Skip to content

ავტორიზაცია

ევროკავშირის მარცხი საქართველოში


საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში ევროპა უსუსური აღმოჩნდა.
 იუსტინა მელნიკევიჩი
ტალიავინის კომისიის დასკვნის ფონზე ალბათ უპრიანი იქნებოდა, უფრო დეტალურად განგვეხილა, რა გააკეთა თავად ევროკავშირმა საქართველოში კონფლიქტების მოსაგვარებლად. ყველამ კარგად ვიცით, რომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და 2008 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მცდელობის გააქტიურების შემდეგ ვითარების დაძაბვასა და კონფლიქტური რეგიონების გამალებულ მილიტარიზებაში პასუხისმგებლობა რუსეთსაც (სამხრეთ ოსეთთან ერთად) და საქართველოსაც თანაბრად ეკისრებათ. მაგრამ, ყურადღების ღირსია ის უუნარობაც, რომელიც ევროკავშირმა ამ სიტუაციაში გამოიჩინა.
ტალიავინის კომისიის დასკვნაში ეს თემა გაკვრით არის ნახსენები: "ბოლო წლების განმავლობაში ევროპა სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა საქართველოთი. ამ ურთიერთობებს შეიძლება მჭიდრო ვუწოდოთ ეკონომიკური დახმარების თვალსაზრისით; ზომიერად მეგობრული - ქვეყანათაშორისი კავშირების მხრივ; გულისხმიერი, თუმცა ფრთხილი, როცა საქმე სადავო პოლიტიკურ პრობლემებს ეხებოდა... და დისტანცირებული, როცა უსაფრთხოების დელიკატური საკითხები იყო გადასაჭრელი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ 2004 წელს საქართველოში ეუთო-ს მისიის მუშაობაზე მოსკოვის მიერ ვეტოს დადების შემდეგ ევროკავშირმა არ მოისურვა, ეკისრა რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგი".
ამ საგულდაგულოდ აწონ-დაწონილი ფრაზების მიღმა ცხადად ჩანს, რამდენად უსუსური გამოდგა ევროპა საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. 2004 წლის ბოლოს რუსეთმა ვეტო დაადო ეუთო-ს 150-კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფის მისიის გაფართოებას. თბილისმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგი მაშინ ევროკავშირს სთხოვა. 2005 წელს საფრანგეთი (რომელიც 2008 წლის აგვისტოში პირველი გამოვიდა მშვიდობის მაძიებლის როლში) ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან და, ნაწილობრივ, გერმანიასთან ერთად, კატეგორიულად შეეწინააღმდეგა კავკასიის საეჭვო საქმეებში ევროპის ჩარევას. შედეგად, 150 დამკვირვებლის ნაცვლად, საქართველომ მიიღო ევროკავშირის ე.წ. სასაზღვრო მხარდაჭერის საგანგებო წარმომადგენელთა მხოლოდ 3-კაციანი ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით 12 კაცამდე გაიზარდა. ეს იყო უდავოდ ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ევროგაერთიანებამ სამხედრო დაპირისპირების პრევენციის მექანიზმების შექმნისა და კონფლიქტის დარეგულირების საქმეში დაუშვა.
2007-2008 წლების განმავლობაში ევროკავშირი ცდილობდა, გაეძლიერებინა თავისი მისია, რომელიც ორი პოლიციელისა და ორი მესაზღვრისგან შედგებოდა. იდეაში ამ მისიის წევრებს ოსურ და აფხაზურ მხარეებთან პოლიციურ და სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებული დიალოგის საორგანიზაციო საკითხები უნდა მოეგვარებინათ. მაგრამ ეს პროცესი შეაჩერა საბერძნეთისა და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგობამ, რომლებსაც არ სურდათ ამ ნაბიჯით რუსეთის გაღიზიანება. მოგვიანებით კი აგვისტოს ომმა ეს ინიციატივა საერთოდ ჩაშალა.
ამის პარალელურად, 2008 წლამდე ევროპამ 30 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა კონფლიქტის ზონების გარშემო რეგიონების რეკონსტრუქციისთვის, მაგრამ ამ კონფლიქტებთან დაკავშირებული პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. დღეს კი სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის ფულით აღდგენილი სკოლების დიდი უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული. აი, რა ხდება, როცა ცხელ წერტილებში ფულის ჩადება პოლიტიკური სტრატეგიით არაა ზურგგამაგრებული (იმავე პრობლემას - ოღონდ ბევრად უფრო დიდი მასშტაბით - ვაწყდებით ავღანეთსა და ერაყში, სადაც ინფრასტრუქტურის აღდგენას ან ელექტროენერგიის გაყვანას არანაირი აზრი არ აქვს, თუ უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება).
ახლა უკვე ძნელია ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აგვისტოს ომამდე კონფლიქტის ზონების მიდამოებში საერთაშორისო (ვგულისხმობ ევროკავშირის) მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირების საშიშროება მინიმუმამდე შემცირდებოდა. ამის დანახვა შეუძლებელი გახდა მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან. ამავეს ამბობდა მრავალი ადამიანი ომამდეც (მათ შორის, სხვადასხვა ევროპული ორგანიზაციაც).
საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწია, ერთი და იგივე საფასური ორჯერ გადაეხადა. თუკი 2005 წელს მან რუსეთის გაბრაზების შიშით უარი თქვა საქართველოში 150-კაციანი მისიის გაგზავნაზე, 2008 წელს 300 მონიტორი მიავლინა და თითქმის მილიარდი ევრო გადაუხადა საერთაშორისო ფონდს ომის მატერიალური ზარალის აღსადგენად. გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში ცივი ომის შემდეგ არნახული კრიზისი წარმოშვა.
აქედან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა, რომელსაც კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ: კონფლიქტის პრევენცია უფრო იაფი და საშური საქმეა, ვიდრე ომის შედეგების აღმოფხვრა. თავად ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია გვეუბნება, რომ ევროკავშირი "კრიზისის წარმოქმნამდე უნდა იყოს მზად მოქმედებისთვის. კონფლიქტის პრევენცია არასოდეს არის ნაადრევი". უფრო კონკრეტულად კი, შემდეგი გაკვეთილები მივიღეთ:
უმოქმედობა "რუსეთის გაღიზიანების" შიშით გონივრული პოლიტიკა არ არის. კრიზისი ევროპის ისეთ ახლომდებარე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მხოლოდ დაძაბავს ურთიერთობას ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად, რითაც სათანადო ფონს შექმნის რუსეთთან და სხვა აღმოსავლელ პარტნიორებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დასამყარებლად. კონფლიქტების იგნორირება ყველასთვის საზიანოა. კონფლიქტები უნდა ვაკონტროლოთ და თავიდან ავიცილოთ. "უმოქმედობა რუსეთის გაღიზიანების შიშით" კი თავის მართლების სამარცხვინო მიზეზია.
კონფლიქტის პრევენცია საქართველოში უკვე დაგვიანდა. მაგრამ ჯერ კიდევ არის ამის შანსი მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთსა და ყირიმში. ამ ორ უკანასკნელ რეგიონში ომის საფრთხე საკმაოდ მცირეა. ამიტომაც კონფლიქტის სოციალურ-ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით მოგვარება ევროკავშირისთვის უფრო მისაღები სტრატეგია იქნება.
ევროკავშირის მისია საქართველოში კიდევ დიდხანს უნდა დარჩეს. მაგალითისთვის, მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო ძალები კვიპროსზე 35 წელიწადს იდგნენ. სწორედ ეს დრო დასჭირდა ჭრილობების მოშუშებასა და მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გასამართავად საჭირო პირობების შექმნას.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.