თბილისის მერია პარკირების წესებს კიდევ ერთხელ ცვლის.
ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა პარკირების სისტემა, თუმცა, თბილისის მერიამ მაინც ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მერია დიდ რეკლამას უწევდა გამარტივებული და სამართლიანი პარკირების ახალ სისტემას, ამ მექანიზმმა ვერ იმუშავა.
"გვექნება განტვირთული საგზაო მოძრაობა, პარკირების ახალი, თანამედროვე ცივივილიზებული სისტემა", - ამტკიცებდა გიგი უგულავა CT-Park-ის მიერ შემოთავაზებული პირობების ამოქმედების წინ.
ავტომფლობელებისთვის პარკირებასთან დაკავშირებული უსიამოვნო სიურპრიზები ივლისშივე დაიწყო: 5 წუთით დატოვებული მანქანა ქუჩიდან ქრებოდა, გულგახეთქილ მძღოლს იქვე მდგომი "სტაიანშჩიკი" ან გამვლელი თუ ამცნობდა, რომ მისი მანქანა CT-Park-ის ევაკუატორმა წაიყვანა. საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი ავტომობილის დასაბრუნებლად 70 ლარს იქვე თუ არ გადაიხდიდით, მანქანას არავინ გამოგატანდათ, და თან, გადაუხდელობის შემთხვევაში, ეს თანხა ყოველდღიურად 10 ლარით მატულობდა. უკეთეს შემთხვევაში, დგომის წესის დამრღვევ ან პარკირების საფასურის არგადამხდელ მძღოლებს საქარე მინაზე ჯარიმის ბარათები ხვდებოდათ.
ერთხელ მიღებული მწარე გაკვეთილის შემდეგ ყველა დაინტერესდა, სად და როგორ შეიძლებოდა გადაეხადათ პარკირების საფასური. გადასაფხეკი ბარათის ყიდვა რთული აღმოჩნდა. ბარათების გასაყიდ ადგილებად მითითებული "პოპულის" მაღაზიათა ქსელი და მუნიციპალიტეტის მიერ დადგმული საგაზეთო ჯიხურები თბილისში არც ისე ბევრ ადგილასაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, არც ამ დათქმულ ადგილებზე ხვდებოდათ ბარათები მძღოლებს. თუ გაგიმართლებდათ და ბარათს მოიპოვებდით, მთელი რიგი პროცედურები იყო საჭირო: ბარათზე ზუსტად უნდა გადაფხეკილიყო პარკირებისა და მისი დასრულების წელი, თვე, რიცხვი, საათი და წუთი. გადახდის დანარჩენი ორი მეთოდი პრაქტიკულად არც ამოქმედებულა, მობილურით გადახდაც რთული პროცედურა იყო, პარკომეტრები კი ქალაქის ისეთ დატვირთულ სადგომებთანაც კი არ დამონტაჟებულა, როგორიც მაგალითად "დინამოს" სტადიონთანაა. ამ ყველაფერთან ერთად, თბილისელი მძღოლების უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ არანაირი შეღავათი არ არსებობდა სამსახურთან მანქანის მთელი დღით გაჩერების შემთხვევაში.
თბილისელების უკმაყოფილების ზრდასთან ერთად მერიაც იძულებული გახდა, შეცდომები ეღიარებინა.
"ჩვენ არ დაგვაკმაყოფილა იმ გადახდის სისტემამ, რომელსაც CT-Park გვთავაზობდა; ბევრი დრო იხარჯებოდა და გაუგებარი იყო ქართული რეალობისთვის. არც კანონით გათვალისწინებული შეღავათები გაითვალისწინა კომპანიამ. ეს კი მერიისთვის არასასურველია", - მხოლოდ დღეს აცხადებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პარკირების ორგანიზების განყოფილების უფროსი გიორგი მიქაძე
ქალაქის მერის ბოლო განცხადებით, დედაქალაქში ავტომობილის პარკირებისთვის წესი კიდევ ერთხელ უნდა შეიცვალოს. 1 ოქტომბრიდან მძღოლები მხოლოდ წლიურ 25-ლარიან ბარათს შეიძენენ. გიგი უგულავამ ეს განცხადება CT-Park-თან შეუთანხმებლად გააკეთა.
ამ კომპანიას პარკირების მართვის უფლება 15 წლით აქვს გადაცემული. გიორგი მიქაძის თქმით, თუ CT-Park თანახმა იქნება ამ ახალი წესებით გააგრძელოს მუშაობა, კომპანია დარჩება, თუ არა და, მუნიციპალური შპს შეიქმნება.
მერის განცხადების შემდეგ საკრებულომ პარკირების რეგულირების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. არსებული სამი ზონა საერთოდ გაუქმდა და შეიცვალა გადახდის ფორმა - დამტკიცდა, რომ იქნება ერთკვირიანი, ერთთვიანი, კვარტალური და ერთწლიანი პარკირების ბარათები. პარკირების ფასებს მერია განსაზღვრავს.
მერიაში აცხადებენ, რომ თბილისში მოკლე დროით ჩამოსული მძღოლები მხოლოდ 2 ლარს გადაიხდიან მობილურის მეშვეობით ან ბანკში.
პარალელურად, პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა და, სავარაუდოდ, პარკირების ადმინისტრაციული წესების დარღვევის საფასურიც შემცირდება - ყველა შემთხვევაში 10 ლარი გახდება.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება