Skip to content

ავტორიზაცია

სამი ქვეყანა, ერთი მდინარე


სამხრეთ კავკასიის წყლის მთავარი არტერია ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა.
 თემო ბარძიმაშვილი
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი საერთო ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგანან. მდინარე მტკვრის დაბინძურებაში წვლილი სამივე ქვეყანას შეაქვს, პრობლემის გადასაჭრელად კი ერთიანი გეგმის შემუშავება ვერ მოხერხდა.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ინდუსტრიული წარმოების შემცირების შემდეგ მტკვარი ძირითადად ჩამდინარე წყლებით ბინძურდება. გამწმენდი ნაგებობები კი  ამ ქვეყნებში, თითქმის ოცი წელია, არ განახლებულა.
მდინარის დაბინძურებაზე მონიტორინგს სამივე ქვეყნის სპეციალისტები ატარებენ. მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ზღვარდასაშვებ ნორმას დაახლოებით ორჯერ აღემატება.
მტკვარი სათავეს თურქეთში იღებს და საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით კასპიის ზღვაში ჩაედინება. მას შესართავები აქვს სომხეთში, ირანსა და საქართველოში.
საქართველოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა არაბიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მტკვრის დაბინძურების ხარისხი ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის.
ბევრად უფრო მწვავედ დგას ეს პრობლემა აზერბაიჯანში, სადაც ამ მდინარის წყალს სასმელად იყენებენ.   
ბაქოს დასახლება სულუტეპეში მცხოვრები საიდ აბასოვი ახალი მილსადენის გაყვანას მოუთმენლად ელოდება იმ იმედით, რომ ამ მილსადენში გაფილტრული წყალი გაივლის.
"ონკანის წყლის აუდუღებლად დალევა შეუძლებელია. ჭიქაში რომ ვასხამთ, ხან მიწისფერია, ხანაც ქლორის სუნი აქვს", - ამბობს ის. საიდი ამ წყალს ბაღის მოსარწყავადაც კი არ იყენებს. 
მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობით უკმაყოფილებას აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროშიც იზიარებენ.
ამ უწყების წარმომადგენელი მამედჰუსეინ მუსლიმოვი ამბობს, რომ  მტკვარი საქართველოსა და სომხეთის ქალაქების ჩამდინარე წყლებით ბინძურდება.
მისი თქმით, მდინარეს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ის ქიმიური ნარჩენები, რომლებიც სომხეთში, ალავერდში მოქმედი სპილენძის კომბინატიდან ჩაედინება.
ბაქოში 122 გამწმენდი მოდული მუშაობს და წყალი მექანიკურადაც და ბიოლოგიურადაც იწმინდება. თუმცა, სამმილიონიანი ქალაქისთვის ეს საკმარისი არ არის.
საქართველოში ასეთი გამწმენდი ნაგებობა მხოლოდ ერთია - თბილისი-რუსთავის და ისიც მტკვარს მხოლოდ მექანიკურად, ბიოლოგიური გაწმენდის გარეშე ასუფთავებს.
კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვითი ორგანიზაცია ღეც ჩაუცასუს-ის ინფორმაციით, საშუალოდ, ერთ სული მოსახლისთვის სამყოფი წყლის გამწმენდი ნაგებობის დაყენებას 450 ევრო სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის 1,5 მილიონიანი მოსახლეობის ახალი დანადგარებით უზრუნველყოფა დახლოებით 675 მილიონი ევრო დაჯდება. ასეთი ხარჯების გასაწევად კი საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით მზად არ არის.
გარემოს დაცვის სამინისტრომ 2007 წელს წყალაღება-წყალჩაშვებაზე ნებართვები გააუქმა. სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე კომპანია წყლის გარკვეული რაოდენობის გამოყენებაზე იღებდა ნებართვას, ფასდებოდა იმ მავნე ნივთიერებების რაოდენობა, რასაც იგი წყალში ჩაუშვებდა.
2008 წლიდან ამოქმედდა "გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონი", რომელიც მეწარმეს ასეთი ნებართვების აღებისაგან ათავისუფლებს. შესაბამისად, შესუსტდა კონტროლი კონკრეტულ საწარმოებზე, რომლებიც წყლის პოტენციური დამაბინძურებლები არიან. საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წყლის დაბინძურებისთვის არავინ დაუჯარიმებიათ.
საქართველო ვერც წყლის საერთაშორისო კონვენციებს აწერს ხელს, რადგან ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანისათვის ჯარიმების გადახდა მოუწევს.
საქმე ისაა, რომ მტკვარი საბოლოოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კასპიის ზღვაში ჩაედინება და, შესაბამისად, საქართველოსა და სომხეთის მიერ დაბინძურებული წყლიც აქ ხვდება.
სომხეთს ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან აზერბაიჯანთან დიპლომატიური კავშირის არარსებობა ათავისუფლებს.
ერევნელი ეკოლოგები ამბობენ, რომ სომხეთი ყველაზე ნაკლებადაა პასუხისმგებელი მტკვრის დაბინძურებაზე.
"სომხეთი მთაგორიანი ქვეყანაა და ჩვენი მდინარეების უმრავლესობაც მთისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალი ბუნებრივად, თავისთავად იწმინდება", - ამბობს ეკოლოგი კარინე დანელიანი.   
ევროკავშირის ქვეყნებში მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების რამდენიმე წარმატებული მაგალითი არსებობს. ერთ-ერთია მდინარე რაინი, რომელზეც 1986 წელს ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა. შვეიცარიის ქალაქ ბაზელის ქიმიურ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მდინარეში 30 ტონა სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატი ჩაიღვარა. ნახევარი მილიონი თევზი დაიღუპა, ზოგიერთი სახეობა კი საერთოდ გაქრა.
საზოგადოების მწვავე რეაქციას 1987 წელს "სამოქმედო პროგრამა — რაინი"-ს მიღება მოჰყვა, რომელსაც ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი. შეიქმნა რაინის აუზის საბჭო. საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მდინარეში ნიტრატებისა და ფოსფატის ჩადინება ძალიან მალე ორჯერ შემცირდა.
სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მოქმედებს წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კანონმდებლობა, მაგრამ არ არსებობს ერთიანი დოკუმენტი, რომელიც ტრანსსასაზღვრო მდინარეებისა და ტბების გამოყენებას დაარეგულირებდა.
წყლის რესურსების უკეთესად გაკონტროლებისთვის აუცილებელია საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება. გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციას (UNECE) სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ჯერჯერობით მხოლოდ აზერბაიჯანმა  მოაწერა ხელი. საქართველო მსგავსი საერთაშორისო დოკუმენტების მისაღებად და საერთო საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად პოლიტიკურად მზადაა. მთავარ დაბრკოლებად მხოლოდ ფინანსური რესურსების ნაკლებობა რჩება.
სამხრეთ კავკასიაში ეკოლოგიური პრობლემების ერთობლივად მოგვარებას ხელს ისიც შეუშლის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.


სტატიის მომზადებაში მონაწილეობდნენ :
სეიმურ კაზიმოვი, ბაქო,
სარა ხოჯოიანი, ერევანი.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.