ოსური სოფლისთვის დენის მიწოდების აღდგენას ქართული სოფელი ითხოვს.
თითქმის სამი კვირაა, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებნი წყალს ხან გორიდან, ხან მეზობელ სოფელ ზერტიდან ეზიდებიან, ზოგი ტრანსპორტით, ზოგი ორთვალათი, ზოგიც ხელით.
მეჯვრისხევი გორის რაიონის ყველაზე დიდი სოფელია. იქ დაახლოებით 1400 კომლი ცხოვრობს.
მეჯვრისხეველები წყლის პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზას ხედავენ - ქართულმა მხარემ ოსურ სოფლებს დენის მიწოდება უნდა აღუდგინოს.
საქმე ისაა, რომ სათავო ნაგებობა, საიდანაც მეჯვრისხევი წყლით მარაგდებოდა, მეზობელი ოსური სოფლის - ღრომის ტერიტორიაზე მდებარეობს. ღრომს და კიდევ რამდენიმე ოსურ სოფელს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს, ელექტროენერგიას ქართული მხარე აწვდიდა. ივლისის ბოლოს კომპანია "ენერგოპროჯორჯიამ" დავალიანების გამო ოსურ სოფლებს დენის მიწოდება შეუწყვიტა. საპასუხოდ კი ღრომში სათავე ნაგებობა ჩაკეტეს და მეჯვრისხევი წყლის გარეშე დარჩა.
შიდა ქართლის ადმინისტრაციულ შენობასთან მეჯვრისხეველებმა ორი საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა ოსური სოფელი ღრომისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა იყო.
"ჩვენი ამბავი რწყილი და ჭიანჭველას ზღაპარს ჰგავს. თუ დენს მივცემთ, ისინი წყალს მოგვცემენ. წლების განმავლობაში ასე იყო", - ამბობს მეჯვრისხეველი ზაქარია.
ღრომსა და მეჯვრისხევს წყლის გარდა ბევრი სხვა საერთოც ჰქონდათ. მეჯუდის ხეობის ოსური სოფლებისთვის ცხინვალისკენ მიმავალი გზაც მეჯვრისხევზე გადიოდა. 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგაც ცხინვალი-ღრომის ავტობუსი ქართული სოფლების გავლით შეუფერხებლად მოძრაობდა.
მიმოსვლა გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. მეჯვრისხეველებისა და ღრომელების გადაკვეთის კიდევ ერთი ადგილი მეჯვრისხევის საკოლმეურნეო ბაზარი იყო. "ჩვენ ბაზარში რძის პროდუქტები, შინაური ფრინველი, საქონელი, არაყი, კარტოფილი და შეშა ღრომიდან, ანდორეთიდან და მახისიდან იქაურ ოსებს ჩამოჰქონდათ. თუ ბაზარზე ვერ გაყიდდნენ, შემდეგ ურმებით მეჯვრისხევს უბან-უბან ჩამოივლიდნენ. თითქმის ყველას ვიცნობდით იმ სოფლებში. დღეს ვითარება შეიცვალა. როგორც ვიცი, ჩვენი პოლიციელები არ უშვებენ იმათ", - ამბობს მეჯვრისხეველი ტარიელ გურგენიძე.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება