პრეზიდენტი ჟურნალისტის წინააღმდეგ
"ლიბერალის" სოხუმელი ავტორი - ანტონ კრივენიუკი ცილისწამების მუხლით გაასამართლეს. მას სასამართლო პრეზიდენტმა ბაღაფშმა მოუგო.
აფხაზეთის პრეზიდენტისა და ჟურნალისტ ანტონ კრივენიუკის სასამართლო პროცესი სერგეი ბაღაფშის სასარგებლოდ დასრულდა.
ჟურნალისტი აფხაზეთის ისტორიაში პირველად გაასამართლეს ცილისწამების მუხლით.
ანტონ კრივენიუკი ჟურნალ "ლიბერალის" ერთ-ერთი ავტორია სოხუმიდან. იგი ასევე რუსულ ინტერნეტ გამოცემა "სეგოდნია.რუ"-სთან თანამშრომლობს.
მოსამართლე დავით ჩაგანავამ გამოიტანა განაჩენი, რომელიც მთლიანად დაემთხვა ბრალდების მოთხოვნებს.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ანტონ კრივენიუკმა ერთ-ერთ სტატიაში ცილი დასწამა სერგეი ბაღაფშს. ჟურნალისტს მიუსაჯეს პირობითი სამი წელი, ორწლიანი გამოსაცდელი ვადით.
კრივენიუკის სამართლებრივმა დევნამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. აფხაზმა და რუსმა კოლეგებმა მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. მის დასაცავად განცხადებებს ავრცელებდნენ ოპოზიციური პარტიებიც.
ანტონ კრივენიუკი ოპოზიციასთან დაახლოებული ჟურნალისტია. იგი ოპოზიციური პარტია "ერას" ლიდერის, ბესლან ბუტბას თანაშემწეა. მანამდე კი პრეზიდენტ ბაღაფშის აპარატში მუშაობდა და ქვეყნის პირველი პირის ოფიციალური საიტის რედაქტორი იყო. აფხაზეთში ხშირია შემთხვევები, როცა ჟურნალისტები შეთავსებით ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან ან სახელისუფლებო სტრუქტურასთან თანამშრომლობენ.
კრივენიუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა 8 ივნისს "სეგოდნია.რუ"-ში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატია სათაურით: "დიდი აფხაზური აფიორა: რკინიგზა - კრედიტი - ღორღი".
"ინერტული მასალების შემოტანაზე ბაჟის შემცირება ეკონომიკურ დივერსიას ჰგავს. ვნახოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ აფიორას: აფხაზეთი 2 მილიარდი რუბლის ოდენობის ვალს მიიღებს. თანაც, ეს ფული გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდება, რადგან კრედიტს იმთავითვე რკინიგზის აღდგენის ყალბი მიზეზით იღებენ... ვიღაცას ძალიან სჭირდება 2 მილიარდი რუბლი და, სანაცვლოდ, მზადაა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიც დაივიწყოს. ეს ფული ძალიან სერიოზულ ზიანს მოუტანს აფხაზეთის ეკონომიკას, ეკოლოგიას და ქვეყნის იმიჯს. სახეზეა აფხაზეთისთვის კოლოსალური ოდენობის თანხის გათეთრების სქემა, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლებაც მონაწილეობს"….. - ეს არის ნაწყვეტი ანტონ კრივენიუკის სკანდალური სტატიიდან.
აფხაზეთის ხელისუფლების მიერ რუსეთთან დადებულ საეჭვო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ხელშეკრულებებზე ანტონ კრივენიუკი ბევრს წერდა "ლიბერალშიც".
ჟურნალისტი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ეს არა სასამართლო, არამედ პოლიტიკური პროცესია, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
მისი თქმით, ბაღაფში განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ სტატია რუსულ პრესაში გამოქვეყნდა.
კრივენიუკი უზენაეს სასამართლოში აპირებს კასაციის შეტანას. "სასამართლოს ჩემთვის ჩემივე სიტყვების უარყოფა არ დაუკისრებია, რაც, ვფიქრობ, ირიბად მიანიშნებს, რომ სტატიაში თქმული სიმართლეა", - ამბობს კრივენიუკი. თუმცა დასძენს, რომ აფხაზურ სასამართლოს არ ენდობა და მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.
სასამართლოზე თავად ბაღაფში არ გამოჩენილა, მაგრამ იყვნენ სხვა მაღალჩინოსნები. მათმა ჩვენებებმა ნაწილობრივ დაადასტურა კრივენიუკის სტატიაში გამოთქმული ეჭვები.
სასამართლოში აფხაზეთის რკინიგზის ხელმძღვანელმა გურამ გუბაზმა განაცხადა, რომ არ ჩატარებულა კვლევა აფხაზეთის რკინიგზის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ. აფხაზმა ეკოლოგმა, რომან დბარმა კი განაცხადა, რომ მთავრობისგან ჯერ არ მიუღია არც ერთი განაცხადი ღორღის მოპოვებაზე. "არადა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ რკინიგზის აღდგენის აუცილებლობა იმითაა გამოწვეული, რომ სოჭში ოლიმპიადისთვის ინერტული მასალები უნდა გაიტანონ, აღებულ კრედიტს კი გადაიხდის არა სახელმწიფო, არამედ კერძო ბიზნესი, რომელიც აფხაზეთიდან ღორღს გაიტანს. განა ეს ავანტიურა არ არის? არ ვიცით, კონკრეტულად რისთვის ვითხოვეთ ამხელა ფული, რის საფასურად, როდის და რით უნდა გადავიხადოთ?" - ამბობს გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგი.
აფხაზურ მედიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. კრივენიუკის საქმე ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია.
აფხაზეთის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორსაც. ხელისუფლებასთან დაახლოებული რამდენიმე პირი ინალ ხაშიგს პოლიტკოვსკაიას და ხოლოდოვის ბედის გაზიარებით დაემუქრა, თუ იგი ხელისუფლების კრიტიკას თავს არ დაანებებდა. საუბარი სოხუმის გარეუბანში, უკაცრიელ პლაჟზე შედგა, სადაც ხაშიგი მანქანით მიიყვანეს.
ასეთივე "სერიოზული საუბარი" ჰქონდათ გაზეთ "ნოვი დენის" რედაქტორთან სერგეი არუთუნოვთან, რომელიც სოხუმის ერთ-ერთ კაფეში ფინჯან ყავაზე დაპატიჟეს.
"ჩეგემსკაია პრავდასა" და "ნუჟნაია გაზეტასთვის" მომსახურების გაწევაზე უარი თქვა უნივერსიტეტის სტამბამ, სადაც ეს გაზეთები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა. ხელისუფლება არ აძლევს ლიცენზიას კერძო ტელეკომპანია "აბაზა ტვ"-ს, რომელიც ოპოზიციონერ ბესლან ბუტბას ეკუთვნის.
ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ, რაც უფრო ახლოვდება აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი, მით უფრო არაკომფორტული გახდება სამუშაო გარემო ჟურნალისტებისთვის.
სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს
და არა "ლიბერალს".

კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება