Skip to content

ავტორიზაცია

ოპოზიციის შანსი


კომუნისტების ეპოქა მოლდოვაში წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ქვეყანა კვლავ პოლიტიკურ კრიზისში რჩება.
ფოტო Reuters/გლებ მარანიჩი, არჩევნები მოლდოვაში
29 ივლისს ჩატარებული ხელახალი საპარლამენტო არჩევნები მოლდოვასთვის ისტორიული აღმოჩნდა - წერტილი დაესვა კომუნისტური პარტიის რვაწლიან მმართველობას ამ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში.
კომუნისტებმა, რომლებიც ქვეყანას 2001 წლიდან პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის მეთაურობით მართავდნენ, ახალ პარლამენტში 48 ადგილი მიიღეს, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ კი ერთად - 53.
თუმცა, ახალი პრეზიდენტის არჩევისთვის ხმების საჭირო რაოდენობა - 61 მანდატი, არც კომუნისტებს აქვთ და არც გამარჯვებულ ოპოზიციონერებს, რომლებმაც პარლამენტში კოალიცია შექმნეს.
ამდენად, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აპრილში საპარლამენტო არჩევნებზე კომუნისტების გამარჯვებას მოჰყვა, კვლავ გრძელდება.
აპრილის მღელვარებამ, როდესაც კიშინიოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ გამოვიდა, ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოააშკარავა. დემონსტრანტები ევროკავშირისა და მეზობელი რუმინეთის დროშებს აფრიალებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნისტების მიერ აშენებული სისტემა დაინგრა.
აპრილის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. აგრესიულმა საარჩევნო კამპანიამ მოსახლეობა ორ ნაწილად გაყო - კომუნისტების მხარდამჭერებად (ძირითადად უფროსი ასაკის ხალხი და რუსულენოვანი მოსახლეობა) და მათ მოწინააღმდეგეებად.
ივლისის არჩევნების შემდეგ კომუნისტებს აღარ აქვთ შანსი, კვლავ მოიპოვონ ძალაუფლება. ვორონინისა და მისი გუნდისგან უკვე არაფერს ელიან, გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა.
სხვა საქმეა ოპოზიცია, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებამ დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. გაერთიანებულ ოპოზიციას საკუთარი ამომრჩევლის დიდი მოლოდინის გამართლება მოუწევს.
პირველ რიგში, მიუხედავად იდეური განსხვავებებისა, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანობის შენარჩუნება უნდა შეძლონ, რადგან ამ ერთობის დაშლის შემთხვევაში, აქამდე მოპოვებულ გამარჯვებას აზრი ეკარგება.
მოლდოვის პრეზიდენტის ასარჩევად ოპოზიციას 8  ხმა აკლდება, კომუნისტებს -  13. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ უფრო კარგად იმუშავებს მოწინააღმდეგეების გადაბირებაზე. ხმების საჭირო რაოდენობის დასაგროვებლად ოპოზიციას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი ელის.
განსაკუთრებული ყურადღებით მოლდოვის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის, დემოკრატიული პარტიის ლიდერის, მარიან ლუპუს ნაბიჯებს ელიან. იგი ოპოზიციაში ცოტა ხნის წინ კომუნისტური პარტიიდან გადავიდა. «ამ არჩევნებზე ლუპუ რეჟიმის სრული რეფორმირების ლოზუნგით მიდიოდა და თუ ახლა იგი უარს იტყვის თავის დაპირებებზე და კომუნისტებთან კოალიციას შექმნის, ოპოზიციის გამარჯვებას არჩევნებში გამოუსწორებელი დარტყმა მიადგება», - ამბობს მოლდოველი ჟურნალისტი, ნატალია მორარი.
თავად ლუპუ, «გაზეტა.რუ»-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კომუნისტებთან კოალიციის გამორიცხვა არ შეიძლება. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მოლდოვის ოპოზიციამ კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები არ უნდა დაუშვას, რადგან ეს პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს.
პრეზიდენტის ასარჩევად ხმათა საჭირო რაოდენობის მოპოვებას, სავარაუდოდ, ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებს. თუმცა, მანდატების იმ რაოდენობით, რომელიც ოპოზიციას პარლამენტში უკვე აქვს, მას შეუძლია მთავრობის ფორმირება, სპიკერის დანიშვნა და მომავალ ვადამდელ არჩევნებამდე ქვეყანაში სიტუაციის გაკონტროლება.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.