
"ეხო მოსკვის" 20 წლის იუბილეზე, რომელიც 15 ოქტომბერს, მოსკოვის ცენტრში, ზურაბ წერეთლის "მხატვრის სახლში" აღინიშნა, "ეხოს" უცვლელი მთავარი რედაქტორის ალექსეი ვენედიქტოვის მიწვევით მოვხვდი. წვეულებზე ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რუსი პარლამენტარები, ზუგანოვიდან კოსაჩოვამდე, ექსპერტები კარაგანოვი, პავლოვსკი ერთი მხრივ, იასინი მეორე მხარეს. ჟურნალისტები კომერსანტიდან, "ნიუსუიკიდან", "ნიუ ტაიმიდან", "ოგონიოკიდან", რადიო "სვობოდადან", რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამდე. ყოფილი პრეზიდენტები ინგუშეთის- ზიაზიკოვი და სხვა ავტონომიების, ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები- ელცინის და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვოლოშინი და ყოფილი მინისტრები, ლიბერალურ-დემოკრატიული ოპოზიცია- გარი კასპაროვი და იქვე ნაციონალ- ბოლშევიკი ედუარდ ლიმონოვი, ცნობილი ბიზნესმენები, ხელოვანები, საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერებიც იყვნენ ალაგ-ალაგ, ძირითადად კახა ბენდუქიძის "ფან კლუბიდან" - იულია ლატინინა, ევგენია ალბაცი... მაგრამ არავინ მოქმედი უმაღლესი ხელისუფლებიდან. "ეხო" ერთადერთი, თითქმის თავისუფალი საინფორმაციო საშუალებაა რუსეთში, რომლის ჟურნალისტების სახელები საქართველოში კარგად ცნობილია, მათ პოსტსაბჭოთა ლიბერალიზაციის ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშეს.
"მხატვრის სახლი" ის ადგილია სადაც 2004 წლის თებერვალში პრეზიდენტ სააკაშვილის საპატივცემულოდ უზარმაზარი წვეულება ზურაბ წერეთელმა და რუსეთში იმდროინდელმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ გამართეს და რომელსაც პუტინის გარდა მთელი მაშინდელი რუსული ელიტა ესწრებოდა. მაშინ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი ვიყავი და კარგად მახსოვს საოცარი ენთუზიაზმი, რომლითაც მოსკოვის ქართული საზოგადოება აღნიშნავდა ახალი ხელისუფლების დამეგობრების პროცესს, იყო სადღეგრძელოები, იმედები, მოლოდინები, რომ შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში საფუძვლიანად გამწვავებული ქართულ-რუსული ურთიერთობა ჩიხიდან გამოდიოდა.
იმ წვეულებიდან 5 წელი გავიდა, არაფერი ისტორიის მასშტაბით და ამავე დროს დრო, დატვირთული კატაკლიზმებით, რომელიც შარშან საბოლოოდ პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებით "დაგვირგვინდა".
სად ვართ, საით მივდივართ, რა პერსპექტივა გვაქვს, რა გვინდა დღევანდელი გადასახედიდან ერთმანეთისგან? ამ ტიპის კითხვების გარშემო ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენთან თითებზე ჩამოსათვლელი დისკუსია გამართულა და ამის შესახებ ე.წ.ფართო საზოგადოებას არაფერი გაუგია. სამაგიეროდ ყოველდღიურად ვისმენთ, რომ რუსეთს უზარმაზარი პრობლემები აქვს, რომ ჩრდილო კავკასია სადაცაა კონტროლიდან გამოვა და აფეთქება გარდაუვალია, რომ რუსეთი დღეს არა ხვალ დაიშლება და რომ ეს გადწყვეტილია. რომ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები თავისით დაგვიბრუნდება, "აბა სხვა რა მოხდება" და ასე თვიდან-თვემდე უკვე ერთ წელზე მეტია.
ველაპარაკები "ეხოს" იუბილეზე მოსულ ხალხს და ვხვდები, რომ ისინიც გარკვეული,ოღონდ რა თქმა უნდა რუსული სტერეოტიპების და კლიშეების მიხედვით მსჯელობენ საქართველოზე. მოქმედი ჟურნალისტები მსუბუქი ცნობისმოყვარეობით მისმენენ - ზოგი ახლახანს იყო თბილისში, ზოგი მალე აპირებს და თავიანთ ინფორმაციას ამა თუ იმ თემაზე ჩემთან აზუსტებენ. პოლიტიკოსები უინტერესოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით, რამდენიმე ქართველი კი, რომელიც შემხვდა, ჭირისუფალივით სევდით და უიმედოდ მელაპარაკა.
ჩემი ყველაზე ცუდი მოლოდინი მართლდება, საქართველო აღარ არის რუსული საზოგადოების ინტერესის ობიექტი, არანაირ პრობლემას არ ვუქმნით, ჩვენ მათთვის გუშინდელი თემა ვართ, რომელიც აღარ აღელვებთ. ჰა, ჰა მინერალური წყალი "ბორჯომი" ჯერ ისევ ახსოვთ და ენატრებათ, ისიც უფროს თაობას.
ჩვენ კი გვგონია, რომ რუსეთისთვის კი არა მსოფლიოსთვის საქართველოზე აქტუალური საკითხი არ არსებობს.
სამწუხაროდ, რეალობა ჩვენი "ეგოცენტრისტული" წარმოდგენების საპირისპიროა. და აქ, სააკაშვილი დარჩება თუ მალე "მოშორდება" ბევრს არაფერს ცვლის- "მავრმა გააკეთა თავისი საქმე..."
რამდენადაც მძიმე უნდა იყოს ამის აღიარება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემების მეტნაკლებად ოპერატიულ გადაწყვეტა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამ ქვეყანაზე, რომლის ელიტა, ვისაც ინგლისური სიტყვა "ოფინიონმეიკერები" - "განწყობისშემქმნელები" ზუსტად ახასიათებს, ამ დარბაზში იმყოფებოდნენ და მათი განწყობა მე მგონი ზუსტად გადმოგეცით. სხვათაშორის ომამდე ცოტა ხნით ადრე იგივე ადამიანები ბევრად დიდ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს მიმართ და არამარტო ნეგატიურ კონტექსტში. სწრაფი დაშლის რუსეთს ნამდვილად არაფერი ეტყობა და რომც დაიშალოს ჩვენ როგორ "ვიხეირებთ" -ძააალიან ბუნდოვანია- თითქოს აფხაზები რუსების გასვლისთანავე საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას მოინდომებენ ან ტერორისტული საფრთხე, რომელსაც ჩრდილოკავკასიური დესტაბილიზაცია გამოიწვევს საქართველოს გვერდს აუქცევს.
მე, ამ წუთას, ქართულ-რუსულ დაძაბულობაში ვისი ბრალი მეტია ან რაში მდგომარეობს - არ მაინტერესებს( ზოგადად, რათქმაუნდა, დიდის ანუ რუსეთის ბრალი შეუდარებლად მეტია), ვინ მეტად ზარალობს -ესაა პრობლემა და აქ ჩემი პასუხია- ჩვენ. რატომ?- ამ თემაზე შესაძლებელია ძალინ გრძელი სია მოგაწოდოთ, მაგრამ არც ეს არის ამ მომენტში მთავარი. პირველი რაც უნდა გავიაზროთ ესაა პასუხი კითხვაზე - გვინდა ურთიერთობა რუსეთთან თუ როგორც კახა ბენდუქიძე ამბობს, ჩავთვალოთ, რომ რუსეთის მაგივრად წყლის უდაბნოა და ოკეანე გვესაზღვრება? რომ ამ ოკეანემ შთანთქა მილიონი ჩვენი თანამემამულე, ჩვენი ნათესავ-მეგობრები, უამრავი კარგი და ცუდი რაც ამ ერთობლივმა ორასმა წელმა მოგვცა- წავშალოთ და დავივიწყოთ, როგორც ამას კახა ლომაია ამბობს- ჩვენ რუსეთი აღარასოდეს დაგვჭირდებაო. ილუზიებში ყოფნას, რომ პრობლემა თავისით ან სხვისი ხელით მოგვარდება, თუნდაც მწარე რეალობის გააზრება ჯობია, ახალ სამოქმედო გეგმას ამ რეალობაზე ავაწყობდით.
"ლიბერალს" - იქნებ უახლოეს ნომრებში ამ დისკუსიისთვის დაგვეთმო ადგილი? სტალინის ძეგლის ადგილზე "არანაკლებ" აქტუალური პრობლემაა, არა?
კომენტარები
სტუმარი (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 16, 2009, 16:07:26
გრიგოლ (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 16, 2009, 16:30:29
gafrindauli (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 17, 2009, 01:17:40
Guram Nikolashvili, ოქტომბერი 17, 2009, 09:50:23
alex (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 18, 2009, 22:07:28
Stephen Jobs (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 19, 2009, 17:10:56
ეროსი კიწმარიშვილი, ოქტომბერი 19, 2009, 19:20:39
რუსული თემის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხის " სენსითიურობა" ჩემზე კარგად საქართველოში შეიძლება რამდენიმე სოციოლოგმა იცოდეს, მიუხედავად ამისა, მიუხედავად, პოლიტიკოსის თუ სამოქალქო აქტივისტისათვის, იმიჯური თუ რეიტინგული თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრის არამიმზიდველობისა, ეს თემა, აუცილებლად, მუდმივი დისკუსიის საგანი უნდა იყოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება.
ამიტომ ერთი თხოვნა მექნება-ვიკამათოთ, მშვიდად, ლანძღვის და ბრალდებების გარეშე, მითუმეტეს, ჩემს გარდა, ყველა თქვენგანს შეუძლია ანონიმურობა შეინარჩუნოს და ამით რაიმე უხერხულობა, თავისი აზრის თავისუფლად გამოთქმასთან დაკავშირებით, არ შეექმნას. მსჯელობა, ფაქტები, არგუმენტები, გამოსავალი გზები, ან მათი არ არსებობა- მე მგონი ამ ჟურნალის ვებ გვერდი და მისი ბლოგი "თბილისის ფორუმს" არ უნდა დავამგვანოთ, რაც უნდა იყოს "ლიბერალი" ჰქვია- ფასეულობრივი ვალდებულებაა. :)))
ამ პირობებში მზად ვარ აქტიურად გეურთიერთოთ.
დიდი მადლობა
ეროსი კიწმარიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი, ოქტომბერი 19, 2009, 19:26:05
არამარტო წავიკითხე, არამედ რესპოდენტიც ვიყავი. :))) ასევე 2 დღის წინ დავდე facebookze სადისკუსიოდ. ნახევარ საათში RTVI ზეც შეგიძლიათ იხილოთ, სანამ ეს არხი არ დახურეს საკაბელოზე :)
სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრებს და არგუმენტებს.
სტუმარი (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 21, 2009, 23:34:10
Capitan Mission (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 13:54:49
ახალი კომენტარის გამოქვეყნება