აგვისტოს ომის შედეგები კავკასიაში დღემდე ახალ-ახალი ძვრების საფუძველი ხდება
აგვისტოს კრიზისი სომხურ-თურქული დიალოგის სტიმულად იქცა, რაც ნაწილობრივ რუსეთ-აზერბაიჯანის დაახლოების მიზეზი გახდა.
თუკი ეს პროცესი გაგრძელდა, პოლიტიკური «ბილიარდის ბურთი» ისევ იქ მიგორდება, საიდანაც სტარტი აიღო - ანუ საქართველოში, და მას ახალ სირთულეებს მოუტანს.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთისთვის კავკასიაში აზერბაიჯანის ჯერი დადგა.
სომხეთთან ყველაფერი გარკვეულია - ის სტრატეგიული მოკავშირეა, საქართველოსთანაც - ის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. შესაძლოა, ახლა აზერბაიჯანს მოუწიოს - ან უკვე უწევს - დატოვოს ნეიტრალიტეტის თბილი ადგილი, რომლის შენარჩუნებასაც აქამდე ახერხებდა.
აგვისტოს ომი აზერბაიჯანისთვის სერიოზული გაკვეთილი აღმოჩნდა. ნათელი გახდა, რომ აშშ-ც, ევროპაც, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი თურქეთიც უძლურები აღმოჩნდნენ, საქართველო რუსეთის ზეწოლისგან დაეცვათ. ბაქომ ნახა, რომ რეალურად ვერავინ შეეწინააღმდეგა რუსეთს, როდესაც მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარა.
ბაქოში გააცნობიერეს, რომ თუკი შემდეგი ყარაბაღი იქნება, იგივე განმეორდება. მოსკოვს ბაქოზე ზემოქმედების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს - გაამკაცროს დამოკიდებულება ორი მილიონი აზერბაიჯანელის მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ.
ეს თავისთავად აზერბაიჯანის მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტია. გარდა ამისა, როგორც ბაქოელი ექსპერტები ამბობენ, ქვეყნის მაცხოვრებელთა 40 პროცენტამდე რუსეთის ხარჯზე არსებობს. დაბოლოს, ბაქოში განსაკუთრებული სიცხადით მაშინ იგრძნეს, ვინაა ამ სახლში უფროსი, როდესაც ომის დროს რამდენიმე დღით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადაიკეტა.
აშკარაა, აზერბაიჯანის ხელისუფლება დაფიქრდა იმაზე, რომ პროდასავლური კურსისთვის უპირატესობის მინიჭება მათი ქვეყნისთვის, შესაძლოა, მცდარი და საშიში აღმოჩნდეს. აგვისტოს ომმა აზერბაიჯანის იმ გავლენიანი კლანების პოზიცია გაამყარა, რომლებიც ყოველთვის ღიად ატარებდნენ პრორუსულ, ანტიდასავლურ, და დღევანდელ კონტექსტში აქტუალურ - ანტითურქულ პოლიტიკას.
თურქეთი კავკასიის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებით. ანკარასთან ურთიერთობა ბაქოს პოლიტიკის ყველა ძირითად ტენდენციას განაპირობებს. იმისთვის, რომ აზერბაიჯანი საბოლოოდ მოაქციო კონტროლქვეშ, თურქეთთან ურთიერთობა უნდა გაუფუჭო.
სწორედ ეს ხდება წლევანდელი გაზაფხულიდან მოყოლებული. აზერბაიჯანში ტელევიზიით თურქული სერიალების ჩვენება შეიზღუდა, მიმდინარეობს გაუთავებელი საზოგადოებრივი დისკუსიები იმაზე, რომ თურქული ენა აზერბაიჯანულს ავიწროვებს. გავრცელებული ხმების მიხედვით, არსებობს პირდაპირი დირექტივები რეგიონებში თურქული ფირმების, სკოლებისა და ორგანიზაციების დახურვის თაობაზე, რითაც უხმაუროდ უნდა განიდევნოს ქვეყნიდან თურქული ბიზნესი და მისი გავლენა.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება