Skip to content

ავტორიზაცია

თანადგომის სურვილით

ოქტომბერი 22, 2009 ნინო ბექიშვილი

ისეთი ამბავია,  წესით, ყველამ უნდა იცოდეთ...

ახლა, როცა ლამის მთელი ერი  აღსდგა პარტიარქის დასაცავად  და ილია მეორის შეურაცხყოფის თემამ თვით ენდი გარსიას  ვიზიტიც კი დაჩრდილა, მინდა, თეა თუთბერიძის  გვერდით  დავდგე, რაც ამ შემთხვევაში სიტყვისა და  გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას ნიშნავს.  თეას გაფატრვით ემუქრებიან. მე კი  ვფიქრობ - ამ მუქარის უკან სწორედ ის ხალხია, ვისაც ამ დანაპირების ასრულება არ გაუჭირდება.

ის  პროვოკაცია, რაც თეა თუთბერიძემ მოაწყო, მაინც მისი პირადი ინიციატივა მგონია და აქ შეთქმულების  თეორიას ვერ ვხედავ (თუმცა, ჩემს ირგლივ, ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების დაკვეთით გაკეთდა). ახლა, რაც  მეტი ადამიანი გამოუცხადებს სოლიდარობას თეა თუთბერიძეს, მით უკეთესი. იმიტომ კი არა, რომ  ის ვიდეო კლიპები  უხამსობა არ იყო. არამედ სწორედ იმიტომ, რომ  ამ აქციამ ამდენი ხალხი გააბრაზა. ის, ვინც დინების საწინააღმდეგოდ სიარულს ბედავს, ყოველთვის  იმსახურებს თანადგომასა  და პატივისცემას.

ოღონდ, სანამ ვიდეორგოლებს გამოაქვეყნებდა, თეა თუთბერიძემ საქართველოს  პატრიარქის განცხადებებს ანტისახელმწიფობრივი უწოდა. მისგან განსხვავებით, მე მგონია, რომ პატრიარქსაც, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს,  აქვს უფლება, არ მოსწონდეს საქართველოს პრეზიდენტი და ეს ხმამაღლა თქვას. მით უფრო, პრეზიდენტის კრიტიკა ნამდვილად არ არის ომში დაღუპული და გაუბედურებული ჩვენი თანამოქალაქეების შეურაცხყოფა. მახსოვს, აგვისტოს დღეებში როგორ  შევყურებდი პატრიარქს, როცა ცხინვალში დაღუპული მეომრების ჩამოსასვენებლად იყო შესული. გვამები უპატრონოდ ეყარა,  რუსები უსინდისოდ იტყუებოდნენ,  საკუთარი მკვდრები ფეხებზე დაიკიდეს ქართველებმა და ჩვენ სამადლოდ ვმარხავთო. ომის დღეებში,  გორსა და ნიქოზში დარჩენილი სამღვდელოება კი იქაური მოსახლების ლამის ერთადერთი შემწეები იყვნენ. მაშინ ეკლესიამ ნამდვილად შეასრულა ჰუმანიტარული ფუნქცია.

თეა თუთბერიძემ იმაზეც  ილაპარაკა, რომ ეკლესიაში  აგენტები არიან. თქვენი  არ ვიცი და მე  ამ ფრაზისა  მეშიანია. სადღაც, ბნელ წარსულში  მაბრუნებს. აგენტების თემა, რა თქმა უნდა,  მას   არ მოუგონია. კარგა ხანია  გვესმის და ხშირად, ვიჯერებთ  კიდეც.  ხანდახან ამ აგენტების  გაუვნებელყოფაც ხერხდება, ხანაც - თვითონ კვდებიან. ერთი აგენტი ორი დღის  წინ სამ ტენორთან ერთად  ოპერაში მღეროდა... მოკლედ, ეს ცოდვა მარტო ერთ  ადამიანს არ აწევს კისერზე  - ოფიციალური პროპაგანდა  ჩაგვჩიჩინებს, ირგვლივ აგენტები  არიანო.

ყველას გვაქვს ჩვენი  "პირადი სიწმინდეები", ის, რაც  ჩვენთვის შეიძლება  უძვირფასესი იყოს, მაგრამ  თუ თანამედროვე სახელმწიფოში  ცხოვრება გვინდა,  უნდა  ვიცოდეთ - ხელშეუხებელი  არავინაა ამ ქვეყანაში:  არც პრეზიდენტი და არც  პატრიარქი. საზოგადოებისთვის  "წმინდა" ფასეულობები  თუ გვჭირდება, რომელიც  უკლებლივ ყველამ უნდა  ვაღიაროთ, აგერ ირანი არაა  შორს, -  შეგვიძლია მაგალითი  ავიღოთ.

თეა თუთბერიძემ აღიარა, რომ  მისთვის  "წმინდა" და ხელშეუხებელია  აგვისტოს მოვლნების საქართველოს  ხელისუფლების ოფიციალური ვერსია, და პატრიარქს მისი კრიტიკის უფლება არ ჰქონდა. ამ ვერსიას, სამწუხაროდ, დღეს ცოტა მხარდამჭერი ჰყავს  თანამედროვე მსოფლიოში.  თეას მინდა შევეხსენო: საქართველოშიც, ძალიან ბევრ ადამიანას სჯერა  იმის, რომ სწორი და თანმიმდევრული  პოლიტიკის შემთხვევაში  ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა,  სჯერა - პატრიარქის ქადაგების  გარეშეც.

ვიტყვი  მარტივად: საქართველოს ხელისუფლება  რომ ვარგოდეს, ეკლესიას დღეს ამხელა ძალაუფლება არ ექნებოდა და ისეთი მარტივი საკითხი  მაინც მოგვარდებოდა, როგორიც  კათოლიკური ან სომხური ეკლესიებისთვის იმ ტაძრების დაბრუნებაა,  რომლებიც ისტორიულად მათი საკუთრება იყო. ძალიან უხერხულად  ვგრძნობ ხოლმე თავს ჩემ  კათოლიკე და სომეხ მეგობრებთან  ამის გამო. სულ მეჩვენება, რომ თითქოს, აი, მე ვარ დამნაშავე. ეკლესიაში კორუფციასაც  მოევლებოდა, და აღარც ჩვენი  სტუდენტობა იფიქრებდა, რომ  ერის მთლიანობის მთავარი  გარანტი ეკლესიია.

ყველაზე მეტად მაინც პრეზიდენტის  ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულმა  განცხადებამ გამაკვირვა. უფრო სწორედ, ერთმა ფრაზამ: ნეტავ, რას ნიშნავს სიტყვის  თავისუფლების პრინციპების  ბოროტად გამოყენება, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს? რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს  "არდასაშვებად"?

კომენტარები

სტუმარი (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 14:04:58

მე მგონია რომ ზედმეტი რევერანსების გაკეთების დრო აღარ არის. არაა საჭირო იმაზე მსჯელობა ვის ქონდა აზრის გამოხატვის უფლება და უნდა მოყოლოდა ამას კრიტიკა თუ არა. მთავარი აქ არის ის, რომ ვიღაც არღვევს კანონს და ემუქრება კონკრეტულ ადამიანს. ხელისუფლება ვალდებულია იპოვოს ეს ვიღაც და სამაგალითოდ დასაჯოს, რომ ვიღაცეებს კიდევ არ გაუჩნდეს იგივეს განმეორების სურვილი.

სტუმარი (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 14:17:35

ყველაზე მნიშნველოვანი სწორედ ესაა. დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ყველაზე ოდიოზურების გამოხატვის თავისუფლებაც. ამის შეზღუდვის უფლება არც ერთ ადამიანს აქვს. და ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე მაღლა, სამწუხაროდ ყველაზე აბსტრაქტული და არაზუსტი- მორალი და ზნეობრივი კატეგორიები დგას. რომელიც ყველა ადამიანს თავისი აქვს. მოკლედ, კარგი იყო :)

ანიტა თვაური, ოქტომბერი 22, 2009, 14:46:08

რომელი კანონის დარღვევაზეა საუბარი?

სტუმარი (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 14:52:05

პატივცემულო ნინო, არ სჭირდება თეა თუთბერიძეს თქვენი დაცვა. თავადაც კარგად ახერხებს ამას. :) ”ახლა, რაც მეტი ადამიანი გამოუცხადებს სოლიდარობას თეა თუთბერიძეს, მით უკეთესი” - ეს თქვენი ფრაზაა. და რისთვისაა უკეთესი მასშტაბური სოლიდარობის გამოცხადება? რას გსურთ რომ მიაღწიოთ? ასე იქნება საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცული? ეს დაგვრჩა მისაღწევი, სხვა ყველაფერი მოგვარებულია ჩვენს ქვეყანაში. რა მნიშვნელობა აქვს, კათალიკოს-პატრიარქია, პადრე, აბატი, რაბინი თუ იმამი, მისაღები არც ერთის შეურაცხყოფა არ არის. სიტყვის თავისუფლებაც არ ნიშნავს შეურაცხყოფას.

Tini Nogaideli-Michel (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 14:52:00

აბსოლიტურად ტანახმა ვარ. ნახევრად ვნახე ის კლიპი, იმიტომ რომ საინტერესო სულაც არ იყო. მაგრა ტრაც საინტერესოა ეს არის რომ საზოგადოებასჰი გამცჰნდნენ ადამიანები, ვინც ტკვეს რომ კმარა. დავიტოვოტ რელიგია პირად საკიტხად დაა ნუ ურევს საპატრიარკო პოლიტიკასჰი ხელებს. დგეს ისინი ვინც ასე ტავგამოდებიტ იცავენ ეკლესიის კი არა საპატრიარკოს მხარეს, ჯობს ისტორიასჰი მიბრუნდნენ სადაც ხსჰირად ეკლესიის ხელიტ არცტუ ისე ნატელი საკმეები კეტდებოდა. ასე რომ ცოტა მგონი სიბრმავემდე მიდის ეს ყველაფერი.

გოგონა (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 14:53:17

პატივცემულო ნინო, არ სჭირდება თეა თუთბერიძეს თქვენი დაცვა. თავადაც კარგად ახერხებს ამას. :) ”ახლა, რაც მეტი ადამიანი გამოუცხადებს სოლიდარობას თეა თუთბერიძეს, მით უკეთესი” - ეს თქვენი ფრაზაა. და რისთვისაა უკეთესი მასშტაბური სოლიდარობის გამოცხადება? რას გსურთ რომ მიაღწიოთ? ასე იქნება საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცული? ეს დაგვრჩა მისაღწევი, სხვა ყველაფერი მოგვარებულია ჩვენს ქვეყანაში. რა მნიშვნელობა აქვს, კათალიკოს-პატრიარქია, პადრე, აბატი, რაბინი თუ იმამი, მისაღები არც ერთის შეურაცხყოფა არ არის. სიტყვის თავისუფლებაც არ ნიშნავს შეურაცხყოფას.

სტუმარი (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 15:09:32

ძვირფასო თანადგომის სურვილით გამსჭვალულო ადამიანო, მისასალმებელია იმ მოძმისათვის ასეთი გულანთებულობა, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიდის, თუმცა საზრიანებს ასეთი ბრმა მხარდაჭერის გამოცხადებამდე მართებთ დაფიქრება: რითი ეწინააღმდეგება ადამიანი დინებას, თორემ თუ მხოლოდ დინების საწინააღმდეგო სვლას მივიჩნევთ დასაფასებელ საქმიანობად, მაშინ მიქელანჯელოს პიეტის ნაწილობრივ გამნადგურებელმა რაღა დააშავა ან ბევრმა ასეთმა დინების წინააღმედ მცურავმა სუბიექტმა?! მოდით თეა თუთბერიძესა და ალუდა ქეთელაურს ნუ გავაიგივებთ ერთმანეთთან, არამედ განვასხვავოთ მათი შესაძლებლობები: რა მეთოდებითა და საშუალებებით ეწინააღმდეგებიან ისინი დინებას? ალუდა ქეთელაური - თავისი - ჰუმანურობითა და ადამიანის, თუნდაც მტრის, ღირსების საოცარი განცდით, ხოლო თეა თუთბერიძე - რაღაც ბინძური კამპანიებით და უკბილო ხუმრობებით, თუკი შეიძლება ამას საერთოდ ეწოდოს ხუმრობა. ეს ერთი... კიდევ მაკვირვებს ის, რატომ გრცხვენიათ მეგობარი კათოლიკებისა და სომხების. გერმანელების სინდრომი ხომ არ გჭირთ? თუ კი, იქნება დაგეხმაროთ განკურნებაში და გითხრათ, რომ არაფერია საგანგაშო: ჩვენს ეკლესიას ნამდვილად არ ჩაუდენია იმის მეასედიც კი, რაც კათოლიკურმა ეკლესიამ ჩაიდინა მთელი კაცობრიობის წინაშე და სანამ ძალიან გაწითლდებით სირცხვილისაგან, მოდით ჯერ კარგად გაეცანით ორივე მხარის პოზიციას და გააანალიზეთ იგი. მაშინ აუცილებლად მიხვდებით, რომ ქართულ მხარესაც აქვს სულ მცირე ლოგიკური (თუ არა დამაჯერებელი) მოსაზრებები თავისი პოზიციის დასასაბუთებლად და არა ”მხოლოდ” იმპერიალისტური გამოხტომები, რომელთა მიუხედევადაც რატომაც საქართველოში თანაარსებობს სხვადასხვა რწმენისა და აღმსარებლობის ეკლესია. და ეს, საუკუნეების მანძილზე. ამით დავასრულებ და მინდა გთხოვოთ, რომ სანამ უკვე მზა რეზულტატებზე ვისაუბრებთ, ცოტა პროცესებსაც ჩავუღრმავდეთ. ეს მხოლოდ გაამდიდრებს და გააღრმავებს ჩვენს ”კრუგაზორს” (მაპატიეთ ბარბარიზმისათვის).

სტუმარი (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 15:10:00

თეა თუტბერიდზე "' დინების საწინააგმდეგოთ მიცურავსო''?! სასაცილოა, მე მგონი, ეგ ხო კონფორმისტია?

dito (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 15:11:59

ახლა, როცა ლამის მთელი ერი აღსდგა პარტიარქის დასაცავად და ილია მეორის შეურაცხყოფის თემამ თვით ენდი გარსიას ვიზიტიც კი დაჩრდილა, მინდა, თეა თუთბერიძის გვერდით დავდგე... ამის მერე გამეღიმა და ისე დავასრულე სტატია. მიუხედევად იმისა რომ არის რაღაც მომენტები რაშიც მართლა გეთანხმები, სტატია მთლიანობაში კარგად არ არის გააზრებული ისეა დაწერილი :) პირველივე წინადადება ადასტურებს ამას. რატომ უნდა იყოს ქვეყანაში ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის ვიზიტი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ეკლესიის წინამძღოლის შეურაცხყოფა? :)) ვინ არის, რას წარმოადგენს, რა გაუკეთების ენდი გარსიას რომ რიგითი ქართველისთვის ამ ფაქტზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს? :)) ძალიან მიყვარს როგორც მსახიობი მაგრამ კავშირს ვერ ვხედავ..

sara (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 22, 2009, 15:13:22

არა მგონია, ვინმეს თეა თუთბერიძის გაფატვრა უნდოდეს. რა ხეირი და სარგებელი უნდა ნახოს ადამიანმა ამით ვითომ, როდესაც საღ და ჯანმრთელ თუთბერიძესაც არ მოაქვს ხეირი და სარგებელი საზოგადოებისათვის. და საერთოდ, როდესაც უწმინდესსა და უნეტარესზე თუთბერიძისეული "შედევრი" წავიკითხე, "მონანიებიდან" ერთი გენიალური შეკითხვა გამახსენდა: დოქსოპულო, შენ დედა გყავს? ახლა მე ვეკითხები თუთბერიძეს: ქალბატონო თეა, თქვენ დედა გყავთ??????????????????

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.