Skip to content

ავტორიზაცია

თურქეთი როგორც აფხაზეთის კონფლიქტის გასაღები


რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საქართველოსთვის, მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი თურქეთთან ინტეგრაციის სტრატეგიული ამოცანა გამოიკვეთა.
სუვერენული ქვეყნის ოკუპაციამ აშკარა გახადა კავკასიის მიმართ რუსეთის პოლიტიკის მტაცებლური ბუნება, საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების უსუსურობა და რეგიონის ქვეყნებს სრული დაუცველობის განცდა გაუჩინა.
რუსეთის მიერ საქართველოს ორი მხარის აღიარებამ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე, რომლსაც პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებმა საქართველოს მხარდაჭერით უნდა უპასუხონ. 
საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებში აფხაზეთს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ეკავა. აფხაზეთის სივრცეზე საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა იყო და რჩება თურქეთის საგარეო პოლიტიკურ პოზიციად.
საკუთარ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აფხაზური და ქართული დიასპორების გამო, თურქეთს ბუნებრივი ინტერესი ჰქონდა და აქვს, არ შეწყვიტოს ურთიერთობები აფხაზებთან. ქართულმა მხარემ ეს ფაქტორი სათანადოდ ვერ გამოიყენა ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის ხელშესაწყობად. ამავე დროს, თურქეთის პოზიტიური გააქტიურება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული გავლენის ზრდის ერთ-ერთი რეალური საპირწონეა. 
სეპარატისტულ რეგიონებში ჩვენს ინტერესებთან ტრადიციულად თანმხვედრი პოზიცია საფუძველს გვაძლევს, გამოვიჩინოთ პოლიტიკური სითამამე და, ევროკავშირის პროექტების პარალელურად, თურქეთიც ჩავრთოთ აფხაზური საზოგადოების იზოლაციიდან გამოყვანაში.
საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის მტკიცე პოზიციით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, თურქეთს უნდა მივცეთ აფხაზებთან ეტაპობრივი, მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. ამის განხორციელება კი მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით და მასთან შეთანხმებით უნდა იყოს შესაძლებელი.
ასევე, სპეციალური სამმხრივი - ქართულ-აფხაზურ-თურქული მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს საზღვაო მიმოსვლის პირობებზე შეთანხმება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მთავარი ამოცანის მიღწევაში: აფხაზებს, რუსეთის გარდა, ახალი საგარეო ალტერნატივა გაუჩინოს და, ამასთანავე, საფუძველი ჩაეყაროს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენას. მხოლოდ ურთიერთნდობის აღდგენით შეიძლება პოლიტიკური დარეგულირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.
თურქეთის მონაწილეობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაში ჩვენი მხრიდან თანმიმდევრული, შეუქცევადი და რეალისტური სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს, რაც საფუძვლად დაედება ერთიან სახელმწიფოში თანაარსებობაზე გულწრფელი მოლაპარაკებების დაწყებას. დემოკრატიული, ეკონომიკურად ჯანსაღი, ევროპული უსაფრთხოების და კეთილდღეობისკენ მტკიცედ მიმავალი საქართველო ყველაზე მიმზიდველი არჩევანი გახდება ჩვენი ქვეყნის აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის.

კომენტარები

bee (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 12, 2009, 16:42:57

ძალიან საინტერესო მოსაზრებაა და მგონი უკეთესი იქნება, თუ ბატონი ირაკლი მეტს იაქტიურებს ამ თემაზე და მხოლოდ ამ სტატიით ან ვიწრო შეხვედრებით არ შემოიფარგლება. ისე, არა მარტო ამ თემაზე...

valtrex (შეუმოწმებელი), მაისი 9, 2010, 01:15:25

boss oily gogo sear valtrex zoloft mq loss award

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.