭვის მთავარ მოთამაშეებს, აზერბაიჯანსა და თურქეთს, არათავსებადი ინტერესები გაუჩნდათ. მათგან მხოლოდ საქართველო დარჩა მყარ პოზიციაზე ტრანზიტის საკითხის მიმართ და რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობის დროსაც კი შეასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ქართული მხარის მიზეზით არ შეწყვეტილა ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის სატრანზიტო ნაკადები საქართველოს ტერიტორიის გავლით უშუალოდ კონფლიქტის მიმდინარეობის დროსაც კი.
თუმცა საქართველო სტრატეგიული სატრანზიტო არტერიის ერთადერთი და ყველაზე გადამწყვეტი რგოლი არ არის. უცილებელია, რომ ამ ჯაჭვის სხვა უფრო მნიშვნელოვანმა რგოლებმა, აზერბაიჯანმა (როგორც გაზის რესურსის მფლობელმა და მწარმოებელმა), თურქეთმა (ევროკავშირის ბაზრის უშუალო მოსაზღვრე ქვეყანამ) და ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიონ იმგვარ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს გაზის ნაკადების გაზრდას სამხრეთ კავკასიური დერეფნის გავლით.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება