Skip to content

ავტორიზაცია

მძაფრსიუჟეტიანი / სათავგადასავლო ფილმი "საქართველო"


ქართულ-ამერიკული კინოპროექტი, სამუშაო სათაურით "საქართველო", კინოთეატრებში მაისში გამოვა.
 მარიკა ქოჩიაშვილი

20 ოქტომბერს პარლამენტის წინ 2008 წლის 12 აგვისტო კიდევ ერთხელ განმეორდა. ყველაფერი თითქოს რეალური იყო, თუმცა პრეზიდენტის როლს ამჯერად უფრო ნიჭიერი მსახიობი, ენდი გარსია ასრულებდა. ამის მიუხედავად, ამ სცენის გადაღებას 4 დუბლი დასჭირდა. Action!- დაიყვირებდა რეჟისორი რენი ჰარლინი და ათასობით ენთუზიასტი ქართველი უზარმაზარი მონდომებით ახდენდა მიტინგის იმიტაციას.

"თქვენ ქმნით ისტორიას, მოდით ერთად შევქმნათ ისტორია!" - ამხნევებდა ჰარლინი რუსთაველზე გამოსულ ხალხს და ათასობით "მომიტინგეც" მხარს  დროშების, პლაკატების ქნევით და "მიშა, მიშა!"-ს ძახილით უბამდა. ამ ყველაფერს აკლდა მხოლოდ გურამ საღარაძე და, შესაბამისად - სარკო! სარკო!

3 კვირაა, საქართველოში - თბილისში, გორსა და წალკაში ყველაზე მასშტაბური კინოგადაღებები მიმდინარეობს. მძაფრსიუჟეტიანი/სათავგადასავლო ფილმი "საქართველო" საზღვარგარეთ მცირებიუჯეტიანი ფილმების რანგში გადის, საქართველოში კი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი იქნება.

თუმცა, ესეც მხოლოდ ვარაუდია, რადგან ოფიციალური ინფორმაცია ფილმის ბიუჯეტის შესახებ არ არსებობს. ბრიტანული გაზეთის "ინდეფენდენთის" მტკიცებით, "საქართველო" 32 მილიონი დოლარი დაჯდება, "რადიო თავისუფლების" ცნობით - 40 მილიონი, კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა ამბობს, რომ სინამდვილეში ფილმის ბიუჯეტი 40 მილიონის ერთი მეოთხედიც კი არ არის. ფილმის პროდიუსერები - დავით იმედაშვილი და პაპუნა დავითაია კი აცხადებენ, რომ გადაღებების დასრულებამდე ბიუჯეტზე ლაპარაკი არასერიოზულია. "ერთადერთი, რაშიც დარწმუნებულები ვართ, ისაა, რომ ფილმი ხარისხიანი იქნება და თუკი, ვთქვათ, გადაღება 5 მილიონი დაჯდება, 80-მილიონიანს დაემსგავსება", - აცხადებს დავით იმედაშვილი.

კულტურის სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობასაც, რომ გადაღებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. "ერთადერთი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ გადაღებების დროს ჩვენი ინფრასტრუქტურით ხელი შევუწყვეთ. მე კი რუსთაველზე ვიდექი და მასობრივ სცენაში ვმონაწილეობდი", - ამბობს ნიკა რურუა.

პროდიუსერების მტკიცებით, ფილმს 5 ამერიკელი და რამდენიმე ქართველი კერძო ინვესტორი აფინანსებს, რომელთა ვინაობაც გასაიდუმლოებულია. ასახელებენ მხოლოდ კომპანია "გოლდინვესტს". თუმცა, ამ კომპანიაზე მონაცემები არც ფინანსთა სამინისტროს სამეწარმეო რეესტრის ბაზაში არსებობს და არც ცნობათა ბიუროში.

დავით იმედაშვილის თქმით, საქართველოზე ფილმის გადაღების იდეა მას და პაპუნა დავითაიას შარშანდელი ომის დროს გაუჩნდათ. ნოემბერში კი ისინი უკვე ამერიკის ფილმის ბაზრობაზე (AFM) შემოქმედებითი ჯგუფის მოსაძებნად გაემგზავრნენ. ფილმის იდეით რამდენიმე კომპანია რომ დაინტერესდა, ამას ასე ხსნიან: ომი ახალი და ცხელი თემა იყო, ფილმის გადაღება საქართველოში რამდენიმე ათეული, შესაძლოა, ასეული მილიონით იაფი დაჯდებოდა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებას უფასოდ ან ფასდაკლებით შეძლებდნენ. საბოლოოდ ქართველმა პროდიუსერებმა Rex Media აირჩიეს, რადგან მას აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ერთად შეარჩიეს მსახიობთა გუნდიც და რეჟისორი, რენი ჰარლინი, რომელიც ფილმების Die Hard  2, Cliffhanger და Deep Blue Sea-ს ავტორია. სცენარი კი ჰოლივუდში მოღვაწე ფინელ სცენარისტს, მიკო ალანეს შეუკვეთეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ფილმს აკეთებს არაქართველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გაჩნდებოდა აზრი, რომ ეს არის მიკერძოებული, ცალსახა სურათი. აკეთებენ უცხოელები, უცხოური სცენარით და უცხოელი მსახიობების მონაწილეობით და იდეაც თავიდან ბოლომდე მათია", - აცხადებს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა. თუმცა, ფილმის პროდიუსერები არიან პარლამენტარი პაპუნა დავითაია და მასშტაბური სამთავრობო ღონისძიებების ავტორი, დავით იმედაშვილი. სცენარის ჩონჩხის ავტორობაც მას ეკუთვნის.

დავითაია ამტკიცებს, რომ შემოქმედებით პროცესში ქართველების ჩართულობის მიუხედავად, ფილმი რუსების მიმართ სიძულვილით არ იქნება აღსავსე. კლიპ "აფხაზეთის" ავტორი ირწმუნება, რომ "საქართველო" რამდენიმე მიზეზის გამო, არ იქნება პროპაგანდისტული და მიკერძოებული. "თუკი კერძო ინვესტიციებით დაფინანსებული ფილმი პროპაგანდისტული იქნება, არ გაიყიდება, შესაბამისად, ეს ინვესტორებს არ აწყობთ. არც რეჟისორს და მსახიობებს სურთ რეპუტაციის შელახვა", - ირწმუნება დავითაია.

"რეჟისორში ძალიან გაგვიმართლა. რენი წარმოშობით ფინელია და თავის ოჯახზე აქვს გამოცდილი რუსული აგრესია. მისი წინაპრები კარელიიდან დევნილები არიან. მათ სახლ-კარსაც იგივე ბედი ეწია, რაც ქართველი დევნილების კარ-მიდამოებს", - აცხადებს პაპუნა დავითაია.

სიუჟეტი საქართველო-რუსეთის ომის ფონზე ვითარდება. თუმცა, პროდიუსერები ამბობენ, რომ ომი ფილმში იქნება მხოლოდ ფონი და ამიტომ უცნობია, გასცემს თუ არა ფილმი ისეთ კითხვას პასუხს, როგორიცაა - ვინ დაიწყო ომი. სამაგიეროდ, "საქართველოში" წამყვანი თემა იქნება ომის ფონზე განვითარებული სასიყვარულო ისტორია. ამერიკელი ომის რეპორტიორი, რომლის როლსაც რუპერტ ფრენდი ასრულებს (ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელშიც მას უთამაშია, "გრძნობა და გონებაა"), ბრიტანელ ოპერატორთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ნახევრად ქართველი და ნახევრად ოსი გოგონას, თათიას როლს ემანუელ შრიკი ითამაშებს. ფილმის მთავარი პერსონაჟი, მისი სახელი და სასიყვარულო ისტორია გამოგონილია, მაგრამ ბევრი სცენა იმ რეალურ ამბებზეა აგებული, რაც უცხოელ ჟურნალისტებს აგვისტოს ომის დროს გადახდათ თავს.

"საქართველოს" გადაღებები ოთხ კვირაში დასრულდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, თუ რამდენად პროპაგანდისტული იქნება ფილმი. ის კი ცხადია, კულტურის სამინისტრო ეცდება, ამ ფილმით დაამტკიცოს, რომ საქართველო ყველაზე იაფი და მიმზიდველი გადასაღები მოედანია.

კომენტარები

ივერი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 09:44:49

?

ივერი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 10:00:33

magari iqneba!!!! მამაცი მიშა. თუ ჭკვიანი მიშა და სულელი ხალხი, რომელსაც მიცვალებული მეომრები დაუმარხავი უყრია ყვავ-ყორნების შესაჭმელად თავად კი ზეიმობს გამარჯვებას. რა უხარაიათ? ალბათ ის რომ საქართვლოს გენოფონდი კიდევ უფრო შემცირდა და მოვლენ ხალხი ილია ჭავჭავაძის ”ქვათა ღაღადიდან” და იცხოვრებენ აქ საქართველოში, თუმც საქართველო სადღა იქნება, მთავრობაც ხომ გვარგადაკეთებული არსებებით არის სავსე. ასრულდება მათი დიდი ხნის ოცნება შეიქმნება დიდი არმენია.

gvelesa (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 14:16:18

martla sainteresoa ra gamova, rusebis mozule rejisoris, reni harlinis filmi!!! tyuilad amtkiceben, rom calmxrivi da mikerzoebuli ar iqneb filmi. da imashic darcmunebuli var, rom xelisuflebis cili fimis dafinansebashi udidesia, tu mtliani ara!!!

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.