ანკარა-ერევანი 1:0?
თურქეთმა სომხეთისგან მიიღო ის, რაც სურდა.
ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ორ მეზობელს - თურქეთსა და სომხეთს პირველად მიეცათ ურთიერთობის მოგვარების საშუალება. 31 აგვისტოს ცნობილი გახდა სომხეთ-თურქეთის "საგზაო რუკის" დეტალები, რაც მანამდე საიდუმლოდ ინახებოდა. სომხეთის, თურქეთის და შვეიცარიის (შუამავალი ქვეყანა) საგარეო საქმეთა უწყებებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ "საგზაო რუკა" სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების გზების რეალურ ვადას ადგენს.
"შიდა პოლიტიკური კონსულტაციები ექვს კვირას გასტანს. შემდეგ ხელი მოეწერება ორ ოქმს, რომლებიც შესაბამის პარლამენტებს რატიფიცირებისთვის წარედგინება", - ნათქვამია განცხადებაში.
ექვსი კვირა 14 ოქტომბერს იწურება. ეს თარიღი ასტრონომიული სიზუსტით ემთხვევა იმ დღეს, როცა თურქეთის ქალაქ ბურსაში თურქეთ-სომხეთის საპასუხო საფეხბურთო მატჩი უნდა გაიმართოს. სომხეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მატჩზე დასასწრებად მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ იმ დროისთვის გახსნილი იქნება თურქეთ-სომხეთის საზღვრი, ან გამოიკვეთება ამის რეალური პერსპექტივა.
1991 წელს ანკარამ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, გარდა სომხეთისა. სომხეთს თურქულმა მხარემ ორი პირობა წაუყენა: ერევანმა თურქეთის ტერიტორიული მთლიანობა უნდა ცნოს და 1915 წელს სომხების გენოციდის ფაქტი უარყოს. ხოლო, მას შემდეგ, რაც 1993 წლის აპრილში ყარაბაღის ძალებმა კელბაჯარის რაიონი (სომხეთსა და ყარაბაღს შორის) დაიკავეს, თურქეთმა, აზერბაიჯანთან სოლიდარობის ნიშნად, სომხეთს ბლოკადა გამოუცხადა.
2009 წლის 23 აპრილს, ღამით, "საგზაო რუკის" გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრე, სომხეთმა და თურქეთმა გაავრცელეს განცხადება იმის თაობაზე, რომ ორი ქვეყანა "გაერთიანდა ურთიერთობის მოგვარების სხვადასხვა ასპექტის გარშემო". მეორე დღეს - 24 აპრილს მთელი მსოფლიოს სომხები გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავდნენ. ამ განცხადებამ დიასპორაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია (7-8 მილიონი სომეხიდან სომხეთში მხოლოდ 3 მილიონი ცხოვრობს), ხოლო ათზე მეტი წლის განმავლობაში სამთავრობო კოალიციაში მყოფმა ნაციონალისტურმა პარტია "დაშნაკცუტუნმა" კოალიცია დატოვა.
"დაშნაკცუტუნის" დემარში სხვა მიზეზითაცაა სიმბოლური. დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ სომხეთსა და დიასპორაში მოქმედი სამივე ცნობილი პარტია - "რამკავარი", "გნიაჩკიანი" და "დაშნაკცუტუნი" ოპოზიციაში აღმოჩნდა.
სერჟ სარგსიანი სომხეთის სამი პრეზიდენტიდან ერთადერთია, რომელსაც დიასპორის მხრიდან ანგარიშგასაწევი მხარდაჭერა არ აქვს.
სამაგიეროდ, სარგსიანს ამ საქმეში მთელი დანარჩენი მსოფლიო უჭერს მხარს - აშშ, ევროკავშირი, ნატო, ეუთო, დიდი სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის რუსეთისაც, მაგრამ უფრო თავშეკავებულად. ნერვიულად და ეჭვიანად რეაგირებს აზერბაიჯანი.
ვიდრე ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებადი მედია სომხურ-თურქულ ოქმებს დიპლომატიურ მიღწევად აფასებს, ხოლო მმართველი "რესპუბლიკური პარტია" სერჟ სარგსიანს "რეგიონულ ლიდერს" უწოდებს, ოპოზიცია მას სომეხი ხალხის ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სერჟ სარგსიანმა სომხების გენოციდი უარყო.
2007 წლის დასაწყისში შვეიცარიამ გამოთქვა სურვილი, ერევან-ანკარას შორის დიალოგის გაგრძელების შუამავალი გამხდარიყო, რომელიც 2004 წლიდან შეწყვეტილი გახლდათ. ეს საიდუმლო შეხვედრები ვენაში შედგა, სომხური მხრიდან თურქებთან მოლაპარაკებებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არმან კირაკოსიანი წარმართავდა. სომხეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუკი ამ საიდუმლო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გაჟონავდა, ერევანი ოფიციალურად განაცხადებდა, რომ მსგავსი მოლაპარაკებები არ არსებობს და თურქები ცრუობენ.
ამ საიდუმლო მოლაპარაკებების დღის წესრიგში ოთხი პუნქტი იყო, რომელთაგან ორი - საზღვრის დებლოკადა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება - სომხეთმა წარადგინა, ხოლო დანარჩენი ორი თურქეთმა - ერთმანეთის საზღვრების აღიარება და კომისიის შექმნა. ეს საიდუმლო მოლაპარაკებები 2008 წელს, სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალი ძალით გაგრძელდა, "საფეხბურთო დიპლომატიად იქცა", და პროცესი არათუ გამჭვირვალე გახდა, არამედ დაიწყო მისი პროპაგანდა სახელმწიფო დონეზე სომხეთშიც, თურქეთშიც და წამყვანი უცხოური მასობრივი საინფორმაციო საშუალებებითაც.
თურქეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა. მან მსოფლიოს დაანახა, რომ სომხეთთან დიალოგი შეუძლია. თურქეთმა მიანიშნა სხვადასხვა ქვეყნებს, რომ გენოციდის აღიარებაზე მსჯელობა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს მხოლოდ ხელს შეუშლის დაწყებულ მოლაპარაკებათა პროცესს. სწორედ ასე მოიქცა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც 24 აპრილს (სომეხთა გენოციდის დღე. ამ დღეს აშშ-ს პრეზიდენტები ტრადიციულად სიტყვით მიმართავენ სომეხ ხალხს) გამოსვლისას სიტყვა "გენოციდი" არც კი ახსენა.
31 აგვისტოს გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ნათელი ხდება, რომ თურქეთმა ბოლოს და ბოლოს მიიღო ის, რის მიღწევასაც 1991 წლიდან ცდილობდა. კერძოდ კი - კომისიის შექმნა, რომელიც ისტორიულ მოვლენებს გადახედავს. საპასუხოდ სომხეთმა მიიღო მხოლოდ დაპირება, რომ შესაძლოა, საზღვარი გაიხსნას. თანაც, დოკუმენტში ისეთი ფორმულირებებია გამოყენებული, რომ გაურკვეველი რჩება, ვინ ჩაკეტა ეს საზღვარი.
"სომხეთი და თურქეთი შეთანხმდნენ არსებული პრობლემების დაზუსტებასა და წინადადებების ფორმულირებაზე, რაც ისტორიული დოკუმენტებისა და საარქივო მასალების მეცნიერულად და მიუკერძოებლად შესწავლის გზით უნდა მოხდეს", - ნათქვამია ერთ-ერთ ოქმში.
ასეთმა ფორმულირებამ განსაკუთრებით განარისხა ბევრი სომეხი, პირველ რიგში - დიასპორიდან. არსებობს მოსაზრება, რომ ფაქტობრივად ეს არის სომხეთის ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ფურცლის - 1915 წლის მოვლენების შეცვლის მცდელობა, და მათი დღევანდელი სომხეთისა და განსაკუთრებით კი თურქეთის იტერესებისათვის მორგება.
თუკი სომხეთისა და თურქეთის პარლამენტები ამ ოქმების რატიფიცირებას მოახდენენ, სომხეთ-თურქეთის საზღვარი ორი თვის განმავლობაში უნდა გაიხსნას.
თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ თურქეთის პარლამენტში ამ ოქმების რატიფიცირება ჩაიშლება. მეტიც, სავარაუდოდ, განხილვა ანტიამერიკული ისტერიის სახეს მიიღებს, და თურქეთი ისევ მოსთხოვს სომხეთს, შეწყვიტოს აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია.
რეალურად დიდი მნიშვნელობა არ აქვს დამტკიცდება თუ არა ეს ოქმები თურქეთის პარლამენტში. ანკარასთვის მთავარია ის წერილობითი დაპირება, რომელიც მან ერევნისგან მიიღო ისტორიკოსებისაგან შემდგარი კომისიის შექმნის თაობაზე. მიუხედავად იმისა, გაიხსნება თუ არა საზღვრები, თურქეთის მხარე ამ დაპირებით სპეკულირებას დაიწყებს.
არ არსებობს რაიმე გარანტია, რომ თურქები და აზერბაიჯანელები ერთობლივად მოქმედებენ, როგორც ეს წინა წლებში იყო. შესაძლოა, თურქეთი სომხეთთან დაახლოებას იმიტომ ცდილობს, რომ დარწმუნებულია, სომხური ძალები გავლენ ყარაბაღის მიმდებარე ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ სომხურ-თურქული და ყარაბაღის პროცესები პარალელურია, ერთი რამ ცხადია, რომ პროგრესი სომხურ-თურქულ ურთიერთობაში ყარაბაღის საკითხის დარეგულირებაზეც იქონიებს გავლენას და პირიქით.

კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება