წმინდა რამადანის თვეს ტერორისტმა თვითმკვლელებმა ჩეჩნეთში ათზე მეტი აფეთქება მოაწყვეს. აფეთქებები ძირითადად გროზნოს ცენტრში ხდება და ტერორისტების მთავარი სამიზნე სამართალდამცავები არიან. არიან მოკლულები და დაჭრილები.
16 სექტემბერი. ქალაქ გროზნოს ცენტრი. პუტინის გამზირისა და მშვიდობის ქუჩის გადაკვეთაზე, მოდების სახლთან პანიკაა. როცა კვამლის დიდი ღრუბელი ნელ-ნელა იფანტება, იქ მყოფები შემზარავ სურათს ხედავენ.
მანქანა, რომელიც მოდების სახლის წინ იდგა, ფერფლადაა ქცეული. შენობის კედლები სისხლითაა შეღებილი. შუშები ჩამტვრეულია. ერთი ქალი ადამიანის ხორცის ნაფლეთებითაა დასვრილი და შემზარავად ყვირის: "გთხოვთ, მომაშორეთ, მომაშორეთ! მეტი არ შემიძლია". ერთი მილიციელი გაუნძრევლად წევს მიწაზე, მეორე დაჭრილია და შველას ითხოვს. იქვე აგდია ახალგაზრდა ქალის თავი ორი გრძელი ქერა ნაწნავით. ეს შაჰიდი ქალია, რომელმაც თავი აიფეთქა. მას რამდენიმე ადამიანი მობილურით სურათს უღებს.
"ნათესავებსა და ნაცნობებს უნდა ვაჩვენო. იქნებ ვინმე იცნობს. მაინტერესებს, ვინ არიან ეს ქალები, საიდან მოდიან", - ამბობს 57 წლის სეკიმატ უმახანოვა.
დაზარალებულთა უმეტესობა იქვე, გაჩერებასთან მდგარი სამარშრუტო ტაქსის მგზავრია. ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
ამ ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში ქალაქის ცენტრში კიდევ ერთმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი.
თვეზე მეტია, ჩეჩნეთის დედაქალაქში პანიკაა. ყველა სკოლასთან და ცენტრალურ ქუჩაზე დაყენებულია ვიდეოთვალი, გამკაცრებულია პატრულირება. სახელმწიფო დაწესებულებებს განსაკუთრებული რეჟიმით იცავენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოკრულია პლაკატები წარწერით: "ჩრდილოეთ კავკასიაში გახშირებული აფეთქებების გამო, გთხოვთ, გამოიჩინოთ მეტი ყურადღება".
ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის აზრით, ტერაქტების ეს სერია არაბი დაქირავებული ტერორისტების ხელწერაა. მან ძალოვანებს მოსთხოვა, მოძებნონ და დააკავონ ძმები - ჰუსეინ და მუსლიმ გაკაევები, რომლებიც, სამართალდამცავთა ინფორმაციით, ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობენ.
მოგვიანებით გაზეთ "ზავტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში კადიროვმა აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში ტერორისტები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან ჩადიან, იარაღს კი მათ საქართველოდან და აზერბაიჯანიდან აწვდიან.
ტერაქტებთან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიებს გამოთქვამენ ჩეჩნეთის რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ხელისუფლება დამნაშავეთა დასჯას მოახერხებს.
ყველაზე მეტად გავრცელებულია ვერსია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მოსალოდნელი აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ მათ თავიდან ასაცილებლად. რესპუბლიკაში მუდმივი დაძაბულობა კრემლს ხელს აძლევს, რომ შემდეგ უფრო თამამად ჩაატაროს საზარელი კონტრ-ტერორისტული ოპერაციები. გროზნოში ბევრი ფიქრობს, რომ სპეცსამსახურები თავად ამზადებენ თვითმკვლელებს.
მეორე ვერსია შურისძიებაა. დადასტურებულია, რომ ზოგიერთი თვითმკვლელი ადრე დაკავებული და სასტიკად ნაწამები ჰყავდათ სამართალდამცავებს. ბევრი ფიქრობს, რომ საკუთარი თავის აფეთქებით ისინი სამართალდამცველებზე შურს იძიებენ. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ბოლო დროს მომხდარი ტერაქტების ძირითადი სამიზნე სწორედ სამართალდამცავები იყვნენ.
არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ჩეჩენი ახალგაზრდების გადაბირებას არაბი ტერორისტები ცდილობენ - არჩევენ ღარიბებსა და ობლებს.
ასეა თუ ისე, მოსახლეობა შიშში ცხოვრობს. კვირა არ გავა, ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი არ აიფეთქოს ყველაზე ხალხმრავალ ადგილას. აფეთქებები ხდება სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, საკონცერტო და თეატრალურ დარბაზებთან. თითქმის ყველა შემთხვევაში ახლომახლო სამართალდამცავები არიან.
21 აგვისტოს გროზნოში ოთხმა ტერორისტმა-თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. დაიღუპა ოთხი მილიციელი, ორი დაიჭრა.
აფეთქებები ხდება ჩეჩნეთის სხვა რაიონებშიც. 25 აგვისტოს სოფელ მესკერ-იურტში თვითმკვლელის აფეთქების შედეგად ოთხი მილიციელი დაიღუპა.
28 აგვისტოს რაიონულ ცენტრ შალიში, კადიროვის ქუჩაზე ორმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი, როდესაც სამართალდამცავებმა მათი დაკავება სცადეს. დაიღუპა სამი მილიციელი და სამი მოქალაქე.
12 სექტემბერს გროზნოს ლენინის რაიონში ახალგაზრდა ქალმა 41-ე სკოლასთან აიფეთქა თავი. დაიღუპა ორი მილიციელი, რამდენიმე ბავშვი დაიჭრა.
გახშირებული ტერაქტების ფონზე, ჩეჩნეთის მოსახლეობას ტერორისტებზე არანაკლებ აფრთხობს სამართალდამცავების საქციელი - ის მეთოდები, რასაც ისინი რესპუბლიკაში წესრიგის დასამყარებლად იყენებენ.
ოთხ შემთხვევაში ტერორისტი-თვითმკვლელები ველოსიპედით მოძრაობდნენ. ახლა ადგილობრივი სამართალდამცავები ყველა ველოსიპედისტს ეჭვით უყურებენ. "მე და ჩემი მეგობარი ველოსიპედით ვსეირნობდით, უცებ გზა გადაგვიღობა ორმა მანქანამ, გვიყვიროდნენ, დაგვყარეს ძირს, გვცემეს, - ჰყვება 19 წლის სტუდენტი ისლამი, - შემდეგ რომ დარწმუნდნენ, ტერორისტები არ ვიყავით, გაგვიშვეს".
"გაჩერებაზე ვიდექი, ხელში იატაკის საღებავებიანი პაკეტები მეკავა. გაჩერდა მანქანა, გადმოცვივდნენ სამხედროები, მიყვიროდნენ, - დადე პარკები და მიწაზე დაეგდეო. ავტომატის ლულით გამიჩხრიკეს პაკეტები, საღებავი დამიღვარეს და ბოდიშიც არ მოუხდიათ, ისე წავიდნენ, - ჰყვება 52 წლის აიმანი ჩუჩუევა, - მადლობა ღმერთს, რომ გამჩხრიკეს და პირდაპირ იარაღი არ დამახალეს. რა გვეშველება, არ ვიცი".
ჩეჩნეთის ტერიტორიაზე თვითმკვლელმა პირველად 2000 წელს აიფეთქა თავი. ეს იყო ახალგაზრდა ჩეჩენი ქალი, ხავა ბარაევა, რომლის ოჯახმა დიდი გასაჭირი გამოიარა ჩეჩნეთის ომის დროს. ხავა მოვსარ ბარაევის ნათესავი იყო, რომელმაც მოგვიანებით მოსკოვში, დუბროვკის თეატრში მძევლები აიყვანა. ხავა ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული "კამაზის" საჭეს მიუჯდა და მაღალი სიჩქარით შეიჭრა რუსული სამხედრო კომენდატურის ტერიტორიაზე.
მაშინ ამ ამბავმა ჩეჩნეთი ააფორიაქა. ყველა ხავაზე ლაპარაკობდა. ვინც ჩეჩენ ხალხს იცნობს, მიხვდება, რომ ჩეჩენი ქალისგან, რომლის ფუნქცია პირველ რიგში დედობაა, იარაღის ხელში აღებას არავინ ელოდა.
ცნობილმა ჩეჩენმა ბარდმა, თიმურ მუცურაევმა ამ ახალგაზრდა ქალზე სიმღერაც კი დაწერა, რომელსაც შემდეგ მთელი ჩეჩნეთი მღეროდა: "მოდის ხავა, რომ დაიცვას მშობლიური მიწა. იქნებ მთელი ერი შაჰიდებად ვიქცეთ?"
"მაშინ სხვა დრო იყო, ამ აფეთქებებს სხვა მიზეზი ჰქონდა. მაშინ ცდილობდნენ, ჩეჩენი ხალხი რუსეთის ხელისუფლების განუკითხაობისგან დაეცვათ. ახლა კი პირიქით, ჩეჩენ ხალხს აფეთქებენ. ჩვენი ადგილობრივი სამართალდამცავებისა და ხალხის წინააღმდეგ, ბავშვების წინააღმდეგ იბრძვიან", - ამბობს პეტიმატ ისაევი, იმ სკოლის დირექტორი, რომლის მახლობლადაც მოხდა აფეთქება.
ჩეჩენი ექსპერტები შიშობენ, რომ მალე ჩეჩნეთს კვლავ გადაუვლის კონტრტერორისტული ოპერაციის ტალღა, როდესაც ადგილობრივი და ფედერალი სამართალდამცავები, მტყუან-მართლის განურჩევლად, ტერორისტებთან ნათესაობისა და მათი მფარველობის ბრალდებით, კლავენ, იტაცებენ, აპატიმრებენ და აწამებენ ადამიანებს.
კომენტარები
sakura (შეუმოწმებელი), იანვარი 20, 2010, 15:29:18
Matt John (შეუმოწმებელი), თებერვალი 15, 2010, 15:59:56
ახალი კომენტარის გამოქვეყნება