რეპორტაჟი პატრიოტთა ბანაკიდან.
განმუხურის პატრიოტთა ბანაკი, "მშვიდობისა და მეგობრობის ქალაქი", შარშან ომის დროს დაიწვა. მაშინ ის ბანაკებს შორის ყველაზე დიდი იყო და 800 "პატრიოტს" იტევდა. წელს იქ რამდენიმე კოტეჯი დგას და თითო ნაკადზე იქ მხოლოდ 150 ბავშვს შეუძლია დასვენება. თუმცა, ბანაკს განმუხურში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. პატრიოტთა ბანაკი ომიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, 7 აგვისტოს გაიხსნა და მის აღდგენაზე 1 200 000 ლარი დაიხარჯა.
ზღვის სანაპიროსთან, მინდორზე რაზმს წრე აქვს შეკრული.
- ჩვენს ბანაკს გაუმარ... - ყვირის ლიდერი.
- ჯოს! - ერთად შეყვირებს რაზმი.
- ჩვენ, პატრიოტებს, გაგვიმარ...
- ჯოს!
- ბანაკის ხელმძღვანელობას გაუმარ...
- ჯოს!
- ჩვენს ქვეყანას გაუმარ....
- ჯოს!
- მიშას გაუმარ...
- ჯოს!
ამ ბოლო შეძახილს სხვა ბანაკებში არ იყენებენ. თუმცა ქუთაისთან ახლოს, ვარციხეში "პატრიოტების" სიმღერა "მიშა მაგარია" გაისმა. მართალია, ბანაკების ზოგიერთი ლიდერი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრია, მაგრამ საუბრის თემა პოლიტიკა თითქმის არასოდესაა. ერთადერთი, რაც "პატრიოტებმა" უნდა იცოდნენ, ის არის, რომ ბანაკი "პატრიოტი" საპრეზიდენტო პროგრამაა და ვისაც მათთვის კარგი უნდა, საპასუხოდ დახმარების ხელის გაწვდენაც უნდა შეეძლოთ.
ვარციხის "პატრიოტთა ბანაკი"
ბანაკის წევრებს "პატრიოტები" ჰქვიათ. ყველა "პატრიოტს" ბანაკში შესვლისთანავე ფორმა ურიგდება. ფორმის ნაწილია კეპი საქართველოს დროშით და წარწერით "პატრიოტი", მაისური მკლავზე საქართველოს დროშით და ჟილეტი, რომელზეც მთლიანად საქართველოს დროშაა გამოსახული. აუცილებელია "პატრიოტს" ამ ფორმის ერთი ნაწილი მაინც ეცვას. მას არ აქვს უფლება, დაამახინჯოს ფორმა და, განსაკუთრებით, მასზე გამოსახული ეროვნული სიმბოლიკა.
ბანაკში გადამწყვეტი აზრი ლიდერებს ეკუთვნით. იქ ნახევრად სახუმარო, თუმცა ნახევრად სერიოზული წესიც არსებობს, რომ "ლიდერი ყოველთვის მართალია".
ბავშვები ხის კოტეჯებში ცხოვრობენ, გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე. თითო კოტეჯში 12-14 ბავშვს ერთად სძინავს. ნაკადები ყოველ 10 დღეში ერთხელ იცვლება. პირველივე დღეს "პატრიოტებს" რაზმებად ანაწილებენ და თითო რაზმში საშუალოდ 30 მოზარდი ხვდება. ვარციხის ბანაკში სულ 10 რაზმია. ყველა რაზმი ვალდებულია, მოიფიქროს საკუთარი სახელი, შეძახილი და დევიზი, რომელიც პატრიოტულ სულისკვეთებას შეიცავს. მაგალითად:
რაზმი: მესამე
სახელი: სამშობლო
შეძახილი: საქართველო არის ერთი, გვფარავდა და გვფარავს ღმერთი!
დევიზი: ღმერთივით ერთი გვწამდეს სამშობლო.
შემდეგ ლიდერი ყვირის და "პატრიოტები" "ჯოს" შესძახებენ: მესამე რაზმს გაგვიმარ - ჯოს! გაგვიმარ - ჯოს! ვინ ვართ ჩვენ? - პატ-რი-ო-ტე-ბი. პატრიოტებს გაგვიმარ - ჯოს!
"პატრიოტიზმი" ბანაკის ცხოვრების მხოლოდ გარეგნული მხარეა, აქ პირველი დღიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა "რეჟიმია".
დილის ყველა ხაზზე ყველა უნდა დადგეს. საუზმეზე რაზმები რიგრიგობით და ორგანიზებულად უნდა მივიდნენ. რაზმის წევრები მიაბიჯებენ მწყობრად, ხშირად შეძახილით და ჰიმნის სიმღერით. საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს რაზმის წევრები ერთად უნდა დასხდნენ. ყველამ უნდა მოიხადოს ქუდი და იყოს ჩუმად. როგორც ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, - ჭამის დროს რომ ყველა ლაპარაკობდეს, სასადილოში წარმოუდგენელი ხმაური იქნებაო. ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა სავალდებულო არ არის, თუმცა სავალდებულოა დასწრება საღამოს შეკრებებზე; ასევე სავალდებულოა დისკოტეკის მერე დაძინებაც. აკრძალულია როგორც ძილისთვის განკუთვნილ დროს ლაპარაკი, ასევე ბანაკის ტერიტორიის დატოვება.
ისჯება წესრიგის დარღვევის ყველა შემთხვევა, მათ შორის მწყობრში არასწორად დგომა, დილის შეკრებაზე დაგვიანება, სიგარეტის მოწევა იქ, სადაც ეს აკრძალულია, ლაპარაკი უფროსების საუბრის დროს. დასჯა შეიძლება მოჰყვეს თანარაზმელის "გაპასტვას" და სხვების დასჯის დროს ჩაცინებას.
სასჯელის ყველაზე გავრცელებული ფორმა ბუქნებია. ბუქნების რაოდენობა დამოკიდებულია სასჯელის სიმძიმეზე და ლიდერის სიმკაცრეზე. პატრიოტები ამ თემაზე ხშირად საუბრობენ: "ვეღარ დავდივარ, გუშინ ორასი ბუქნი გავაკეთე, დღეს - ასი". თუმცა დასჯა, როგორც წესი, სახალისოა და "პატრიოტების" აღშფოთებას იშვიათად იწვევს. საბოლოო ჯამში, უმრავლესობას ბანაკში ყველაფერი მოსწონს, საჭმლის, აბანოსა და საპირფარეშოების გარდა.
კომენტარები
green, სექტემბერი 18, 2009, 13:04:00
dv0rsky (შეუმოწმებელი), სექტემბერი 18, 2009, 16:04:45
ჰალე (შეუმოწმებელი), სექტემბერი 18, 2009, 16:34:38
კატიე (შეუმოწმებელი), სექტემბერი 18, 2009, 17:03:59
არც ამას აწყენდა წინაპართა 7 თაობის გადახედვა...
სალომე ჯაში (შეუმოწმებელი), სექტემბერი 20, 2009, 23:38:58
dea (შეუმოწმებელი), სექტემბერი 21, 2009, 15:06:09
Guram Nikolashvili, ნოემბერი 10, 2009, 03:03:04
"ერთ-ერთ საღამოს კი ორგანიზებული ლოცვაც "დაიდგა": 350-მა "პატრიოტმა" ბანაკში პატარა ტყის გარშემო, სადაც სამლოცველო დგას, წრე შეკრა. ბავშვებს ხელში ანთებული სანთლები ეჭირათ. ცოტა ხნით დუმილის შემდეგ წრემ თანდათან ერთი მიმართულებით დაიწყო მოძრაობა და ლოცვა: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა..."
მაიტაა ეეე, ა ეხლა ეს თაობა არ იმსახურებს ცენზურისგან თავისუფალ ჰელოუინს აა?! დედა მოუა ოოო :)))))
სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 19, 2009, 00:19:14
salome jashi (შეუმოწმებელი), ნოემბერი 19, 2009, 04:30:33
daro (შეუმოწმებელი), ნოემბერი 20, 2009, 00:21:26
ახალი კომენტარის გამოქვეყნება