Skip to content

ავტორიზაცია

პუკაჩი მოთხოვნამდე


ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობიდან ცხრა წლის შემდეგ მისი საქმე კვლავ პოლიტიკური მანიპულაციების საგანია.
გიორგი ღონღაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრება, კიევი 2007
პატარა სოფელი მოლოჩკი კიევიდან ორას კილომეტრშია. აქაურები სხვადასხვაგვარად ახასიათებენ თავიანთ უცნაურ თანასოფლელს. ზოგი ამბობს, რომ ის ბევრს მუშაობდა ბოსტანში, ზოგი იხსენებს, რომ ხალხში იშვიათად ჩნდებოდა და ადამიანებს ერიდებოდა. ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველი ელენა ცარუკი კი მას ინტელიგენტურ ადამიანად, «არასოფლელად» ახასიათებს.
მოლოჩკის ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ დეტალებს ტყუილად არ იხსენებენ. 21 რიცხვში მათი თანასოფლელი ყველა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების მთავარი გმირი გახდა. მოკრძალებული პენსიონერი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩავიდა ამ ღვთისგან დავიწყებულ სოფელში, აღმოჩნდა არა უბრალოდ პაპა პეტრო, როგორც მას მეზობლები ეძახდნენ, არამედ ალექსეი პუკაჩი, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი; ანუ ის გენერალი, რომელმაც, როგორც ამბობენ, რეპორტიორი თავისივე ქამრით დაახრჩო და შემდეგ ძიებას დაემალა - ისრაელში თუ შეერთებულ შტატებში გაიქცა.
სინამდვილეში პუკაჩი საზღვარგარეთ არ წასულა. საერთაშორისო ძებნაში მყოფი შსს-ს საგარეო სადამკვირვებლო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ოთხ წელიწადს მოგზაურობდა ქვეყანაში, მუდმივად იცვლიდა დროებით საცხოვრებელ ადგილებს, რომელთა შორის ბოლო მოლოჩკი იყო. სწორედ იქ წააწყდნენ მას უშიშროების სამსახურის თანამშრომლები. შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ პუკაჩმა მკვლელობის დამკვეთები დაასახელა. უკრაინის გენპროკურატურამ კი, დაკავებულის მითითებით, ჟურნალისტის თავის ქალას მიაკვლია. დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ყველაზე იდუმალებით მოცული საქმე თითქოს გაიხსნა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამ გახმაურებულ საქმეს ალბათ ზედმეტი ქულების ჩასაწერად გამოიყენებენ. ამასობაში, მკვლელობის დამკვეთთა ვინაობა ისევ საიდუმლოდ რჩება.
პროფესიონალებს და იმ ადამიანებს, ვინც პუკაჩს კარგად იცნობს, მისი დაკავების ისტორიამ მრავალი კითხვა გაუჩინა. ჯერ ერთი, ვიდეოჩანაწერზე, რომელიც უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მისი დაკავებისას გადაიღეს, გენერალი გასაოცარი სიმშვიდით გამოირჩევა, თითქოს წინდაწინ იცოდა ამ ოპერაციის შესახებ; მეორეც, როგორც სახელმწიფო დაცვის ყოფილი მაიორი ნიკოლაი მელნიჩენკო ამტკიცებს, ძალოვანთა ბრძანების შემდეგ «ყველანი დაწექით» - კადრში გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ბრძანებას არ დაემორჩილა, რაც სრულიად დაუშვებელია ამგვარ სიტუაციებში; და მესამეც, პუკაჩმა თითქმის მაშინვე აღიარა ჟურნალისტის მკვლელობაში თავისი მონაწილეობა. გენერალის ყოფილი ადვოკატი, სერგეი ოსიკა «ლიბერალთან» ინტერვიუში ყველა ამ შეუსაბამობას მარტივად ხსნის: ვფიქრობ, მან (პუკაჩმა) ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეპოვნათ; უბრალოდ დაიღალა მალვით. უშიშროების სამსახურმა კი ყველა დამსახურება თავად მიიწერა», - ამბობს ის. 
იურისტის ვარაუდს იზიარებს მელნიჩენკოც. იგი ფიქრობს, რომ ამ თეატრალურ დაკავებას, სავარაუდოდ, წინ უფრო სერიოზული ოპერაცია უძღოდა; ან არანაირი შეპყრობა არ მომხდარა - პუკაჩი თავად დაუკავშირდა უშიშროების სამსახურს და «საკუთარი კაპიტულაციის პირობები შესთავაზა». 
იმ ვერსიას, რომ ექსგენერალი დაკავებისთვის მზად იყო, მისი თანასოფლელი ცარუკიც რეალურად მიიჩნევს. ის იხსენებს, რომ დაკავებიდან ორი დღით ადრე პუკაჩის მეგობარი ქალი მას აფრთხილებდა, რომ სახლთან უცხო პირები შენიშნა, რაზეც «პაპა პეტრომ» უპასუხა, რომ მას გასაქცევი არსად ჰქონდა.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.