პრეზიდენტ სააკაშვილის "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" ჩემთვის რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი. უპირველესი ის არის, რომ პირველად გავიგე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაცხადებული ეკონომიკური პოლიტიკის მოდელის შესახებ. 6 ოქტომბერს პრეზიდენტმა პარლამენტში პირველად განაცხადა ღიად, რომ ქვეყნის ეკონომიკის მოწყობის ლიბერტარიანული ხედვა მისთვის ყველაზე მეტად მისაღებია.
ამ კონტექსტში ილია ჭავჭავაძის ხსენება და საპარლამენტო გზავნილის ამ მოდელით აგება ნათლად მიუთითებს, რომ პრეზიდენტს სურს, ხაზი გაუსვას, რომ ეს მოდელი საქართველოსთვის უფრო თავსებადია და პროგრესული.
ლიბერტარიანელობის მიმართ დამოკიდებულება რომ არაერთგვაროვანია, ამაზე ამთავითვე შევთანხმდეთ და სიღრმისეულ დისკუსიას ნუ მოვყვებით. ამ მოძღვრების ბევრი პუნქტი აკადემიურ თუ პრაქტიკულ ეკონომიკურ წრეებში ისეთივე სადავოა, როგორიც დღევანდელი ქართული ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებები. თუმცა, ამ ხედვის მთავარ ეკონომიკურ მანიფესტად გამოტანა მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში კიდევ ბევრი ცვლილება მოხდება, უამრავი ძალიან რისკიანი და თამამი ექსპერიმენტი განხორციელდება და თანაც, სავარაუდოდ, მოკლე ვადებში. ამიტომაც აბსოლუტურად უსაგნოა სააკაშვილის ინიციატივების ტრადიციული განქიქება და მათ არასისტემურობასა და პოპულისტურობაზე ლაპარაკი. მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რომ "ეკონომიკური თავისუფლების აქტის" უკან ქვეყნის პირველი პირი დგას, რომელსაც ამ ეტაპზე სრულად კონტროლირებადი მთავრობა და გარანტირებული საპარლამენტო უმრავლესობა ჰყავს და ამ ინიციატივათა უმეტესობა უახლოეს ხანებში კანონებად, ანუ ახალი ცხოვრების მოდელად შეუძლია აქციოს.
ერთი რამ ცხადია - პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოთქმული ინიციატივები უსარგებლოდ აქცევს დღეს მოქმედ ბევრ ნორმას, რომლებიც ასეთივე ხმაურით, ეჭვებითა თუ ტაშისკვრით იყო მიღებული.
მაგალითისთვის საბიუჯეტო ინიციატივები ავიღოთ. სააკაშვილის ინიციატივით, კონსტიტუციურად უნდა განისაზღვროს, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იქნება არა უმეტეს 30%-ისა, ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან - არა უმეტეს 3%-ისა, ხოლო სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან - არა უმეტეს 60%-ისა.
ეს სამი თეზა თავდაყირა აყენებს დღეს მოქმედ საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ წესებს. ბიუჯეტის ხარჯები შემოსავლების (არა აქვს მნიშვნელობა, შიდა თუ საგარეო წყაროებიდან) მატების კვალობაზე მუდმივად იზრდებოდა. პრეზიდენტის ინიციატივამ ეს პრაქტიკა არ უნდა დაუშვას. ასევე უნდა გაუქმდეს 2007 წლის ბოლოს შემოღებული ის ნორმა, რომელიც ე.წ. უდეფიციტო ბიუჯეტის ცნებას ამკვიდრებს და ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ამ პრინციპის შესაბამისად გეგმავს. დაბოლოს, საგარეო ვალის 60%-იანი თამასის დადგენა, რაც ამ სფეროში არსებულ მიმდინარე ვალების ქაოტურ ზრდას დასაშვებ ლიმიტს უწესებს.
ეს სამივე ათვლის წერტილი (benchmark) მაასტრიხტის ხელშეკრულების ფუძემდებლური პრინციპების შესატყვისია. სწორედ ეს ზღვრული მონაცემები დაუწესა ნაციონალურ ეკონომიკებს ევროპის კავშირმა. თავისთავად, ცუდი ნამდვილად არ არის, თუ საქართველო ამ პრაქტიკას დაამკვიდრებს (მით უფრო, ევროპასთან ინტეგრაციის ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში), მაგრამ სააკაშვილის "ეკონომიკური თავისუფლების აქტიდან" ჩანს, რომ სტანდარტულ ევროპულ ყალიბში ქართული ეკონომიკის მოქცევა ამჟამინდელი ხელისუფლების არჩევანი ნამდვილად არ არის.
და ეს არა მინიშნებებით, არამედ პირდაპირ არის ნათქვამი. სააკაშვილმა პარლამენტში ღიად განაცხადა, რომ ბევრი ექსპერტის რჩევა, ქვეყანა პოლონური ან ჩეხური მოდელით განავითაროს, არ მიაჩნია ეფექტიანი და წარმატებული წინსვლის გარანტად; მეტიც, პრეზიდენტის გამოსვლა მიუთითებს, რომ ქვეყანა არ აპირებს დანერგოს ის აუცილებელი ნორმები, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის აუცილებელ პირობებად არის დადგენილი, მაგალითად, იგივე რეგულაციებისა და ნებართვების გამკაცრების მიმართულებით. პირიქით, სააკაშვილი დადგენილი ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის გაზრდის აკრძალვის და მარეგულირებელი ორგანოების შექმნის უარყოფის ინიციატივით გამოდის. ეს მარტივ ენაზე ნიშნავს, რომ ქვეყანა, მაგალითად, არ გაამკაცრებს იმავე ფიტოსანიტარულ კონტროლს, რომლის გარეშეც, ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ვერ შედის და არ აღადგენს ანტიმოპოლიურ რეგულირებას, რაც ასევე ევროპელების დაჟინებული მოთხოვნაა.
ეს გეგმები ორგანულად ერწყმის იმ მოდელს, რომელსაც ხელისუფლებაში სულ უფრო ხშირად იმეორებენ და რომლის განხორციელების რეალობაშიც გვარწმუნებენ. მაგალითად, იმავე მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან არაერთხელ გამიგია, რომ ამ ახალი რეფორმებით "საქართველო პოლიტიკურად უფრო მეტად დაუახლოვდება და ეკონომიკურად დასცილდება ევროკავშირს". რამდენად ლოგიკური, დამაჯერებელი და რეალისტურია საკითხის ასე დაყენება, სხვა საუბრის თემაა. თუმცა, ხელისუფლებაში საკითხს ასე რომ აყენებენ და სავსებით სერიოზულადაც, ფაქტია.
თუმცა, ნოვატორობის და ახლებური რეალობების შექმნის სურვილი რომ ძალიან დიდია, აშკარაა. ამაზე გადასახადების გაზრდის ან ახალი გადასახადების დაწესების გადაწყვეტილების მხოლოდ რეფერენდუმის გზით მიღების იდეის შემოტანაც ნათლად მიუთითებს. ეს იდეა მართლაც უნიკალურია და მას ანალოგი მსოფლიოში არ მოეძებნება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაზე საქართველომდე არავის ეფიქროს. შესაბამისად, აქ უფრო მეტად იმ არგუმენტების გაანალიზებაა საჭირო, რომელთა გათვალისწინებითაც სხვა ქვეყნებმა მსგავსი მოდელის შემოღებისგან თავი შეიკავეს. დასათვლელია, რა რისკებს შეიცავს ეს იდეა და ამ ეტაპზე რეფორმატორულად წარმოჩენილი იდეა რეტროგრადულად ხომ არ იქცევა, თუ ქვეყნის ეკონომიკაში (შიდა თუ გარე ფაქტორების გამო) ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება და საგადასახადო კანონმდებლობის სერიოზულ შესწორებას მოითხოვს.
ზოგადად, ლიბერტარიანელობა, რომლითაც გაჟღენთილია სააკაშვილის "ეკონომიკური თავისუფლების აქტი", ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის არაეფექტიანობას და, უფრო მეტიც, დამღუპველობას ქადაგებს. აქედან გამომდინარე, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში ხელის ფათურის გამორიცხვაა. ამ მხრივ, სააკაშვილმა თავის აქტში ერთი საკმაოდ ნათელი მინიშნება გააკეთა. პრეზიდენტი კომერციულ ბანკებში სახელმწიფოს მიერ წილების ფლობის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. და ეს ღია სიგნალია საქართველოს ზრდის ლოკომოტივებისთვის - კომერციული ბანკებისთვის, რომ სახელმწიფო მათ გადარჩენას კაპიტალში შესვლით ან სულაც კომერციული ბანკების შესყიდვით არ აპირებს (ამით, სხვათა შორის, საქართველო ასევე ამბობს უარს ევროპასა და აშშ-ში ფინანსური კრიზისის პერიოდში დამკვიდრებულ მოდელზე).
