კავკასიის ინტეგრაცია
ევროპული ინტეგრაციის პროექტი - ახალი გზა კავკასიისთვის.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგაც ბევრმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რამდენად შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
დღეს ეს რეგიონი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების გაცილებით დიდ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინათ. ეს გამოწვეულია დასავლეთსა და რუსეთს შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკური მეტოქეობითაც, და სრულიად ჩვეულებრივი ეკონომიკური ინტერესებითაც, რაც, ცხადია, უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტს უკავშირდება. თავად სამხრეთ კავკასიის რეგიონული მოთამაშეებიც გაცილებით გაიწაფნენ საერთაშორისო პოლიტიკაში და მსხვილ საერთაშორისო მხარეებს შორის არსებულ უთანხმოებებს დროდადრო ოსტატურადაც კი იყენებენ. კავკასიაში მომხდარი ამ და სხვა ცვლილებების უარყოფა შეუძლებელია, რადგან ისინი საკმაოდ თვალსაჩინოა. მიუხედავად ამისა, გასული წლის ომის დროს განსაკუთრებით გამაოცა არა ამ ცვლილებებმა, არამედ იმან, თუ რა მცირე პროგრესი განიცადეს ამ წლების მანძილზე კონფლიქტში მონაწილე საზოგადოებებმა. ამ ომმა ყველანი ორი ათეული წლით უკან დაგვაბრუნა, 1980-იანების დასასრულში და 1990-იანების დასაწყისში. ლოზუნგებიც იგივე ისმოდა, მსუბუქად კორექტირებული ბოლო პოლიტიკური მოდის მიხედვით. იგივე ნაციონალიზმი, რომელიც სუსტად იყო შენიღბული თავისუფლებისა და დემოკრატიის ძიების მცდელობით, და განსხვავებული აზრის ზუსტად ისეთივე მიუღებლობა.
კავკასიის მოსახლეობის ერთი თაობა იმდენი კონფლიქტისა და საზოგადოებრივი კატაკლიზმების მოწმე გახდა, ამ რეგიონში იმდენი სახსრები და ძალა ჩაიდო სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, იმდენი სამშვიდობო პროგრამა განხორციელდა, რომ თითქოს შეუძლებელი იყო კიდევ ერთი ომი მომხდარიყო.
იქმნება მძიმე შთაბეჭდილება, რომ კავკასია ერთ წრეზე დადის, არაფერს სწავლობს და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შეცდომებს ჩადის. კავკასიის ზოგიერთ ნაწილში ამ წრის რადიუსი მეტია, სხვაგან ნაკლები, მაგრამ რეზულტატი უმეტესწილად იდენტური - მტრობა, ძალადობა, დევნილები, სიღარიბე. ამ შემთხვევაში სულაც აღარ გინდება ვინმე დაადანაშაულო ომში, ვინ პირველმა დაიწყო, ვინ უპასუხა. ასეთი კამათები უკვე არა მხოლოდ უადგილო უნდა იყოს, არამედ - სამარცხვინოც. ასობით ადამიანი დახოცილია, ათეულობით ათასმა დაკარგა საკუთარი სახლი, წლობითა და ხშირ შემთხვევაში დიდი წვალებით დაგროვილი ქონება. ეს ყველაფერი უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე არაერთხელ მოხდა და, შესაძლოა, არა უკანასკნელად.
შეიძლებოდა ბევრი გვეფიქრა ადამიანის ბუნების დამანგრეველ ხასიათზე, პოლიტიკოსების შეცდომებზე და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი გვეძებნა, მაგრამ საბედნიეროდ, ამ მანკიერი წრის გადასალახად უკვე არსებობს სრულიად მზა რეცეპტები, რომლებიც გარკვეულწილად მიესადაგება ომისშემდგომ საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში არსებულ სიტუაციას. ერთი რეცეპტი, პირობითი სახელწოდებით "იმპერიული ინტეგრაციული პროექტი", კავკასიაში საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ცნობილი და გამოცდილია. ამ პროექტის ოცი წლის წინანდელი სამწუხარო ფინალი და ასევე დღევანდელი პოლიტიკური რეალიები ცხადყოფს, რომ მისი განმეორება არ ღირს. მეორე, უფრო ახალი რეცეპტი ცნობილია, თუმცა მსოფლიოში ნაკლებად გავრცელებული - ესაა ევროპული ინტეგრაციის პროცესი.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში, პოპულარულია ევროპული ინსტიტუტებისკენ დამოუკიდებლად სწრაფვა. თუმცა, გეოგრაფიულმა, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა მიზეზებმა ამ ინტეგრაციის პერსპექტივა შეიძლება ათეული წლებით გადაავადოს. თანაც ბოლომდე ნათელი არაა, თუ რად გადაიქცევა იმ დროისთვის ევროკავშირი და რა პოლიტიკა ექნება გაფართოების თვალსაზრისით. ხოლო თუკი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პერიოდულად სისხლისმღვრელი ომები მოხდება, მაშინ ეს პერსპექტივა კიდევ უფრო შორეული გახდება. ასეთ პირობებში რეგიონული ინტეგრაციის პროექტი გაცილებით რეალისტურად გამოიყურება, თუმცა - პრაქტიკულად ძნელად განსახორციელებლად.
ინტეგრაცია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და მისი განვითარების მიზნით, ბუნებრივია, თავისთავად ვერ გადაწყვეტს რეგიონის ყველა პრობლემას. მეტიც, თამაშის საერთო წესებიდან განყენებულად, როგორიცაა, მაგალითად, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ასეთი ინტეგრაციის პროექტი არ შეიძლება წარმატებული იყოს გრძელვადიანი გეგმით. მიუხედავად ამისა, ევროპული ინტეგრაციის პროექტის წარმატებული მაგალითი არსებობს და შეიძლება მისაბაძიც იყოს. ყველა დაინტერესებულ მხარეს ესმის, რომ უფრო გამჭვირვალე საზღვრები და საქონლის გადაადგილებისა და მომსახურებისას ბარიერების მოხსნა სარგებელს მოუტანს როგორც სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანას ცალ-ცალკე, ისე მთლიანად რეგიონს. გარდა ეკონომიკური სარგებელისა და სამშვიდობო პოტენციალისა, თავად რეგიონიც უფრო გამოსადეგი გახდება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.
თუკი პოლიტიკოსები ამა თუ იმ მიზეზით ამჯობინებენ, რეგიონულ ინტეგრაციაზე ყურადღება არ შეაჩერონ და ერთეული აქციებით დაკმაყოფილდნენ, თავად საზოგადოებას დასაკარგი დრო აღარ აქვს. კავკასიაში ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ალტერნატივა ომია. ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას თუ მივმართავთ, შეიძლება ითქვას: "ნუ იკითხავ, ვინაა დამნაშავე კონფლიქტში, შენ ხარ დამნაშავე". ჩემთან საუბარში ერთ-ერთი ცნობილი ქართველი პოლიტოლოგის მტკიცებით, სამხრეთ კავკასიის ინტეგრაციისთვის ყველა ტერიტორიული პრობლემა უნდა გადაწყდეს. მე კი მგონია, უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ტერიტორიული პრობლემები რეგიონში მაშინ გადაწყდება, როდესაც რეგიონული ინტეგრაციის პროექტი ამუშავდება.
მიუხედავად დიდი ევროპული გამოცდილებისა, რამდენადაც ცნობილია, ჯერ არ არსებობს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ინტეგრაციის ადაპტირებული პროექტი. ასეთი პოლიტიკური პროექტი არც იარსებებს, ვიდრე არ გაჩნდება ინტელექტუალური საფუძველი მის შესაქმნელად. თუკი რეგიონული ინტეგრაციის გზაზე არსებული პოლიტიკური დაბრკოლებების ახსნა შესაძლებელია, მაშინ გაუგებარია აქამდე რატომ არ არსებობს განვითარების ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულების მკაფიო ინტელექტუალური პროდუქტი, როგორიცაა რეგიონული ინტეგრაცია.
წარმატებული რეგიონული ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში იქნებოდა "იმპერიული პროექტის" ალტერნატივა, რომელსაც რუსეთი დღემდე ახორციელებს ჩრდილოეთ კავკასიაში და, როგორც ჩანს, ხელსაყრელი პირობების შექმნის შემთხვევაში, მის გადატანას სამხრეთ კავკასიაშიც გეგმავს. მეტოქე პოლიტიკური პროექტის მიმართ რუსეთი, სავარაუდოდ, კეთილგანწყობას არ გამოიჩენს, მაგრამ ამ პროექტის არაკონფრონტაციულობიდან გამომდინარე, მის მიმართ ღია აგრესიასაც ვერ გამოხატავს. შესაძლოა, ამან უბიძგოს კიდეც რუსეთს, შეცვალოს ჩრდილო კავკასიაში მმართველობის სისტემა.
არსებობს, რა თქმა უნდა, ინტეგრაციის ალტერნატიული სცენარიც - იმპერიული. როდესაც ხალხი ისე დაიღლება გაუთავებელი ომებით, რომ მზად იქნებიან, შევიდნენ ნებისმიერ იმპერიაში, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას დაჰპირდება. მართალია, ასეთი სცენარი არც ისე სარწმუნოა, მაგრამ ლოგიკურად მით უფრო შესაძლებელი ხდება, რაც მეტად ეომებიან ერთმანეთს კავკასიელები.

კომენტარები
shimer (შეუმოწმებელი), ნოემბერი 15, 2009, 04:11:31
ახალი კომენტარის გამოქვეყნება