• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

საქართველო და ამერიკული დიპლომატიის "ახალი ტონი"

ქართულ საგარეო პოლიტიკაში "რომანტიზმის" ეპოქა დასრულდა. რაც უფრო პრაგმატულ პრინციპებზე იქნება ის აგებული, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან.
ბარაკ ობამა და ჯოზეფ ბაიდენი
17 სექტემბერს ობამას ადმინისტრაციამ უარი განაცხადა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში დაგეგმილ ანტიბალისტიკურ ფარზე. სისტემას უნდა დაეცვა აშშ და მისი მოკავშირეები ირანული რაკეტების შესაძლო საფრთხისაგან და გულისხმობდა სარადარო ბაზის ჩეხეთის რესპუბლიკასა და რაკეტების პოლონეთში განლაგებას. ამ რადიკალური შემობრუნებით ობამას ადმინისტრაციამ ახალ ეპოქაში შეაბიჯა. ამ  ეპოქაში ამერიკა პარტნიორებს ეძებს და, როგორც ჩანს, არც გლობალურ კომპრომისებზე იტყვის უარს.
ეს გადაწყვეტილება ასევე მიანიშნებს იმას, რომ შეერთებული შტატები  ცენტრალურ ევროპასა და რუსეთთან ურთიერთობებს ახლებურად ხედავს. საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ობამას ადმინისტრაცია მოსკოვის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს, რადგან, მისი მხარდაჭერის გარეშე, ირანის ბირთვული ამბიციების შეკავების მიღწევა გართულდება.
თავის მხრივ, ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი თავიანთ ტერიტორიაზე ამ ბაზების არსებობას რუსეთის პოტენციური აგრესიისგან თავდაცვის გარანტიად აღიქვამდნენ და მას ტრანსატლანტიკური ღირსების შემადგენელ ნაწილად განიხილავდნენ. შესაბამისად, ეს ორი ქვეყანა ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.
თუმცა, ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ არის დამოკიდებული არც ქვეყნების ხელისუფლების არჩევანზე და არც მათ პირად სიმპათიებზე. ძირითადი პრინციპი, რომელსაც პარტნიორობა ეფუძნება,  გლობალური საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში ამ ქვეყნების სასიცოცხლო ინტერესების თანხვედრაა. აღმოსავლეთი ევროპა და სამხრეთი კავკასია კი ამერიკის სტრატეგიული ინტერესის ტერიტორიად კიდევ დიდხანს დარჩება.
კავკასიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; ირანის, როგორც ისლამური ფუნდამენტალიზმის კერის შეკავება; ენერგორესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და რეგიონული დესტაბილიზაციის აცილება - ეს არის კავკასიაში აშშ-ს გრძელვადიანი და სტრატეგიული ინტერესები.
ახალი პოლიტიკა
პრეზიდენტ ჯონ კენედის არჩევის შემდეგ ამერიკაში არ ყოფილა არც ერთი ახალი ადმინისტრაცია, რომელზეც ასეთ დიდ იმედებს ამყარებდნენ. ობამასგან ყველა გარდაქმნებს ელის.      სწორედ ახალი პოლიტიკის ნაწილია აშშ-ს პირობა, რომ "გადატვირთავს" ურთიერთობებს რუსეთთან. დასავლეთში დიდი ინტერესით ელოდებიან იმას, თუ როგორ მოახერხებს ოფიციალური ვაშინგტონი ერთდროულად განამტკიცოს ურთიერთობები რუსეთთან და არ თქვას უარი საქართველოზე.  ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს დათმობა ისეთ საკითხებში, რაც ამწვავებდა რუსეთთან ურთიერთობებს. ასეთია  ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში.
ამ თემაზე ახალი ადმინისტრაციის პირველი პოზიცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2009 წლის თებერვალში დაფიქსირდა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების "გადაწყვეტილება საქართველომ თავად უნდა მიიღოს", რაც, დასავლური მედიის აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ახალი ადმინისტრაცია უარს აცხადებს, ხელი შეუწყოს ალიანსში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას.
თუმცა, იმავე გამოსვლაში ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ "არასდროს ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას" და არც "რომელიმე ქვეყნის განსაკუთრებული გავლენის სფეროების აღიარებას" აპირებს.
ცხადია, რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობები რთულ სიტუაციაში აყენებს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას. რუსეთის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულებები, რომლითაც ის ფაქტობრივად უკვე კონტროლს უწესებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე, კიდევ უფრო ართულებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გადაწყობას.

ორპარტიული კომისიის რეკომენდაციები
ობამას არჩევიდან რამდენიმე თვეში, 2009 წლის 19 მარტს გამოქვეყნდა ორპარტიული კომისიის მოხსენება, რომელიც ნიქსონის ცენტრისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და საერთაშორისო საქმეთა ბელფერის ცენტრის ერთობლივი პროექტია და რომელსაც ყოფილი სენატორები - რესპუბლიკელი ჩაკ ჰაგელი და დემოკრატი გერი ჰარტი ხელმძღვანელობდნენ. კომისია, რომელიც აშშ-ს ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატებისა და კონგრესის წევრებისგან შედგება, ურჩევს ახალ ადმინისტრაციას, გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან.
მოხსენებაში  "რუსეთთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკის სწორი მიმართულება", ნათქვამია: "არ მიგვაჩნია, რომ ამ მომენტისათვის უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ში გაერთიანება უსაფრთხოების თვალსაზრისით შეერთებული შტატების გადაუდებელ ინტერესს წარმოადგენს... მართალია, ორივე მათგანს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, მაგრამ ალიანსში მათმა გაწევრიანებამ, ამ ქვეყნებში არსებული რეალობიდან გამომდინარე, შესაძლოა, უფრო შეასუსტოს, ვიდრე გააძლიეროს საერთოევროპული უსაფრთხოება".
თუმცა, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის "ლეგიტიმური" ინტერესების გათვალისწინებით, მოხსენებაში ასევე მითითებულია, რომ აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებში შედის, ხელი შეუშალოს რუსეთის "დომინანტურ როლს რეგიონში, რომელიც ევროპას, აზიას და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს" და მხარი დაუჭიროს იქ არსებული ქვეყნების დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.  კომისიამ თავისი რეკომენდაციები უკვე გააცნო როგორც ობამას ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე რუსეთის ოფიციალურ პირებს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.