მაგრამ სხვა მიმართულებებით საქმე ასე ნათლად და მკვეთრად არ დგას. მაგალითად, იგივე "იაფი კრედიტის" პროგრამა, სრულიად არასაბაზრო სახელმწიფო ინსტრუმენტი, კვლავაც ძალაში რჩება; მეტიც, ამ სესხებს უკვე არა კომერციული ბანკები, არამედ ეკონომიკის სამინისტრო გასცემს, რაც აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯია და იმ დროს აბრუნებს უკან, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება სამეურნეო ფუნქციებს ითავსებდა.
იგივე შეიძლება ითქვას ახალ "საბიუჯეტო კოდექსზეც", რომლის მიხედვითაც, აღმასრულებელ ხელისუფლებას, შესაძლოა, მეწარმეებზე და ფიზიკურ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემის უფლება მიეცეს. ეს პროექტი პარლამენტში საგაისო ბიუჯეტის პროექტთან ერთად უკვე შევიდა და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებულ პრინციპს საფუძველშივე ეწინააღმდეგება.
წინააღმდეგობები და შეუსაბამობები სხვაც ბევრია. იმავე პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომელიც, საქვეუწყებო დაწესებულების სახით, ფინანსური პოლიციის აღდგენას ითვალისწინებს, რომელსაც ეყოლება სპეცდანიშნულების რაზმი და მის თანამშრომლებს, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, ექნებათ ფიზიკური იძულებისა და სპეცსაშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება. ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, პირების დაკავებისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო სამსახურს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად შევიდეს ბინებში და ორგანიზაციების შენობებში. ასევე, ამ სამსახურს უფლება ექნება, განახორციელოს შემოწმების პროცედურები დასახლებულ პუნქტებში, მაგისტრალებსა და ტერიტორიულ წყლებზე.
კანონპროექტი კონსპირაციული თანამშრომლების ქსელის შექმნის შესაძლებლობასაც იძლევა. ასე რომ, ბიზნესმენებისთვის ერთ დროს თავზარდამცემი ფინანსური პოლიცია კვლავაც აღდგება. მართალია, ის არა მარეგულირებელი, არამედ მაკონტროლებელია, მაგრამ მისი აღდგენა ლიბერალიზაციის კონტექსტში მაინც რთულად ეწერება.
დაბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი გარემოება. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის გასაჯანსაღებლად რამდენიმე საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახა. 2007 წლის ნოემბრის შემდგომ დაძაბულ პოლიტიკურ რეალობაში გლობალური კონკურენტუნარიანობის პაკეტი იშვა, რომელიც პრემიერ გურგენიძის კაბინეტს საკუთარი ხელმოწერით ჯერ კიდევ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ დაუმტკიცა. მეორე ვადით არჩეული სააკაშვილის პატრონაჟით ეკონომიკის გაჯანსაღების 50-დღიანი და 50-თვიანი პროგრამები უკვე პრემიერ მგალობლიშვილისა და პრემიერ გილაურის კაბინეტებმა მიითვალეს. წელს, ზაფხულში გილაურის კაბინეტმა ეკონომიკის სტიმულირების 6-პუნქტიანი გეგმაც გამოიტანა. ტრადიციულად, ყველა წინა გეგმა-ინიციატივა შემდგომით ისე "გადაიფარა", რომ არც მათი ანალიზი მომხდარა და არც შეჯამება; მეტიც, ყოველმა შემდგომმა წინას მნიშვნელოვანი პრინციპების ტორპედირება მოახდინა. ჟვანია-ნოღაიდელის სამთავრობო კაბინეტების მემარჯვენე იდეები გურგენიძის კაბინეტმა, პოლიტიკური მოტივების გამო, უკიდურესად მარცხნივ "ჩააჩოჩა", მგალობლიშვილის და გილაურის კაბინეტებმა კი ისევ მარჯვნივ დრეიფი დაიწყეს.
დღეს პერსონალური ინიციატივა უკვე პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა აიღო და უკიდურესად მარჯვნივ გაუხვია. თუმცა, ამ კურსს ბევრი წყალქვეშა და ხილული რიფი ხვდება. დაუმატეთ ამას ეკიპაჟის არცთუ უეჭველი კომპეტენცია, პოლიტიკური ტემპერატურა, ომის აჩრდილი, ფულის დეფიციტი, მოახლოებული არჩევნები და დაახლოებით მიიღებთ სასტარტო მოცემულობის იმ ნაზავს, რომელშიც სააკაშვილის "ეკონომიკური თავისუფლების აქტმა" წარმატებით უნდა გაიკვალოს გზა.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება